ბოლონიის პროცესი – მიღწევები და გამოწვევები

[elfsight_social_share_buttons id='1']

ბოლონიის პროცესის მთავარი იდეა – უმაღლესი განათლებისთვის ერთიანი ევროპული სივრცის შექმნაა. ამ იდეის განსახორციელებლად, 1999 წლიდან, ევროპულმა ქვეყნებმა უმაღლესი განათლების ეროვნულ სისტემებში რიგი ცვლილებების ინიცირება დაიწყეს  მათი ერთმანეთთან დაახლოების მიზნით.

საქართველო ბოლონიის პროცესს 2005 წელს შეუერთდა, რის შედეგად უმაღლესი განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა. დღეს, ქართველი სტუდენტები პოსტ-საბჭოთა სისტემისგან რადიკალურად განსხვავებულ, პრო-ევროპულ სისტემაში იღებენ უმაღლეს განათლებას. ეს ფაქტი ეროვნულ საგანმანათლებლო სისტემაში ხარვეზების არსებობას არ გამორიცხავს. თუმცა, პოლიტიკური და სოციალური ტრანსფორმაციების პროცესში მყოფი საქართველოსთვის,  ბოლონიის პროცესი უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცის მომაწესრიგებელი მნიშვნელოვანი “ინსტრუმენტია”.

ბოლონიის პროცესი

პოზიტიური დინამიკა

გაწევრიანებიდან ათი წლის თავზე, საქართველოში მოქმედ რამდენიმე საჯარო და კერძო უნივერსიტეტში არსებული მდგომარეობა  ბოლონიის პროცესის განზომილებების მიხედვით შეფასდა. კვლევა “სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის (CSS)” თანამშრომლებმა,  მარიამ ამაშუკელმა და დიანა ლეჟავამ ჩაატარეს.

კვლევის შედეგების მიხედვით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია უნივერსიტეტების მართვისა და სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სისტემები. ასევე, მეტად განვითარდა სტუდენტთა მხარდამჭერი სერვისები და ბიბლიოთეკები, მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა; მნიშვნელოვნად გაიზარდა სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო მობილობის შესაძლებლობები.

პოზიტიური ცვლილებები აღინიშნება სწავლა-სწავლების ხარისხის მხრივ. ადმინისტრაციული და პროცედურული კუთხით, ხარისხის უზრუნველყოფის შემთხვევაშიც, მიღწევები უფრო მეტად თვალსაჩინოა. მაგალითად,  კანონით განისაზღვრა სახელმწიფო უნივერსიტეტებში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების დანერგვის აუცილებლობა, რომლებსაც ევალებათ სწავლების ხარისხის სისტემატიური შეფასება, ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა მიზანმიმართული ცვლილებების ინიცირებით;

ასევე, შეიქმნა ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც პასუხისმგებელია ავტორიზაციისა და პროგრამული აკრედიტაციის პროცედურებზე.

არსებული გამოწვევები

კვლევაში მონაწილე სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების შეფასებების საფუძველზე გამოვლინდა უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული ისეთი პრობლემები, როგორიც არის:

  • აკადემიური პერსონალი თანამედროვე დარგობრივი ცოდნის დეფიციტს განიცდის;
  • სტუდენტები ლექტორებისგან არ იღებენ სათანადო უკუკავშირს სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად;
  • აუდიტორიული მუშაობა ნაკლებად ითვალისწინებს სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებას;
  • აკადემიური პერსონალის მხრიდან სტუდენტების მიმართ იერარქიული დამოკიდებულება ზღუდავს  ღია და კრიტიკული დისკუსიის განვითარების შესაძლებლობას;
  • სასწავლო სილაბუსები საჭიროებს განახლებას, განსაკუთრებით მაგისტრატურის დონეზე;
  • დეფიციტურია თანამედროვე ქართულენოვანი სასწავლო ლიტერატურა.

კვლევის ფარგლებში რესპონდენტების მიერ აღინიშნა ისიც, რომ ერთი ლექტორი საკმაოდ ბევრ სტუდენტზეა პასუხისმგებელი, რაც სწავლების ხარისხს საერთო ჯამში ზიანს აყენებს. ასევე, სტუდენტების მხრიდან თეორიული და პრაქტიკული სწავლების დაბალანსებასა და აკადემიური პროგრამების (სასწავლო კურსების) თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე დიდი მოთხოვნაა, რაც მჭიდრო კავშირშია კურსდამთავრებულთა დასაქმების უნარსა და შესაძლებლობების ზრდასთან.

მარიამ ამაშუკელი

პასუხი გამოწვევებს

სასურველია რეფორმების გატარება სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების მიმართულებით. სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების ბიუჯეტი, ძირითადად, ვაუჩერულ დაფინანსებაზეა დამოკიდებული, რაც სტუდენტების სახელმწიფო გრანტების რაოდენობითა და მოცულობით განისაზღვრება. ასეთი წინაპირობა უნივერსიტეტებს “წაახალისებს”, რომ მათ არსებულ აკადემიურ/ტექნიკურ რესურსებსა და რეალურ შესაძლებლობებზე თვალი დახუჭონ და რაც შეიძლება მეტი სტუდენტი მიიღონ. ეს გარემოება, ბუნებრივია, საუნივერსიტეტო სწავლების ხარისხზე უარყოფითად აისახება. სახელმწიფო სასწავლო-კვლევითი უნივერსიტეტებისთვის დამატებითი საბაზისო დაფინანსების (ე.წ. ბლოკ-გრანტების) გამოყოფა მათი რესურსების ოპტიმიზაციას და არსებული პრობლემების (მაგ. საჭირო ლიტერატურის თარგმნა) გადაჭრას შეუწყობდა ხელს. გარდა ამისა, უნივერსიტეტების ბაზაზე ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებს (განსაკუთრებით დოქტურანტურის საფეხურზე) განავითარებდა და ხელს შეუწყობდა კვლევის სწავლების პროცესთან ინტეგრაციას.

საბაზისო დაფინანსების სისტემა, შესაძლოა, კონკურენციის პრინციპსაც ითვალისწინებდეს: მისი მოცულობა დამოკიდებული იყოს უნივერსიტეტების აკადემიურ-სამეცნიერო მოღვაწეობის ხარისხსა და შედეგებზე, რაც მათგან კომპეტენციის სამიზნე ნიშნულის მუდმივად აწევასა და „ფორმაში ყოფნას“ მოითხოვს.

მნიშვნელოვანია, რომ შიდასაუნივერსიტეტო ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებმა ეფექტიანი მექანიზმები დანერგონ სწავლება-სწავლის ხარისხის შეფასებისა და მონიტორინგის მიზნით. თუმცა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ შიდასაუნივერსიტეტო პოლიტიკა ორიენტირენული იყოს გამოვლენილ ხარვეზებსა თუ საჭიროებებზე მოახდინოს დროული და შესაბამისი რეაგირება. ასევე, კარგი იქნებოდა, თუ უნივერსიტეტები დამოუკიდებლადაც განახორციელებდნენ სწავლებისა და კვლევის ხარისხის გარე შეფასებას საერთაშორისო სააგენტოების მონაწილეობით. სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი ინიციატივებისთვის ფინანური მხარდაჭერის გაწევა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

საქართველოში არსებული ფორმალური განათლების გაუფასურების პირობებში, უნივერსიტეტებმა აქტიურად უნდა იზრუნონ იმაზე, რომ მათ მიერ შეთავაზებული აკადემიური პროგრამები თანამედროვე ცხოვრების საჭიროებებთან/სტანდარტებთან და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში იყოს. ეს კი აუცილებლად მოითხოვს სტუდენტებისთვის თანამედროვე დარგობრივ ცოდნასთან ერთად „გამჭოლი კომპეტენციების“ (მაგ. კრიტიკული და პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული აზროვნება, არგუმენტირებული მსჯელობა, პროექტული მუშაობა, აკადემიური წერა, რაოდენობრივ/თვისებრივ მონაცემებზე მუშაობა და სხვ.) განვითარებას, რის საფუძველზეც ისინი მუდმივად განახლებად და ინოვაციებით სავსე თანამედროვე გარემოში მეტად კონკურენტუნარიანები იქნებიან.

ავტორი: მარიამ ამაშუკელი

Foster

გაზიარება
[elfsight_social_share_buttons id='1']