თაობა XXI – დასაქმება და მომავლის სამუშაოები

[elfsight_social_share_buttons id='1']

13 მაისს თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტში ფორუმი – „თაობა XXI – მომავალი და პროფესიები“ – ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში მომავლის პროფესიებსა და სამომავლოდ დასაქმების პერსპექტივებზეც ისაუბრეს. ცხადია, რომ ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად ორგანიზაციებიც კვალდაკვალ შეიცვლებიან და ცხოვრების მაღალ ხარისხსაც მივიღებთ, თუმცა ეს პროცესი თუ კარგად არ ვმართეთ, სამომავლოდ შეიძლება არასტაბილური სამუშაო ადგილები შეიქმნას, ხოლო შრომა დასაქმებულებს შორის არათანაბრად გადანაწილდეს.

მეცნიერების აზრით, დროთა განმავლობაში ზოგიერთი პროფესიის წარმომადგენელი, მაგ: მონაცემების შეყვანის სპეციალისტი, ბუღალტერი, ადმინისტრაციული საქმის სპეციალისტი, ფინანსური ანალიტიკოსი, იურისტი და სხვ. ნაკლებად ან საერთოდ აღარ იქნება დამსაქმებლების მხრიდან მოთხოვნადი. აქტუალურობას შეიძენს მონაცემთა ანალიტიკოსი და მეცნიერი, ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების სპეციალისტი, ციფრული ტრანსფორმაციის სპეციალისტი და სხვ.

ამირან შეროზია

ამირან შეროზია, „თიბისის“ ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორი: „თუ გვინდა, წარმოვიდგინოთ, როგორ შეიცვლება სამუშაო გარემო მომავალში, უნდა ავიღოთ ყველა ადამიანი, დაკავშირებული ერთმანეთთან მობილური ინტერნეტით, ასევე, გამოთვლითი სიმძლავრეები ქლაუდის სახით, უზარმაზარი მოცულობის ინფორმაცია სოციალურ ქსელებში და ეს ყველაფერი გავამრავლოთ იმ ცვლილებებზე, რაც სამომავლოდ მოხდება. ეს ცვლილებებია, მაგალითად: ხელოვნური ინტელექტის დამკვიდრება, სამგანზომილებიანი პრინტერის აქტიურად გამოყენება, ნანოტექნოლოგიებისა და ბიოლოგიის განვითარება და ა.შ.“.

ბერიკა თავაძე

ბერიკა თავაძე, ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტი: „მომავალი მოითხოვს ტექნოლოგიების ჩართულობას ბიზნესსექტორში. ჩემი თაობისთვის ტექნიკა უცხო არ არის – ჩვენ, ფაქტობრივად, მაშინ დავიბადეთ, როცა ტექნოლოგიური განვითარება აქტიურად დაიწყო. მნიშვნელოვანია, რომ კრიტიკულად ვიაზროვნოთ, ცოდნის მიღება ადვილად შევძლოთ და სხვადასხვა სიტუაციასთან ადაპტაცია არ გაგვიჭირდეს. ეს უნარები დასაქმებაში დაგვეხმარება“.

საქართველოს ბიზნესსექტორში ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტებზე მაღალი მოთხოვნაა. ასევე, გაჩნდა ახალი პროფესიებიც, როგორიც არის: მონაცემთა ინჟინერი, მონაცემთა მეცნიერი და ბიზნესთარჯიმანი. ისინი დამსაქმებელი ორგანიზაციის ხელთ არსებული მონაცემების დახმარებით ადამიანის ქცევას შეისწავლიან და, შესაბამისად, მომხმარებელზე უკეთესად მორგებულ სერვისებს ქმნიან.

ავტორი: ირაკლი შალამბერიძე

გაზიარება
[elfsight_social_share_buttons id='1']