დავით პაპიაშვილი: „წარმატებული ფინანსისტები ისინი არიან, ვინც ციფრებთან თავს კომფორტულად გრძნობენ“

[elfsight_social_share_buttons id='1']

დავით პაპიაშვილი საერთაშორისო ქსელური აუდიტორული კომპანიის – Kreston Papiashvili (Kreston International) მმართველი პარტნიორი (გადასახადებისა და აუდიტის მიმართულებით) გახლავთ. ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლის დასრულების (მაგისტრის ხარისხით) შემდეგ, საგადასახადო აუდიტისა და ფინანსური აღრიცხვის სფეროში მუშაობდა. 2004-2008 წლებში, საქმიანობა შემოსავლების სამსახურში დაიწყო, სადაც სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. მაშინ სისტემის რესტრუქტურიზაცია და საგადასახადო კულტურის ჩამოყალიბება ხდებოდა. დავითმა პროფესიული გამოცდილება სწორედ იმ პერიოდში დააგროვა. 2006 წლიდან ლექციებს კითხულობს. 3000-ზე მეტი მოხელე გადაამზადა, რომელთა უმეტესი ნაწილი დასაქმებულია.

დავით პაპიაშვილი

გამოცდილების შეძენა

– ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში მაღალანაზღაურებადი სამსახურის მოძიება, ადეკვატური ცოდნისა და გამოცდილების გარეშე, თითქმის წარმოუდგენელია. შემდგარი პროფესიონალი უნდა იყო და საზოგადოებაში კარგი რეპუტაციით სარგებლობდე. დასაწყისისთვის, გამოცდილების მიღების მიზნით, კერძო კომპანიაში ან სახელმწიფო სამსახურში მუშაობის დაწყება (სტაჟირება), ალბათ, განვითარების საუკეთესო გზაა. 3-5 წელიწადში დაგროვებული პრაქტიკული ცოდნა შესაძლებლობას გაძლევს, რომ ორგანიზაციების უმრავლესობისთვის სასურველ კადრად ჩამოყალიბდე.

უნარები

– წარმატებული ბუღალტრები თუ აუდიტორები ისინი არიან, ვინც ციფრებთან თავს კომფორტულად გრძნობენ და დიდი ინფორმაციის გაგებას-გადამუშავებას ახერხებენ. ამ პროფესიების დაუფლებას პრობლემების მიმართ სკრუპულოზური მიდგომა, ანალიტიკური აზროვნება და ხშირად საწარმოო პროცესებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულებაც სჭირდება. გადაწყვეტილებები მხოლოდ დეტალური ანალიზის შემდეგ უნდა მივიღოთ. საუნივერსიტეტო განათლების მქონე ბუღალტრებისა და აუდიტორების გარდა, ამ პროფესიებში ტექნიკური განათლების  მქონე პირები (ეკონომისტები, ფიზიკოსები, მათემატიკოსები, ქიმიკოსები და ა.შ.), შესაბამისი გადამზადების შემდეგ, ასევე, ძალიან მაღალ შედეგს აჩვენებენ.

კონკურენცია

– უნივერსიტეტში განათლების მიღების შემდეგ, სერტიფიცირებულ ბუღალტრად აღიარებისთვის, კანონმდებლობის მიხედვით, აუცილებელია შესაბამისი სასერტიფიკატო პროგრამის (მაგალითად – ACCA და სხვ.) გავლა, ხოლო აუდიტორის სერტიფიცირებისთვის – ფინანსური აუდიტის სფეროში გამოცდილების დაგროვებაც (კანონით 3-წლიანი სტაჟის ვალდებულება არსებობს). სერტიფიცირების  პროგრამის კურსზე სწავლა შესაძლოა 3-5 წელი გაგრძელდეს. საქართველოს კანონმდებლობით, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ კანონი და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები მოქმედებს, სადაც სერტიფიცირებული ბუღალტრების მიმართ, ზემოთაღნიშნულ და სხვა მოთხოვნებზეა საუბარი, თუმცა ბუღალტრების უმრავლესობა სერტიფიცირების გარეშეც მუშაობს (სამომავლოდ, მოსალოდნელია მოთხოვნების გამკაცრება). ამიტომ სასურველია, ახალგაზრდებმა სერტიფიცირება დროულად გაიარონ. მსხვილი და საშუალო კომპანიების უმრავლესობა, კადრების დაქირავებისას, სერტიფიცირებულ პირებს უპირატესობას ანიჭებენ.

მუშაობის დაწყება

– დასაქმების და განვითარების შანსი საერთაშორისო (Delloit, Ernst & Young, PricewaterhouseCoopers, KPMG, BDO, RSM, Kreston და სხვ.), ლოკალურ აუდიტორულ კომპანიებში ან სახელმწიფო დაწესებულებებშია (სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური) შესაძლებელი. მათ შორის ნებისმიერში მუშაობის დაწყება ერთგვარი წარმატებაა. იმ კომპანიებს, სადაც საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი მოთხოვნებით ხელმძღვანელობენ, თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე პასუხისმგებლობა აკისრიათ. თანამშრომლებს სერტიფიცირების პროგრამის საფასურსაც უფინანსებენ. კადრების შერჩევისას კომპანიები კანდიდატებს ე.წ. ტესტირებას უტარებენ, რის შემდეგაც, უმეტეს შემთხვევაში, შერჩეულ თანამშრომელთან ხელშეკრულებას გამოსაცდელი ვადით აფორმებენ. მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის შეთანხმება, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, მუშაობის პირობების და ხანგრძლივი ვადით ხელშეკრულების გაფორმების (ე წ. შტატში ჩასმის) შესახებ წინასწარ მოხდეს. სამწუხაროდ, კერძო თუ სახელმწიფო სამსახურებში სტაჟიორად აყვანილი კანდიდატების შრომის უსამართლო ექსპლუატაცია ხშირად ხდება.

კრესტონი

სტრესი და პასუხისმგებლობა

– ბუღალტრების და აუდიტორების შრომის შედეგად მიღებულ პროდუქტებს (ფინანსური ანგარიშგება, აუდიტორული დასკვნა და ა.შ.) დაინტერესებული მომხმარებლები ჰყავს (ინვესტორი, სახელმწიფო სტრუქტურები, კომპანიის მენეჯმენტი…), რომლებიც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს (მაგალითად – ფულის დაბანდების შესახებ) ზემოთაღნიშნული პროდუქტების ანალიზის საფუძველზე იღებენ. ბუღალტრის მოვალეობას შემოსავლების სამსახურში საგადასახადო დეკლარაციების წარდგენაც განეკუთვნება. მუშაობის პროცესში დაშვებული შეცდომა შეიძლება, საბედისწერო აღმოჩნდეს. ხშირად არანორმირებული გრაფიკით მუშაობა გვიწევს, რაც საქართველოს მსხვილ კომპანიებში, სამწუხაროდ, უკვე ნორმად არის მიჩნეული. ამიტომ ბუღალტრისა და აუდიტორის პროფესია ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადია. თუ ბუღალტერი ან აუდიტორი თავისი საქმის პროფესიონალია და საქმეს პასუხისმგებლობით ეკიდება, შეცდომის ალბათობის მინიმუმამდე შემცირებას მოახერხებს, თუმცა ამის მიღწევა სტრესის და ბევრი შრომის შედეგად ხდება.

რჩევა

– სტუდენტები სამსახურის ძებნას უმეტესად სწავლის დასრულების შემდეგ ცდილობენ, ხოლო  წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ცოდნის გაღრმავებაზე ფიქრს იწყებენ, რის შედეგადაც მათთვის ყველაზე ძვირფას დროს კარგავენ. ამიტომ სტუდენტებს სამსახურზე ფიქრის დაწყებას და სერტიფიცირების პროგრამის გავლას საუნივერსიტეტო განათლების პროცესში, მე-3 კურსიდან ვურჩევ.

ავტორი: ირაკლი შალამბერიძე

Foster

გაზიარება
[elfsight_social_share_buttons id='1']