ნინო მარგველაშვილი – როგორ შევქმნათ ეფექტიანი სასწავლო გარემო

[elfsight_social_share_buttons id='1']

ნებისმიერი რამის დასწავლისას საჭიროა კოგნიტური (შემეცნებითი) უნარების გამოყენება. ეს უნარებია: ყურადღება, აღქმა, მეხსიერება, აზროვნება, დაგეგმვა და ა.შ.

ნეიროფსიქოლოგი – ნინო მარგველაშვილი განმარტავს, თუ რა არის მნიშვნელოვანი ეფექტიანი სასწავლო გარემოს შესაქმნელად.

სკოლა

სწავლის პროცესში წამოჭრილი პრობლემები

ყველაზე ხშირად კოგნიტურ სფეროში ბავშვები და მოზარდები შემდეგ სირთულეებს აწყდებიან:

  • ყურადღებიანობა (უჭირთ აქტიური ყურადღების გამოვლენა)
  • ყურადღების გადანაცვლება
  • სურვილების დაკმაყოფილების გადავადება
  • აზრების თანმიმდევრულად დალაგება
  • აზრების გაერთიანება
  • შეცდომებზე სწავლა
  • მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარება
  • აბსტრაქტული აზროვნება
  • სირთულეები კითხვის და  წერის პროცესში
  • მათემატიკური ოპერაციების გაგების სირთულე

სკოლის ადმინისტრაციის რეაქცია აღნიშნულ პრობლემებზე

პირველ რიგში, სკოლის ადმინისტრაცია უნდა აცნობიერებდეს, რომ დღევანდელ გადატვირთულ და სტრესულ პირობებში, იმ მოსწავლეების რაოდენობა იზრდება, რომლებსაც სწავლაში სირთულეები აქვთ. სკოლა უნდა დაეხმაროს მოსწავლეს, რომ უფრო მომზადებული შეხვდეს გამოწვევებს.

სკოლის ადმინისტრაცია უნდა სვამდეს შემდეგი ტიპის შეკითხვებს:

  • რის გამო აქვს ბავშვს პრობლემა?
  • რა მიზეზები იმალება ამ ქცევის მიღმა?
  • რა უშლის ხელს უკეთესი სწავლების პროცესს?

ასეთი ხედვით სკოლა ინაწილებს პასუხისმგებლობას მასწავლებლებთან  და მშობლებთან ერთად, რაც ბავშვის ჯანსაღ განვითარებას უწყობს ხელს.

სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების დასაძლევად აუცილებელია, რომ სკოლის ადმინისტრაციამ საკუთარი თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე იზრუნოს. არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ინკლუზიური განათლების, ქცევის მართვისა და სხვა საკითხების შესახებ ტრენინგებს უფასოდ სთავაზობენ.

მშობლების მხრიდან პრობლემების იდენტიფიცირება

მშობლის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. მათ უნდა გააძლიერონ თავიანთი ინტუიცია და დამკვირვებლობა, რადგან კოგნიტურ უნარებში სირთულეები აკადემიურ სფეროში წარმატებას აფერხებს.

  • დააკვირდით, რამდენად თავისუფლად შეუძლია ბავშვს სხვადასხვა ტიპის (შინაგანი თუ გარეგანი) ინფორმაციის შეგრძნებებით აღქმა და გადამუშავება?
  • შეუძლია თუ არა ბავშვს, განასხვავოს ერთმანეთისგან სხვადასხვა ხმა?
  • ხედავს თუ არა ის განსხვავებას ფორმებს შორის?
  • გრძნობს  სხვადასხვა გემოსა და სუნს?
  • შეუძლია თუ არა განასხვავოს საგნის სხვადასხვა ფორმა შეხებით?
  • აღიქვამს წონას, სიმაღლეს თუ ტექსტურას?

ამ ბაზისური შეგრძნებების გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია დააკვირდეთ, შეუძლია თუ არა ბავშვს გითხრათ,  რა ხდება მის სხეულში:

  • რა პოზაშია მისი ტანი, თავი, კიდურები, ხელები და ფეხები?
  • შეუძლია თუ არა სხეულის კოორდინაცია და ბალანსი?
  • ხვდება თუ არა ტემპერატურის ცვლილებებს სხეულზე, კანზე?
  • აქვს თუ არა დროის ინტუიტური  შეგრძნება?

კოგნიტურ სფეროში თითოეული ბავშვის ინდივიდუალური ძლიერი და სუსტი მხარეების გასაგებად, მეტი  სიცხადისთვის, მიზნების დასახვისა და დახმარების კონკრეტული გეგმის არსებობისთვის, რეკომენდებულია ოჯახმა მიმართოს ნეიროფსიქოლოგს.

მასწავლებლის ქმედება

რაც უფრო დაძაბულია ბავშვი, მით უფრო მწვავდება და მკაფიოდ გამოიხატება მისი „სისუსტეები”. ამიტომ მასწავლებლის უპირველესი ფუნქციაა, ბავშვს კლასში უსაფრთხო გარემო შეუქმნას. საჯარო სკოლების კლასებში საკმაოდ ბევრი ბავშვია, მასწავლებელი კი – ერთი. მშვიდი და სწავლის წამახალისებელი გარემოს შესაქმნელად აუცილებელია ბავშვებისა და მასწავლებლის მიერ ერთობლივად შედგენილი წესების დაცვა. წესები ურთიერთპატივისცემასა და  გუნდურობის პრინციპებზე უნდა იყოს დამყარებული. მასწავლებელმა ბავშვებს უნდა აგრძნობინოს, რომ მისთვის მისაღებია, მოსწავლეებმა ინფორმაციის დასწავლისას განსხვავებული გზები და სტრატეგიები გამოიყენონ. მან მკაფიოდ უნდა განმარტოს, რომ კლასში მთავარია სიღრმისეული ცოდნის მიღება, სხვადასხვა თემის გააზრება, ხოლო შესრულების სისწრაფე და სწორი პასუხები კი მეორეხარისხოვანია. 

მასწავლებელი ბავშვებს დამხმარე საშუალებების გამოყენებისკენ უბიძგებს და მათ თვითრეგულაციაშიც ეხმარება. მაგალითად, დაწყებით კლასებში რეკომენდებულია  ხელით შესახები ფიგურული ასოების ან გეომეტრიული ფორმების გამოყენება, ზედა კლასებში კი – კალკულატორის, კომპიუტერის და აუდიოწიგნების. ნებისმიერი ასაკის მოსწავლემ უნდა იცოდეს, თუ როგორ მიაღწიოს სიმშვიდის მდგომარეობას, როგორ მოიკრიბოს ყურადღება და მოახერხოს კონცენტრაცია სხვადასხვა აქტივობის დროს. ამისათვის მოსწავლეებს გაკვეთილის სხვადასხვა მონაკვეთში სხეულის გამოძრავება, ადგილმდებარეობის შეცვლა, ხმაურისგან გარიდებაც კი შეიძლება დასჭირდეთ.

კოგნიტური უნარების განვითარება-გაუმჯობესება

კოგნიტური უნარების გასავითარებლად და გასაძლიერებლად აუცილებელია რეგულარულად ჯანსაღი საკვების მიღება, ხარისხიანი ძილი, და ფიზიკური აქტივობა. ეს ყოველივე სხეულში ენერგიის მატებას იწვევს. კოგნიტური უნარების ფუნქციონირებაზე უდიდეს გავლენას ახდენს  ბავშვის თვითრწმენა. მას უნდა სჯეროდეს, რომ წარმატებისთვის მნიშვნელოვანია ძალისხმევა და გამოცდილება და არა – თანდაყოლილი უნარები. 

გამოვყოფდი რამდენიმე თამაშს, რომლებიც სხვადასხვა უნარს ავითარებს. ამ აქტივობებისთვის არ დაგჭირდებათ რაიმეს შეძენა:

ვიზუალური მეხსიერების გასავარჯიშებლად ეფექტურია რამდენიმე წამის შემდეგ ბავშვმა შეძლოს მაგიდაზე დალაგებული ნივთების თვალდახუჭულად გახსენება;

სმენითი მეხსიერების  გავარჯიშებისთვის ეფექტურია მოსმენილი სიტყვების გამეორება ან 3-4-წინადადებიანი ტექსტიდან სხვადასხვა ფაქტის გახსენება;

მუშა მეხსიერებისთვის  კარგია ბავშვმა წარმოსახვა და ვიზუალიზაცია გაივარჯიშოს – გონებაში შექმნას იმის სურათი, რაც მოისმინა ან წაიკითხა;

იზუალურ-სივრცითი   უნარების გასავითარებლად კარგია ორ მსგავს სურათს შორის განსხვავების მოძიება, სივრცეში არსებული ნივთების მარჯვენა-მარცხენას, რიგში პირველისა და ბოლოს გარჩევა;

ენობრივი უნარების გასავითარებლად საჭიროა სურათების დახასიათება, სხვადასხვა სურათიანი ლოტოს თამაში და წიგნის კითხვა;

ყურადღების გასავარჯიშებლად კარგია, როდესაც შემთხვევით შერჩეული სიტყვების ჩამონათვალში ბავშვი სმენით გამოარჩევს ისეთ სიტყვებს, რომლებიც რომელიმე კონკრეტულ ბგერაზე იწყება.  

სკოლა

ეფექტური და სასიამოვნო სასწავლო პროცესი

სასკოლო განათლების სისტემა უნდა ეყრდნობოდეს უახლეს კვლევებს, სადაც მთავარი აქცენტები საგნების თუ მოვლენების სიღრმისეულ გაგებაზე კეთდება. ნებისმიერი საგნის მასწავლებელი ღია ტიპის  შეკითხვების დასმას უნდა ცდილობდეს, მთავარი ამოცანა ბავშვების აზროვნების პროცესის განვითარება უნდა იყოს. დიდი დრო უნდა ეთმობოდეს ისეთ აქტივობებს, სადაც ბავშვი საკუთარ შეგრძნებებს, ემოციებსა და ფიქრებს აქცევს ყურადღებას, თუ რა ისწავლა, რა გავლენა მოახდინა ამ ცოდნამ თუ გამოცდილებამ მასზე, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი, რა მიზანი აქვს მას და რა გზებით არის შესაძლებელი ამ მიზნის მიღწევა.

მოსწავლის ძლიერი კოგნიტური უნარები მხოლოდ იმ შემთხვევაშია მაღალი აკადემიური მოსწრების საწინდარი, თუ ბავშვი თავს არსებულ გარემოში უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობს და მისი რწმენა ინტელექტის შესახებ ზრდაზეა ორიენტირებულია და არა – ფიქსირებული. მოსწავლის სრული ბედნიერების შეგრძნებისთვის, ძლიერი თვითშეფასებისა და თვითაქტუალიზაციისთვის აუცილებელია კლასში მეგობრების ყოლა, ემოციების და სხეულის რეგულაციის შესაძლებლობა, შემოქმედებით აქტივობებში და ჯგუფურ სამუშაოებში აქტიური მონაწილეობა.

ავტორი: ნინო მარგველაშვილი

Foster

გაზიარება
[elfsight_social_share_buttons id='1']