ელენე ჯაფარიძე: „პაციენტს ფსიქოლოგი ეხმარება, რომ საკუთარ უნარებში გაერკვეს“

[elfsight_social_share_buttons id='1']

ელენე ჯაფარიძემ ფსიქოლოგიის შესწავლა ადრეულ ასაკში გადაწყვიტა. ბევრს კითხულობდა. სხვადასხვა წიგნის გმირების თუ რეალური ადამიანების ფსიქიკურ და ქცევით თავისებურებებზე დაკვირვება უყვარდა. პროფესიის არჩევა იმ დროს მოუწია, როცა ინტერნეტი ისეთი ხელმისაწვდომი არ იყო, როგორც – დღეს. ამიტომ სფეროს შესახებ ინფორმაციას წიგნებიდან და უკვე შემდგარი სპეციალისტებისგან იგებდა.

პირველ სამსახურში მუშაობა ინტერვიუერად დაიწყო, სადაც მხოლოდ მონაცემთა შეგროვება ევალებოდა. ყოველ ინტერვიუში ერთ ლარს უხდიდნენ. იმ დროს ჩატარებული 100 ინტერვიუ მისთვის შეუფასებელი გამოცდილების მომტანი იყო. შემდეგ, მაგისტრატურაზე ჩააბარა და წამალდამოკიდებულების პრობლემატიკაზე მუშაობა დაიწყო. მაგისტრატურაზე სწავლის დროს, კვლევით ორგანიზაციაში სტაჟიორად აიყვანეს (ხელფასი 300$ ჰქონდა). სწავლის პერიოდში საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა. ბოლოს სადოქტორო ხარისხიც დაიცვა. სწავლის დროს და შემდეგ, არაერთ პროექტში მონაწილეობდა (თბილისში წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვებთან და მოზარდებთან არტ-თერაპიის პროგრამა განახორციელა, რომელსაც თვითონ ხელმძღვანელობდა). იმისთვის, რომ ფსიქოთერაპევტის უნარებს სრულყოფილად დაუფლებოდა, 2016 წელს სწავლა თბილისის გეშტალტ ინსტიტუტში დაიწყო, სადაც თეორიულ და პრაქტიკულ განათლებას დღემდე იღრმავებს.

ელენე ჯაფარიძე

განათლების სისტემა

– ბაკალავრიატი კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებას ავითარებს. მაგისტრატურის დაწყებამდე, სტუდენტს წარმოდგენა ექმნება, პროფესიაში რა მიმართულებას აირჩევს (სოციალური ფსიქოლოგია, შრომის და ორგანიზაციის ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია, ნეიროფსიქოლოგია და სხვ.). ბოლო დროს უნივერსიტეტში პრაქტიკული უნარების განვითარებას უფრო მეტი ყურადღება ეთმობა, ვიდრე ეს ჩემი სტუდენტობის პერიოდში ხდებოდა: სხვადასხვა კვლევა ტარდება (რომლის საშუალებითაც სტუდენტი ინტერვიუს ტექნიკას ეუფლები, თვისებრივ და რაოდენობრივ კვლევებს შორის განსხვავებას სწავლობ, მონაცემებს აგროვებ. ასევე, სწავლობ ანალიზს, სტატისტიკური პროგრამის გამოყენებას, კვლევის დამუშავებას და ა. შ.). სწავლის პროცესში პროფესიისთვის აუცილებელ უნარებს იძენ.

თერაპია

– ფსიქოთერაპევტს, პირველ რიგში, ადამიანები უნდა აინტერესებდეს და მათთან ურთიერთობა უყვარდეს. აგრეთვე, ემპათიის, მოსმენის, კრიტიკული აზროვნების და მოთმენის უნარი ჰქონდეს. ფსიქოთერაპიაში წინასწარ მომზადებული სქემა არ არსებობს. პაციენტები ერთმანეთისგან განსხვავდებიან და ინდივიდუალური მიდგომა სჭირდებათ. პრობლემებისთვის თავის არიდება გამოსავალი არ არის. ადამიანი ჯერ გონებრივად და ემოციურად უნდა გაძლიერდეს, შემდეგ კი გარემოს შეცვლას თუ საკუთარი თავის შველას თავად დაიწყებს. პაციენტს ფსიქოლოგი ეხმარება, რომ საკუთარ უნარებში გაერკვეს. განვითარებულ ქვეყნებში ფსიქოთერაპიას ხშირად მიმართავენ, ჩვენთან კი – მხოლოდ მაშინ, როცა სხვა გამოსავალი არ არის.

დარგის სპეციფიკა და პრობლემები

– ამ სფეროში ქართულენოვანი ლიტერატურა თითქმის არ გვაქვს, ამიტომ ფსიქოლოგის პროფესიის დაუფლების მსურველებს კითხვა უცხო ენაზე უწევთ. გარდა ამისა, კვლევების დამფინანსებლები ძირითადად, უცხოელი დონორი ორგანიზაცები არიან, რომლებიც საგრანტო განაცხადებს ინგლისურ ენაზე ითხოვენ. უცხო ენის ცოდნა აუცილებელია. საქართველოში არ არსებობს კანონი, რომელიც ფსიქოთერაპევტის მუშაობას დაარეგულირებს: ჩვენს ქვეყანაში პაციენტებთან მუშაობა ბაკალავრის ხარისხის მქონე სტუდენტებსაც კი შეუძლიათ – შესაბამისი კანონის არარსებობის გამო, მათ ეს არ ეკრძალებათ. ეს უფრო მორალის და თვითკრიტიკის საკითხია, თუ რამდენად აქვს ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების კრიტიკულად გაანალიზების უნარი და რამდენად აძლევს თავს უფლებას, რომ მხოლოდ 4-წლიანი სწავლის საფუძველზე პასუხისმგებლობა აიღოს, საკუთარ თავს „ფსიქოთერაპევტი“ უწიდოს. პროფესიული უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად საკმარისი მაგისტრატურის ხარისხიც არ არის ხოლმე.

რჩევა

– თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა მნიშვნელოვანია. სხვა ადამიანი ცოდნას თავში ვერ „ჩაგვიდებს“. ეს თავად უნდა გავაკეთოთ – ცოდნა საკუთარ უნარ-ჩვევებზე მოვირგოთ. კარგ უნივერსიტეტში სასწავლო კურსის დასრულება და დიპლომი საკმარისი არ არის, რომ ამ სფეროში პროფესიონალი იყო. ძალიან ბევრი მუშაობა და განვითარებაა საჭირო. აზროვნების განვითარებისთვის წიგნების კითხვა აუცილებელია. შეცდომების თუ გვეშინია, ეს ნორმალურია – ე. ი. რაციონალურად ვაზროვნებთ. თავდაპირველად, დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობა სირცხვილი არ არის – ეს მომავალი წარმატების საწყისი ეტაპია.

ავტორი: ირაკლი შალამბერიძე

Foster

გაზიარება
[elfsight_social_share_buttons id='1']