ფერმერთა განვითარება სასწავლო პროგრამების გზით

[elfsight_social_share_buttons id='1']

საქართველოში სოფლის მეურნეობა განვითარების თვალსაზრისით დაახლოებით 20 წლის განმავლობაში კრიზისს განიცდიდა და საგანმანათლებლო სისტემაც აგრო მიმართულებით მოშლილი იყო. შედეგად, ქვეყანაში, სადაც აგრარულ მიმართულებას დიდი პოტენციალი აქვს, პროდუქციის დაახლოებით 70-80% იმპორტირებულია. ვითარების უკეთესობისკენ შესაცვლელად ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა, სოფლის მეურნეობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ფერმერთა შესაბამისი განათლებაა საჭირო. ბოლო პერიოდში განათლების კუთხით ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა: პროფესიული განათლება სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადდა, საერთაშორისო გამოცდილებისა და ადგილობრივი საჭიროების გათვალისწინებით, ქართულ ენაზე სასწავლო რესურსი შემუშავდა (მაგ., სახელმძღვანელოები, ვიდეო გაკვეთილები), დაინერგა სამუშაოზე დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები (მაგ., დუალური მოდელი) და ა.შ.

სასურველია, ფერმერთა განათლება ადრეული ასაკიდან იწყებოდეს, რომ სწავლის მიმართულება და ფერმერული მეურნეობის განვითარება თავიდანვე განსაზღვრული ჰქონდეთ. პრაქტიკულ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება მომავალი ფერმერებისთვის ყველაზე ოპტიმალური შესაძლებლობაა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები ძირითად დროს საწარმოებში ატარებენ, მათი ჯანმრთელობა დაზღვეულია და ტრანსპორტით უფასო მომსახურებითაც სარგებლობენ. სწავლების დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები გარდა სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომისა, ორწლიან სამუშაო გამოცდილებასაც ფლობენ, რასაც დამსაქმებლები ხშირად ითხოვენ. სამუშაოზე დაფუძნებული სასწავლო პროგრამები შემდეგ პროფესიებშია დანერგილი: მეხილეობა, მეცხოველეობა, მეფუტკრეობა, ხორცის და ხორცპროდუქტების გადამუშავება, მეთევზეობა, მევენახეობა, მებაღეობა და სხვა. აღნიშნულ დარგებში კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა მაღალია.

მალხაზ ასლამაზიშვილი, პროფესიული კოლეჯის, „აისის“ დირექტორი: „პრაქტიკულ სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას ბევრი დადებითი მხარე აქვს – სტუდენტი პროფესიულად იზრდება მეწარმესთან ერთად და მას უყალიბდება ზუსტად ის უნარ-ჩვევები, რაც მეწარმეს სჭირდება. მეწარმეს კი ისეთი კადრი ჰყავს, რომელიც შეუძლია სწავლის დასრულების შემდეგ საწარმოში დატოვოს და შემდგომში მისი ჩამნაცვლებლის ძებნა აღარ დასჭირდეს“.

ქართულ რეალობაზე მორგებული, სამუშაოზე დაფუძნებული სასწავლო პროგრამები სხვადასხვა სასწავლებლისა და კერძო სექტორის აქტიური თანამშრომლობით შეიქმნა. თანამშრომლობის დასაწყისში -კერძო სექტორის წარმომადგენლები სტუდენტებს ნაკლებად ენდობოდნენ და ანაზღაურების გადახდაც უჭირდათ. მოგვიანებით სტუდენტებს საწარმოებში მინიმალური ანაზღაურება – 120 ლარი დაუწესდათ, რაც წარმატებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ზოგიერთი ფერმერი ანაზღაურების ნაცვლად სხვადასხვა პროდუქტსაც გასცემს, მაგ., მეფუტკრეობის დარგში სტუდენტებს ანაზღაურების სახით ფუტკრების ოჯახებს სთავაზობენ.

ნიკოლოზ მესხიშვილი, პროფესიული განათლების ექსპერტი: „პროფესიული პროგრამების ფარგლებში ძალიან მკაცრად არის განსაზღვრული, რა უნდა ისწავლოს სტუდენტმა, რა არის პროგრამის მიზანი, პროგრამაზე დაშვების წინაპირობა, დასაქმების შესაძლებლობები, სწავლების შედეგი, რომელმა კომპანიამ შეიძლება განახორციელოს პრაქტიკა, რა მატერიალურ-ტექნიკური ბაზაა საჭირო სასწავლებლის თუ კომპანიის ავტორიზაციისთვის და ა.შ.“

სოფლის მეურნეობის მიმართულებით უკვე არაერთი საწარმო ფუნქციონირებს, თუმცა კვალიფიციური კადრების რაოდენობა საგრძნობლად დაბალია. საწარმოებში ვეტერინარები ისრაელიდან ან სომხეთიდან ჩამოჰყავთ, ხოლო პროფესიონალი და გამოცდილი აგრონომი სულ რამდენიმეა, რომლებსაც ქვეყნის მასშტაბით ასობით სოფელში უწევთ მუშაობა. ფერმერებს, რომლებიც საკუთარ მეურნეობას ფლობენ, იმის გამო, რომ დაზღვევით ვერ სარგებლობენ, შემოსავლის წყაროს დაკარგვის შიში აქვთ და საქმიანობის დივერსიფიცირებას ახდენენ – ბევრი ერთდროულად მეცხოველე, მეხილე და აგრონომიც არის, თუმცა თვითნასწავლია და შესაბამისი პროფესიული განათლება მიღებული არ აქვს.

ნინო ზამბახიძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე: „განათლებულ ფერმერებს შეუძლიათ ბიზნესგეგმის დაწერა და თვითღირებულების სიზუსტით გამოთვლა. მათ ფულის დღევანდელი ღირებულებაც იციან და ისიც, 5 წელიწადში ინვესტირებული თანხა რა სარგებელს მოიტანს. ხედავენ იმ კრიტიკულ ზღვარს, როდის უნდა გაზარდონ ან შეწყვიტონ წარმოება. მინახავს ისეთი ფერმერები, რომლებიც წვალობენ, საქმე არ გამოსდით და ვალებს იღებენ; თუმცა ისეთებიც არიან, რომლებიც საქმე თუ არ გამოსდით, დროულად წყვეტენ მას და ახლით ანაცვლებენ. განათლებული ფერმერი ციფრებთან დამეგობრებულია, ის ყველაფერს ითვლის და შეუძლია რისკის მინიმუმამდე დაყვანა. განათლებული ფერმერი და მეორე მხრივ, შინამეურნე (რომელიც ფერმერობას ბიზნესად არ აღიქვამს) პროდუქციას ერთი და იმავე ბაზრისთვის აწარმოებენ, ამიტომ იქმნება არაკონკურენტუნარიანი ბაზარი, სადაც ერთი ფერმერი ყველს ოთხად, ხოლო მეორე ცხრა ლარად ყიდის, რაც ორივე მხარეს აზარალებს“.

საქართველო 22 კლიმატური ზონით და რამდენიმე ათასი მდინარით უნიკალური ქვეყანაა. ფერმერებს, რომლებსაც საკუთარი მეურნეობა და შესაბამისი ცოდნა აქვთ, შეუძლიათ ნუშის, თხილის, კივის, ლურჯი მოცვისა თუ სხვა მრავალფეროვანი და სასარგებლო პროდუქტის წარმოება. მათ აქვთ საშუალება, რომ თავი არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც დაიმკვიდრონ.

ავტორი: ირაკლი შალამბერიძე

Foster

[elfsight_social_share_buttons id='1']