ფესტივალი ZEG: ალექს ბერდი და აარონ რასმუსენი

[elfsight_social_share_buttons id='1']

თბილისში 20-22 ივნისს ამბის თხრობის ფესტივალი ZEG (ზეგ) გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამომსვლელები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოიწვიეს. მათ  შორის იყვნენ აარონ რასმუსენი და ალექს ბერდი. აარონ რასმუსენი საგანმანათლებლო პორტალ „მასტერკლასის“ (MasterClass) დამფუძნებელია, ხოლო ალექს ბერდი ავტორი წიგნისა – „სწავლისთვის დაბადებულნი“ (Natural Born Learners).

alex beard
ალექს ბერდი

ათი წლის წინ ალექს ბერდი ლონდონის ერთ-ერთ სასწავლებელში ინგლისურ ენას ასწავლიდა. მისი მოსწავლეები გონებამახვილები, წიგნიერები და თანამედროვე ტექნოლოგიებში გაცნობიერებულები იყვნენ, თუმცა, ალექსის აზრით, საკუთარ პოტენციალს საკმარისად ვერ იყენებდნენ. მოსწავლეების პოტენციალის გაუმჯობესების მიზნით ალექს ბერდმა მსოფლიოს ექვს კონტინენტზე იმოგზაურა,  შეხვდა მასწავლებლებს, მკვლევარებს, ექსპერტებსა და განათლების სფეროში მოღვაწე სხვა ადამიანებს. ის ცდილობდა, პასუხი მიეღო ორ შეკითხვაზე: რამდენის სწავლა შეგვიძლია ადამიანებს? კონკრეტულად რა უნდა ვისწავლოთ, რომ თანამედროვე ეპოქაში წარმატებას მივაღწიოთ?.

ალექს ბერდი: „ჩინელებს  ასეთი ხალხური გამოთქმა აქვთ: „თუ ერთი წელიწადის წინასწარ დაგეგმვა გსურს, ბრინჯი დათესე!, თუ გეგმებს 10 წელიწადზე აწყობ, ხე დარგე!, თუ გინდა 100 წელიწადი წინასწარ გათვალო, მაშინ შენს შვილებს განათლება მიეცი!“. ჩინელები თვლიან, რომ პრაქტიკა ადამიანს პროფესიულად სრულყოფილს ხდის, ისინი კონკრეტული უნარის ათვისებას გადაჭარბებულად ბევრ დროს უთმობენ. მაგრამ, ჩინელები შემოქმედებითები ან ანტერპრენერები ნაკლებად არიან. მაგალითად, სან დიეგოს უნივერსიტეტში (აშშ) სწორედ შემოქმედებითობასა და იდეების გენერირებაზე აკეთებენ აქცენტს, რაც ჯგუფში აქტიურად მუშაობითა და იდეების ერთმანეთისთვის გაზიარებით გამოიხატება.

ერთ-ერთი საუკეთესო და საინტერესო საგანმანათლებლო სისტემა აქვთ ფინეთში, სადაც მშობელს, მასწავლებელსა და მოსწავლეს თანაბრად აქვთ პასუხისმგებლობები გადანაწილებული; შედეგად, ერთმანეთს ნაკლებად ადანაშაულებენ. იქ მასწავლებლის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია. აღსანიშნავია, რომ კარგი მასწავლებელი ამბის არაჩვეულებრივი მთხრობელია – ნებისმიერი თემა, რაზეც ის საუბრობს, მოსწავლისთვის საინტერესო მოსასმენია. ასეთი მასწავლებელი არა მარტო ამბის თხრობით, არამედ კარგი მოსმენითაც გამოირჩევა“.

aaron rasmussen
აარონ რასმუსენი

აარონ რასმუსენი ორეგონის შტატის (აშშ) ჩრდილო-აღმოსავლეთით, პატარა სოფელში გაიზარდა, სადაც ხარისხიანი განათლების მიღება ნაკლებად შესაძლებელი იყო. აარონი ცდილობდა, ცოდნა ინტერნეტის დახმარებით მიეღო, ხოლო მოგვიანებით სასწავლებლად ბოსტონის უნივერსიტეტში გადავიდა. მას სურდა, რომ სწავლის მსურველებს  მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ადამიანებისგან ესწავლათ, რაც „მასტერკლასის“ სახით რეალობად აქცია.

აარონ რასმუსენი: „ბავშვობაში კომპიუტერული თამაშები მიტაცებდა და ბევრ დროსაც ვუთმობდი. დედაჩემი ჭკვიანი ქალი იყო და ჩემს გატაცებას შეძლებისდაგვარად აკონტროლებდა – რამდენ დროსაც პროდუქტიულ საქმეს  ვუთმობდი, ზუსტად იმდენ დროს მაძლევდა თამაშისთვის. ამიტომ, კომპიუტერს არა მარტო თამაშისთვის, არამედ სწავლისთვისაც ვიყენებდი. მასტერკლასის იდეაც მაგაში მდგომარეობს, რომ განათლება დისტანციურად, კომპიუტერის დახმარებით მივიღოთ.

მსოფლიოში განათლების მიმართ დამოკიდებულება იცვლება. მაგალითად, ჩემს მეგობარს, რომელიც ქიმიის პროფესორია, სტუდენტები ხშირად ეკითხებიან, მისი ლექციების ვიდეოჩანაწერი ინტერნეტში თუ განთავსდება. მან აღმოაჩინა, რომ სტუდენტებს ინფორმაციის სახელმძღვანელოში კითხვის სურვილი აღარ უჩნდებათ – ინტერნეტში ვიზუალიზებული ინფორმაცია ურჩევნიათ. ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში ცოდნის მიღება ინტერნეტის დახმარებით  კიდევ უფრო მეტ აქტუალობას შეიძენს“.

აარონ რასმუსენი ალექს ბერდიალექს ბერდიაარონ რასმუსენი ალექს ბერდიაარონ რასმუსენი

მომავლის განსაზღვრა რთულია, თუმცა, თუ ტენდენციებს  გავითვალისწინებთ, ინტერნეტით განათლების მიღებას უკვე ბევრი ანიჭებს  უპირატესობას. საგანმანათლებლო სისტემები მსოფლიოში კი განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ მოსწავლეებს ყველგან ერთი და იგივე აინტერესებთ: რა უნდა ვისწავლოთ და როგორ?.

ავტორი: ირაკლი შალამბერიძე

Foster

გაზიარება
[elfsight_social_share_buttons id='1']