ჰავრა მილანი: „კარგ პროგრამისტს ძლიერი ნებისყოფა და გამძლეობა უნდა ჰქონდეს“

[elfsight_social_share_buttons id='1']

ჰავრა მილანი ლონდონის ერთ-ერთ სკოლაში კომპიუტერულ მეცნიერებებს ასწავლის (ინტერნეტ უსაფრთხოება, კოდის წერა, საოფისე პროგრამები და სხვ.). 2014 წელს ინგლისის საგანმანათლებლო სისტემაში ცვლილებები შევიდა, შედეგად, ბავშვები უკვე 7 წლის ასაკიდან იწყებენ კოდთან მუშაობას. ამ ასაკში პატარები ვერ ხვდებიან კოდთან მუშაობის მნიშვნელობას, ამიტომ ჰავრას გაკვეთილის ჩატარება გამარტივებული წესით უწევს. ის ცდილობს ბავშვები „კომპიუტერულ ფიქრს“ მიაჩვიოს, ამიტომ თამაშს და Youtube-ის სახალისო ვიდეოებით სწავლებას მიმართავს. აუცილებელია, რომ ბავშვებმა გააცნობიერონ კოდის წერის დროს კონკრეტულად რას ქმნიან.

ჰავრა მილანის დისერტაცია ტექნოლოგიების სფეროში პროგრამისტი ქალების ნაკლებობას ეხებოდა. ის თვლის, რომ გოგონების მხრიდან პროგრამირების მიმართ ინტერესი ბავშვობასთან და იმ გარემოსთან არის დაკავშირებული, სადაც  იზრდებიან. მშობლებმა გოგონებსაც უნდა მისცენ შესაძლებლობა კომპიუტერით გაერთონ, და თუ პროგრამირებით დაინტერესდებიან, ხელი არ შეუშალონ მათ განვითარებაში.

 

პროფესიის არჩევა

– პროგრამისტის ანაზღაურება მაღალია. დიდ კომპანიებში ოფისებიც ისეთია, რომ იქ მუშაობა საინტერესოა და თან ამისთვის აბსოლუტურად ყველა პირობაა შექმნილი. თუ დღეს ვფიქრობთ, რომ წერა-კითხვის გარეშე წარმოუდგენელია, ხვალ, სავარაუდოდ, პროგრამირებაზეც იგივეს იტყვიან. ეს ნამდვილად მომავლის პროფესიაა. პროგრამისტის პროფესია მხოლოდ პროგრამირებით არ შემოიფარგლება, ზოგიერთი პროგრამისტი ტექნოლოგიის დახმარებით მუსიკასაც ქმნის, პროექტის ან პროდუქტის მენეჯერია და ა.შ.

უნარები

– კარგ პროგრამისტს ძლიერი ნებისყოფა და გამძლეობა უნდა ჰქონდეს. მათემატიკის ცოდნაც აუცილებელია, რომლის გარეშეც პროგრამირებას ვერ ისწავლი. როდესაც კოდის წერა დავიწყე, ამ საქმით ძალიან დავინტერესდი, თუმცა მათემატიკაში გამორჩეული არასოდეს ვყოფილვარ. თუ მათემატიკა კარგად იცი, მაშინ ლოგიკური აზროვნებაც შეგიძლია და ეს პროგრამირებისთვის კარგია. 

წინააღმდეგობები

– ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ამ სფეროში  ის არის, რომ განათლების სისტემის საფეხურებსა და მოგვიანებით სამუშაოს შორის ბმულობა ნაკლებად არის. სკოლასა და უნივერსიტეტში სხვადასხვა სფეროებიდან ცოტ-ცოტა ცოდნას იღებენ, რაც შემდეგ სამსახურის დასაწყებად საკმარისი არ არის ხოლმე. კომპანიებში, მაგალითად, „ეჯაილის“ ცოდნას და კომუნიკაციის განსაკუთრებულ უნარებსაც ითხოვენ.

გამოცდილების შეძენა

– ოჯახში ბავშვობიდან უნდა შეგიწყონ ხელი, რომ გქონდეს საშუალება კოდის წერა ისწავლო. მშობლების მხრიდან ხელშეწყობა მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, კომპანიების უმეტესობა ახალ თანამშრომლებს ორ წლამდე დროს აძლევს, რომ ტრენინგებში მონაწილეობა მიიღონ და პროფესიონალად ჩამოყალიბდნენ.

მოთხოვნა ბაზარზე

– ზოგადად, მოთხოვნა იმ პროგრამისტებზე უფრო მაღალია, რომლებსაც მონაცემების ან დიდი მოცულობით მონაცემების დამუშავება შეუძლიათ. თუმცა სხვა მიმართულებებიც არანაკლებ მოთხოვნადია. დასავლეთის ქვეყნებში აქცენტი უფრო Cloud-ის სისტემებზე კეთდება, ხოლო აღმოსავლეთში მობილურ ტექნოლოგიებსა და რობოტებზე.

რჩევა პედაგოგებს

– ინტერნეტში ძალიან ბევრი ვებგვერდია, საიდანაც ინფორმაციის მოძიება და სასწავლო პროცესში გამოყენება შეიძლება. ასეთი ვებგვერდებია, მაგალითად: hourofcode.com, codeclub.org, raspberrypi.org, futurelearn.com და ა.შ. ასევე, მასწავლებლებს ვურჩევ, რომ ეცადონ ჯგუფურ მუშაობას მიმართონ, სადაც ძლიერები და სუსტები ერთად ისხდებიან. მისცენ საშუალება ბავშვებს, რომ ზოგჯერ კოდის წერა ფურცელზეც სცადონ, ეს ცოდნას უფრო გაამყარებს.

მადლობა: Devfest 2019

ავტორი: ირაკლი შალამბერიძე

Foster

გაზიარება
[elfsight_social_share_buttons id='1']