Educare Georgia-ს პროექტები და გეგმები

[elfsight_social_share_buttons id='1']

ფონდის  – Educare Georgia მისიაა, რომ ინტერნეტისა და ტექნოლოგიების მეშვეობით, საქართველოში მაღალი დონის განათლება, საზღვარგარეთ გამგზავრების გარეშე, ხელმისაწვდომი გახდეს. საგანმანათლებლო ფონდი ოთხმა ადამიანმა დააფუძნა. დაარსებიდან დღემდე Educare Georgia-ს გუნდი საკმაოდ გაიზარდა. ამჟამად, დაახლოებით 40 ადამიანი ოფისში მისვლის გარეშე, დისტანციურად მუშაობს. განხორციელებული თუ მიმდინარე პროექტებისა და შედეგების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში Educare Georgia-ს ერთ-ერთ დამფუძნებელი – გიორგი ჯიბლაძე დაგვეხმარა.

ედუქეარ ჯორჯია educare georgia

ხარისხიანი საგანმანათლებლო რესურსი და ბარიერები

ინტერნეტში უამრავი საგანმანათლებლო მასალა არსებობს. ხარისხიანი განათლება (როგორც სასკოლო, ასევე უმაღლესი) უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება. არსებობს პლატფორმები, სადაც ხალხს შეუძლია, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების უფასო სასწავლო კურსები გაიაროს.

ფონდის შექმნის იდეა იმ სამი ბარიერის იდენტიფიცირებისას მოხდა, რაც მოსახლეობას ხარისხიანი საგანმანათლებლო მასალის გამოყენებაში ხელს უშლის:

1. ენის ბარიერი – სწავლის მსურველებმა ინგლისური სათანადო დონეზე  არ იციან;

2. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება არ იციან;

3. ინტერნეტის ბარიერი – მოსწავლეების დაახლოებით, 20%-ს არ აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს კომპიუტერი და დაფაროს ინტერნეტის გადასახადი.

პროექტები და შედეგები

Educare Georgia-მ მსოფლიოში ყველაზე დიდი საგანმანათლებლო პლატფორმების – ka.khanacademy.org  და Code.org  ქართულად ხელმისაწვდომობაზე იზრუნა. დაიწყო პროექტი – „ჩართე“, რომელიც სოციალურად დაუცველ ოჯახებში (ძირითადად – დევნილთა დასახლებებში, კონფლიქტისპირა ზონებსა და მაღალმთიან რაიონებში) მცხოვრები ბავშვების კომპიუტერით და ინტერნეტით უზრუნველყოფას გულისხმობს. ვებ-გვერდის მეშვეობით, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მოსწავლეებს კომპიუტერი გადასცეს და ინტერნეტის გადასახადი დაუფინანსოს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ფონდი პრეზენტაციებსა და ტრენინგებს ატარებს, რომ ხალხს საგანმანათლებლო რესურსები და მათი გამოყენების გზები გააცნოს.

პლატფორმა Khan Academy -ზე, რომელზეც დაახლოებით, 2500 ვიდეო გაკვეთილი, 70 ათასამდე სავარჯიშო და საკითხავი მასალა დევს. 2018 წლის იანვრიდან საიტზე თვეში 25 ათასი მომხმარებელი ფიქსირდებოდა, მაისში კი – 42 ათასი, რაც იმ ბავშვების 12-13%-ს შეადგენს, ვისაც საქართველოში ინტერნეტთან წვდომა აქვს. საგანმანათლებლო მასალის მატებისა და პლატფორმის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება. პლატფორმას მასწავლებლები სკოლებში აქტიურად იყენებენ. Khan Academy-ზე მოსწავლეებს დამოუკიდებლად სწავლა შეუძლიათ, მასწავლებლები კი – ყოველი მოსწავლის სწავლის პროცესს დისტანციურად ადევნებენ თვალ-ყურს და თითოეული მოსწავლის სწავლის შედეგს ზუსტად ხედავენ. შესაბამისად, ხვდებიან, რომელ საკითხში აქვს მოსწავლეს პრობლემა, რაში სჭირდება განვითარება და ამ საკითხებზე ინდივიდუალურად მუშაობენ.

Code.org-ს (კომპიუტერული პროგრამირების საწყისების სასწავლო ონლაინ პლატფორმა) რაც შეეხება, მას ბევრი სკოლა იყენებს, როგორც პროგრამირების სასწავლო პლატფორმას.

პროექტში – „ჩართე“ 140-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული. პროექტს 300 დონორი (ონლაინ მხარდამჭერი) ჰყავს.

ონლაინ განათლების ძლიერი და სუსტი მხარეები

ონლაინ განათლებას ბევრი უპირატესობა აქვს. მაგალითად, თუ ადგილობრივი საგანმანათლებლო სისტემა განათლების მაღალ დონეს ვერ უზრუნველყოფს, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება იდეალურია. ინტერნეტი ერთგვარი ფანჯარაა, რომლის საშუალებითაც ადამიანს შეუძლია, კონკრეტულ სფეროში, მსოფლიოში განათლების წამყვანი წყაროები აღმოაჩინოს, საჭირო მასალა მოიპოვოს და განათლება მიიღოს. განვითარებულ ქვეყნებში ტრადიციული სასწავლო მეთოდისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზს ბევრი იყენებს, რაც სასწავლო პროცესს ამარტივებს – მასწავლებელი დროს უფრო ეფექტურად ხარჯავს. ასევე, თუ მოსწავლე ონლაინ სასწავლო კურსს გადის, მას შეუძლია, რომ 24 საათის განმავლობაში,  ონლაინ სივრცეში შეკითხვა დასვას, რომელზე პასუხსაც 7-10 წუთში მიიღებს (შესაძლოა, კურსზე 5000-10000 ადამიანი იყოს). ონლაინ განათლების მინუსად შეიძლება ის მივიჩნიოთ, რომ თანაკურსელებთან ურთიერთობა, ინტერაქცია ნაკლებია, თუმცა იმ ქვეყნებში, სადაც განათლების ძალიან დაბალი დონეა (მაგალითად – აფრიკის ქვეყნებში), ონლაინ განათლება ძალიან დიდი შესაძლებლობაა და ნახსენები საკითხი მინუსად აღარ მიიჩნევა.

ედუქეარ ჯორჯია educare georgia

განათლების ძირითადი გამოწვევები

Educare Georgia-ს ფოკუსი სასკოლო ასაკის მოსწავლეთა განათლებისკენაა მიმართული. ძირითად გამოწვევად საქართველოში მასწავლებელთა საკმაოდ დაბალი კვალიფიკაცია რჩება. მასწავლებელთა საკვალიფიკაციო გამოცდას უმრავლესობა ვერ აბარებს („იჭრება“).  ამ საკითხის მიმართ, ქვეყანაში პოლიტიკა უნდა შეიცვალოს: მასწავლებლის პროფესია მიმზიდველი უნდა გახდეს, ახალგაზრდები ამ პროფესიაში კარიერის განვითარებას უნდა ხედავდნენ – ფინანსური ინტერესი და მოტივაციაც ჰქონდეთ. განათლების სფეროში წვრილ-წვრილი პოზიტიური სიახლეები არის, მაგრამ შედეგებზე საუბარი რთულია, რადგან აღნიშნული ძირეული პრობლემა უმნიშვნელოვანესია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ინგლისური ენის ცოდნის დონე გახლავთ. ინგლისური უნდა განვიხილოთ არა როგორც უცხო ენა, არამედ – ინფორმაციასთან წვდომის საშუალება. ის ფაქტი, რომ საქართველოში, ინტერნეტში ქართული მასალა ძალიან მწირია, იმას ნიშნავს, რომ ტექნოლოგიასა და ინტერნეტს ბავშვები საკმარისად ვერ იყენებენ, რადგან ინგლისური ენა არ იციან. ინგლისურის სწავლის მაღალი პრიორიტეტულობა გადამწყვეტი იქნება იმისთვის, რომ განათლების დონე გაიზარდოს – მოსწავლეებს ხარისხიან საგანმანათლებლო ინფორმაციაზე დამოუკიდებლად წვდომის უნარი ჰქონდეთ.

წლების განმავლობაში, განათლების სფეროში ყველაზე დიდი მიღწევა ის არის, რომ კორუფციის გზით აბიტურიენტის უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრა აღმოიფხვრა და ერთიანი ეროვნული საგამოცდო სისტემა დაინერგა.

ფონდის სამომავლო გეგმები

Educare Georgia საბუნებისმეტყველო საგნებს ამატებს Khan Academy-ზე. ასევე, კომპიუტერული პროგრამირების დაწყება სურს. ფონდი სხვადასხვა სკოლაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და გაცნობით პრეზენტაციებს აგრძელებს. Educare Georgia-ს წარმომადგენლები მუშაობენ, რომ პროექტმა – „ჩართე“ საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვას. ენის ბარიერის პრობლემის გადაჭრაზეც აქტიურად ფიქრობენ და ეძებენ გზებს, რომ ქვეყანაში ინგლისურის ცოდნის დონე ამაღლდეს, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიები და ინტერნეტი მასალის გავრცელების ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალება გახლავთ. შესაბამისად, მისი გამოყენების მასშტაბის გაზრდა მნიშვნელოვანია.

ავტორი: ეთო ყორღანაშვილი

Foster

გაზიარება
[elfsight_social_share_buttons id='1']