ხათუნა ხაბულიანი: „არტ სფერო ახლა ბევრად უფრო პოპულარულია, ვიდრე გასულ წლებში იყო“

[elfsight_social_share_buttons id='1']

ხათუნა ხაბულიანი ბავშვობაში ჯერ მხატვრობით დაინტერესდა, მოგვიანებით კი – თანამედროვე ხელოვნებით. სამხატვრო აკადემიაში, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე საბჭოთა კავშირის პერიოდში სწავლობდა. მაშინ თანამედროვე ხელოვნების შესახებ ინფორმაცია დასავლეთიდან ჩვენამდე ძალიან რთულად აღწევდა. ამ სფეროში განათლება უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ (90-იან წლებში) მიიღო, როცა უცხოეთიდან სხვადასხვა უნივერსიტეტის პროგრამები მოიპოვა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საზღვრებიც გაიხსნა და პროექტების ჩანასახები გაჩნდა, სადაც აქტიურად დაიწყო მონაწილეობის მიღება. დღესდღეობით, თანამედროვე ხელოვნების შესახებ ლექციებს კითხულობს.

ლევან სონღულაშვილი – „ობიექტების სისტემა“, გალერეა „ერთი“
ლევან სონღულაშვილი – „ობიექტების სისტემა“, გალერეა „ერთი“

თანამედროვე ხელოვნება (Contemporary art)

– თანამედროვე ხელოვნებად ისეთ ნამუშევრებს მიიჩნევენ, სადაც მოდერნის პერიოდიდან დაწყებული აზროვნება ჩანს. მოდერნისტულ პერიოდში მხატვრულ აზროვნებაში ძალიან დიდი ცვლილება მოხდა, რასაც რევოლუცია დაარქვეს. კონცეპტუალური ხელოვნების საფუძვლები იდეასთან მუშაობის გარდა, მის განვრცობასაც გულისხმობს, სადაც მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი – ინტელექტია; ძალიან ფართოა მედიუმებისა და ფორმატების რაოდენობა. დღეს ხელოვნება ის არის, რაც მაყურებელთან თანდასწრებით იქმნება და დასრულების შემდეგ უკვალოდ ქრება (ინსტალაცია, პერფორმანსი). ტექნოლოგიების დახმარებით გავნითარდა მხატვრული გზავნილები, ასევე ძალიან პოპულარულია სინათლის სკულპტურები და გარე სივრცეში მასშტაბური პროექტების განხორციელება.

სწავლება

– საუნივერსიტეტო სწავლებაში ცვლილებები მიმდინარეობს. ალბათ, აკადემიური სწავლების არსებული მოდელი შეიცვლება. საერთოდ, საინფორმაციო წყაროებთან დამოკიდებულება იცვლება. წინათ მხოლოდ წიგნიდან სწავლობდნენ, როცა რეალურად, წიგნების დეფიციტი იყო. დღეს უკვე სტუდენტს ინფორმაციის მოპოვება პედაგოგის გარეშეც შეუძლია. ბოლო დროს, იმაზე ვმსჯელობთ, რომ ლექციაზე აქცენტი უფრო მეტად ინფორმაციის გააზრებაზე გავაკეთოთ. პირადად მე, სააზროვნო თანამშრომლობის პრაქტიკა მაქვს. სტუდენტების მხრიდან ინტერესს ვგრძნობ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათთან მუშაობის ინტერესი არ მექნებოდა.

ინფორმაციაზე წვდომა

– გასულ საუკუნეებთან შედარებით, იმდენ  ინფორმაციაზე მიგვიწვდება ხელი, რომ ბევრი რამ, არც თუ ისე მარტივად აღსაქმელია. გამოფენების დათვალიერება ინტერნეტითაც შეიძლება, მაგრამ ხელოვნების ნიმუშების მუზეუმში ნახვას სულ სხვა ეფექტი აქვს – განსხვავებულად აღიქმება. რაც არ უნდა კარგად გადავცე სტუდენტებს ის მასალა, რაზეც ხელი მიმიწვდება, უკმარისობის განცდა მაინც მაქვს, რომ მათ ვერ ვეუბნები – წავიდნენ და ნამუშევრები საკუთარი თვალით ნახონ. თეორიულად, საქართველოში სტუდენტები იგივე ცოდნას იღებენ, რასაც – საზღვარგარეთ, ცნობილ კოლეჯებში, თუმცა იქ მათ ნამუშევრების „ცოცხლად“ ნახვის შესაძლებლობა აქვთ. სასურველია, სტუდენტებმა მეტი დრო გაატარონ საერთაშორისო არტ სივრცეში ან ისეთ ქვეყნებში, სადაც თანამედროვე ხელოვნება განვითარებულია. ისტორიული ხელოვნების ნიმუშების სანახავად იტალია და საბერძნეთი საინტერესოა, რაც შეეხება თანამედროვეს – ამ მხრივ ნიუ-იორკი, ბერლინი და ლონდონი ლიდერობს. დასახელებულ ქვეყნებში, თანამედროვე გალერეების დიდი სისტემაა ჩამოყალიბებული – იქ ხელოვნება „ცოცხალია“. საინტერესო სივრცეებს შეხვდებით იაპონიაში, კორეაში და ახლო აღმოსავლეთშიც, იქ ცნობილი  გალერეების ფილიალებს ნახავთ (მაგალითად – გუგენჰაიმის მოდერნისტული და თანამედროვე ხელოვნების გალერეა).

დასაქმება

– ხელოვნებათმცოდნეებს იმ სფეროში შეუძლიათ დასაქმება, რომელიც ვიზუალურ ხელოვნებას უკავშირდება, ასევე – კულტურის მენეჯმენტშიც, სადაც თეორიულ ცოდნას სურვილის შემთხვევაში ძალიან საინტერესო პრაქტიკულ გადაკვეთას მოუძებნიან. ხელოვნებათმცოდნეები შეიძლება არტ კურატორები, ორგანიზატორები და პროექტების მენეჯერებიც გახდნენ. სამწუხაროდ, ხელოვნების ნამუშევრების კრიტიკის მიმართულებით, პერიოდული გამოცემები საქართველოში არ არსებობს. ამ საკითხზე მუშაობა გვჭირდება.

მოთხოვნა კადრებზე

– სპეციალისტების დეფიციტის გამო, ხელოვნებათმცოდნეების ფუნქციები თვითმარქვიებმა შეითავსეს. „კურატორებს“ და „არტ კრიტიკოსებს“ ძალიან მარტივად ირქმევენ, არადა პროფესიონალად ჩამოყალიბებას ბევრი დრო, მუშაობა და გამოცდილება სჭირდება. კონკურენცია დღითიდღე იზრდება და ვფიქრობ, სამომავლოდ, ეს სპეციალობა უფრო მოთხოვნადი გახდება. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არტ სფერო ახლა ბევრად უფრო პოპულარულია, ვიდრე გასულ წლებში იყო.

თანამედროვე ხელოვნება
ტატო ახალკაციშვილი – „PSILOCYBIN MUSHROOMS“, ევროპის სახლი.

წარმატება ადგილობრივ ბაზარზე

– ქართველებს შორის ისეთი ვარსკვლავები არ გვყავს როგორიც მაგალითად, Damien Hirst-ია. ჩვენთან ისეთი მატერიალური შესაძლებლობები არ აქვთ, როგორიც საზღვარგარეთ, სადაც ერთი პროექტი შეიძლება, რამდენიმე თვე გაგრძელდეს და მისი ბიუჯეტი მილიონსაც კი გასცდეს. თუმცა, რასაკვირველია, საქართველოშიც არიან მოაზროვნე ხელოვანები, თანამედროვე ხელოვნების ენით ილიკო ზაუტაშვილი, კოკა რამიშვილი, მამუკა ჯაფარიძე და ბევრი სხვა ხელოვანი გვესაუბრება.

რჩევა

– სტუდენტებს ვურჩევ, რომ როცა ხელოვნების ნიმუშებს განიხილავენ, ჯობს, წინასწარი განწყობის გარეშე, ყოველ მათგანს ინდივიდუალურად მიუდგნენ, სტერეოტიპებისგან გათავისუფლდენ და თავისუფლად იაზროვნონ. სტუდიაში თუ გამოფენებზე ხელოვანებთან ისაუბრონ, შეკითხვები დასვან. არავის არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია, რომ ერთი ნახვით გაიგებს, რასთან  აქვს საქმე, შეიძლება, ერთსა და იმავე ნამუშევარს განსახილველად წლების მერე დაუბრუნდენ და სხვანაირად აღიქვან. ასევე, კოპირაითების და ეთიკური ნორმების მიმართ ყურადღებით იყვნენ. გავლენის ქვეშ შეიძლება, ნებისმიერი ადამიანი აღმოჩნდეს, მაგრამ ეს ნამუშევრის კოპირებაში არ უნდა აისახებოდეს.

ავტორი: ირაკლი შალამბერიძე

Foster

გაზიარება
[elfsight_social_share_buttons id='1']