კონსტრუქტორის მეშვეობით დაგეგმილი სახალისო და შემეცნებითი გაკვეთილები

[elfsight_social_share_buttons id='1']

დაწყებით კლასებსა (და არა მხოლოდ) სწავლების პროცესი სახალისო და ეფექტური გამოდის, როცა პედაგოგი მოსწავლეებს საინტერესო სიახლეებს სთავაზობს. ნიუტონის რობოტიკის სკოლაში სწავლება, „ლეგოს“ სათამაშო კონსტრუქციების საშუალებით ხდება. სასწავლო პროგრამა მრავალფეროვანი და შემოქმედებითად დატვირთულია. „ლეგოს“ კონსტრუქციები თითქმის ყველა ახალგაზრდას აინტერესებს, შესაბამისად სწავლის პროცესში ჩართულობა საკმაოდ მაღალია.

რობოტიკის სკოლაში სასწავლო სილაბუსი ამ ეტაპზე 36 პროგრამისგან შედგება. ყოველი მათგანი ერთმანეთისგან განსხვავდება და კურსის განმავლობაში ეტაპობრივად რთულდება. მონაწილეები სხვადასხვა კონსტრუქციებს ყოველ შაბათს აწყობენ, რომლებიც ისეთ დარგებს უკავშირდება, როგორიც არის: ბიოლოგია, გეოგრაფია, ბუნება, ისტორია და სხვ.

„გაკვეთილის განმავლობაში ინსტრუქციას დეტალურად მივყვებით, თუმცა ზოგჯერ ისეთ რთულ შეკითხვებზე მიწევს პასუხის გაცემა, როგორიცაა: „ჩემ ბაყაყს ორი ძრავი რატომ არ აქვს?“, „რატომ უხვევს მარცხნივ და არა მარჯვნივ?“. ვცდილობ ყველას ინტერესი დავაკმაყოფილო – მოსწავლეებს ინდივიდუალურად ამომწურავი პასუხები გავცე. გაკვეთილის დაწყებამდე წინასწარ ვაანალიზებ, რა შეკითხვები შეიძლება დამისვან მონაწილეებმა. ჩემი მთავარი მიზანია, რომ მთელ ჯგუფს მაქსიმალურად მოეწონოს ის, რასაც ვაკეთებთ. თუ პროცესში თავიდანვე ჩართულობა არ იქნება, გაკვეთილის წარმართვა გამიჭირდება.“ –  მარი მელიქიშვილი, პროგრამისტი, პედაგოგი.

რობოტიკის გაკვეთილზე ისეთ საკითხებზე მსჯელობენ, რაც დაწყებით კლასებში აქტუალურია. მაგალითად: ცხოველები, სტიქიური მოვლენები, როგორ გაჩნდა სამყარო… ერთ-ერთი გაკვეთილის ფარგლებში მიწისძვრას განიხილავენ, სადაც ზოგადად ამ სტიქიური მოვლენისა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმების შესახებ ეცნობიან ინფორმაციას. მოგვიანებით, „ლეგოს“ დახმარებით მიწისძვრის იმიტაციას ქმნიან. კონსტრუქციის აწყობას იწყებენ, რომლის მთავარი მიზანი ისეთი სახლის შექმნაა, რომელიც ძლიერ მიწისქვეშა ბიძგებს უძლებს. სხვა გაკვეთილებზე მანქანებს, ფუტკრებს აწყობენ, ან კაშხალს, შესაბამისად ამ დროს წყალდიდობის შესახებ საუბრობენ. ალბათ წარმოიდგინეთ, რობოტიკის კურსის სასწავლო პროგრამის შედგენისას, შესაძლებლობების ზღვარი სად გადის. სწავლების შემდეგ მოსწავლეებს ტექნოლოგიური სიახლეების აღარ უკვირთ და მათ მუშაობის პრინციპებს კარგად აცნობიერებენ.

„ლეგოს“ კონსტრუქციები დიდებისთვის, შედარებით რთულია და კომპიუტერულ ჩარევას საჭიროებს. პლანშეტისა და აპლიკაციის – Mindstorm დახმარებით, გაკვეთილებზე პროგრამირების საფუძვლებსაც ეცნობიან. ერთი რობოტის აწყობა ზოგჯერ რამდენიმე სასწავლო დღის განმავლობაში გრძელდება.

„გაკვეთილი ძირითადად ჯგუფში მუშაობის პრინციპზეა დამყარებული. ისეთი გონებამახვილი მოსწავლეებიც მყავს, (რაც ძალიან მახარებს), რომლებიც ჩემი მხრიდან განმარტებებს არ ელოდებიან და სად, რა, როგორ უნდა დაამაგრონ, ინტუიციით ხვდებიან.“ – ამბობს მარი. მის გაკვეთილებზე, მოსწავლეები შემოქმედებითად ფიქრს იწყებენ და ლოგიკურ აზროვნებას ივითარებენ. ასევე, დამოუკიდებლად მუშაობას ეჩვევიან. შედეგად, თანატოლებში უფრო კონკურენტუნარიანები ხდებიან.

სწავლების პროცესში „ლეგო“ ან მისი ალტერნატიული საშუალება მასწავლებლისთვის ხელსაწყოა, რომელიც მას ინფორმაციის გადაცემასა და ენერგიის დაზოგვაში ეხმარება – ასეთი „ხელსაწყოებით“ ახალგაზრდებს ცოდნის მიღება უხარიათ და ყოველ მომდევნო გაკვეთილს ინტერესით ელოდებიან.

ავტორი: ირაკლი შალამბერიძე

Foster

გაზიარება
[elfsight_social_share_buttons id='1']