ლევან კილაძე (ლენკო): „ბიზნეს-კონსულტანტების ფუნქციის შეთავსება IT სპეციალისტებს უწევთ“

[elfsight_social_share_buttons id='1']

ლევან კილაძე პროგრამირებით ადრეულ ასაკში დაინტერესდა. ცოდნას ქუჩაში გასაყიდად გამოტანილი წიგნებიდან და ჟურნალებიდან იღებდა. ამასობაში, დამკვეთს ვებსაიტი „დაუწერა“ და ჯიბის ფულიც გაუჩნდა. თავდაპირველად, უნივერსიტეტში განათლების მიღებას ეკონომიკის მიმართულებით ფიქრობდა, თუმცა არჩევანი გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტზე შეაჩერა.

ამჟამად, ყველაზე მეტად პროდუქტით – Snapfie ამაყობს, რომელიც ჯერ მომხმარებლებს არ უნახავთ, თუმცა Facebook-ის წარმომადგენლებს უკვე მოეწონათ და თავიანთ ინკუბატორში მიიღეს. საჩუქრები და სან ხოსეში მიწვევაც გამოგზავნეს. ამ სფეროს „ზვიგენებთან“ თანამშრომლობა ძალიან დიდი მიღწევაა.

ლევან კილაძე

სფეროს სპეციფიკა

– პროდუქტის დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მის გამოყენებას მაშინვე იწყებს. ინტერნეტში პოზიტიური გამოხმაურებები გამარჯვების და თვითკმაყოფილების შეგრძნებას იწვევს. საქართველოში გაყიდვები სირთულეს წარმოადგენს. საკუთარ მოთხოვნებში ჩამოყალიბებული დამკვეთი იშვიათია. ბიზნეს-კონსულტანტების ფუნქციის შეთავსება IT სპეციალისტებს უწევთ.

გამოცდილების დაგროვება

– კომპანია „ლემონდო“ do-ზე (კეთებაზე) ორიენტირებულია. მისი პრინციპი – „ვაკეთოთ და განვვითარდეთ“ გახლავთ. გამოცდილება საქმის კეთებით დავაგროვეთ.

ალბათ, როგორც სხვა სფეროებში, განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი 3 რამ არის:

1. საბაზისო ცოდნა, რომელიც სკოლებში და უნივერსიტეტებში მიიღება;
2. თვითგანვითარება –  ონლაინ კურსები და ა.შ.;
3. სადმე მუშაობის დაწყება, თუნდაც – დაბალი ხელფასის სანაცვლოდ.

მხოლოდ წიგნით განვითარება შეუძლებელია.

ღირებულებები

– ამ საქმეში ე.წ. “ნედლეული” არ არსებობს, კომპანიის პროდუქტი არის ის, რასაც გუნდის წევრები ქმნიან. წარმატება თანამშრომლების პროფესიონალიზმის და მათი შემართების შედეგია, Lemondo-ს პროდუქციას ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი იყენებს. მთავარი ღირებულებები გუნდზე ზრუნვა და მისი განვითარებაა. მეგობრულ გარემოში ვმუშაობთ.

რჩევა

– მთავარია, რაც გიყვარს, ის საქმე აირჩიო, დაძლიო სიზარმაცე და აკეთო გაუჩერებლად. თავდაპირველად, ჯობია, დაბალი ბიუჯეტით მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნა სცადო და ამ გზით ხალხს საკუთარი უნარები აჩვენო. კარგმა პროგრამისტმა პროგრამირება საფუძვლიანად უნივერსიტეტში უნდა შეისწავლოს.

ავტორი: ირაკლი შალამბერიძე

Foster

[elfsight_social_share_buttons id='1']