მალხაზ მაყაშვილი: „ბუნებისმეტყველება ფაქტების ცოდნასთან ერთად, აზროვნების განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი“

[elfsight_social_share_buttons id='1']

ნეიროფიზიოლოგი მალხაზ მაყაშვილი უნივერსიტეტის, ბიოლოგიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში მუშაობდა, რომელსაც დღეს ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი ჰქვია. ამჟამად ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ქცევის ფიზიოლოგიას ასწავლის, ხოლო პარალელურად, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში ბიოლოგიის პედაგოგია.

სკოლა

– სკოლაში სწავლება ინტერაქტიული მეთოდით მიმდინარეობს. ოვალური მაგიდის (ე.წ. ჰარკნესის მაგიდა) გარშემო ვსხედვართ, სადაც ყველას აქვს აზრის გამოთქმისა და კითხვების დასმის საშუალება, პასუხებს კი დისკუსიის გზით ვეძებთ. სწავლების პროცესში პრეზენტაციები იმართება, დაკავებულები ვართ ჯგუფური სამუშაოებით და ექსპერიმენტებსაც საკმაოდ დიდ დროს ვუთმობთ.

ბიოლოგიის ინგლისურ ენაზე სწავლება მე-8 კლასიდან იწყება. თავიდან ინგლისურ ტერმინოლოგიასა და სამეცნიერო დარგს ზოგადი სახით ეცნობიან. მე-9 კლასი ეთმობა უჯრედის აგებულებასა და ფუნქციას, გენეტიკას, ეკოლოგიასა და ევოლუციურ თეორიას, ხოლო მე-10 კლასი – ანატომიასა და ფიზიოლოგიას.

ზოგჯერ გამოცდებს პრეზენტაციის სახით ვატარებ, ან მოსწავლეს უცხო ტექსტის დამუშავებას ვთხოვ – შეიძლება ამისთვის დრო დაახლოებით 2 კვირა მივცე.

„ჩემი აზრით წერითი გამოცდა ხშირ შემთხვევაში მხოლოდ დაზეპირებული ცოდნის შემოწმებაა. მოსწავლე  უფრო ფუნდამენტურად უნდა შეფასდეს.“

ცდები და კვლევები

– კლასში სხვადასხვა ცდებს ვატარებთ. მაგალითად, მე-9 კლასში, ერთ-ერთ გაკვეთილზე, ნერწყვის მოქმედებას დავაკვირდით. გავარკვიეთ თუ როგორ მოქმედებს ის საკვების გადამუშავებაზე და როგორ იცვლება მისი მოქმედება ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად. ბიოლოგია სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებაა, ამიტომ კვლევის მიზნით სკოლიდან გარეთაც გავდივართ. მოსწავლეები ილუსტრაციების მიხედვით ცდილობენ ბუნებაში ამოიცნონ ხეები, ბუჩქები და ბალახოვანი მცენარეები. მცენარეების ამოცნობა მარტივი არ არის, რადგან ის დეტალურ დაკვირვებას საჭიროებს (ფოთლის ფორმასა და განლაგებაზე, ყვავილის აგებულებაზე, ღეროს ფორმაზე და ა.შ.). მსგავსი აქტივობები უფროსკლასელებს ნაკლებად აინტერესებთ. შესაბამისად, უფროსებისთვის სხვა დავალებები მაქვს. მაგალითად, დიაგნოზის დასმას  ვცდილობთ დაავადების სიმპტომების მიხედვით. გაკვეთილზე ბევრს ვსაუბრობ რეპროდუქციულ სისტემაზე, სქესობრივ ცხოვრებასა და ნარკოდამოკიდებულებაზე, რადგან ეს ის თემებია, რომლებიც ახალგაზრდებს ყველაზე მეტად აინტერესებთ, ხოლო სახელმძღვანელოებში სათანადო სიღრმით არ განიხილება. ვფიქრობ, ამ საკითხებზე შვილებს მშობლებიც მეტს უნდა ესაუბრებოდნენ.

ჩემი აზრით, ბუნებისმეტყველება (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) ფაქტების ცოდნასთან ერთად, აზროვნების განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან სწავლების პროცესში ახალგაზრდები კრიტიკულ მსჯელობას, მოვლენების ერთმანეთთან შედარებას, მონაცემების სხვადასხვა სახით წარმოდგენას, ანალიზსა და დასკვნის გამოტანას ეჩვევიან.

პროფესია

– ჩემი პროფესიით უზომოდ კმაყოფილი ვარ. ის სხვა დარგებთანაც გადაიკვეთება, მათ შორის ფსიქოლოგიასთან. ნეიროფიზიოლოგი ვარ და შესაბამისად ადამიანის ქცევას შევისწავლი.

ზოგადად ნეიროფიზიოლოგის პროფესია მოთხოვნადია კვლევით დაწესებულებებსა და კლინიკებში, სადაც დაავადებების დასადგენად ელექტროენცეფალოგრაფია გამოიყენება (ეპილეფსიისა და სხვა ნერვული დაავადების დიაგნოზის დასასმელად იყენებენ). ბიოლოგს შეუძლია ღეროვან უჯრედებზეც იმუშაოს, ასევე ბუნების დაცვის, ბოტანიკის, ზოოლოგიის, გენეტიკის, ბიოქიმიის ან ბაქტერიოლოგიის მიმართულებით დასაქმდეს.

თანამედროვე ტექნოლოგიები

– გამოყენებითი მეცნიერებები უფრო და უფრო აქტუალური ხდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, (აშშ, თურქეთი, ინდოეთი, იაპონია და სხვა), თანამედროვე ტექნოლოგიის დახმარებით, გასაოცარ დაკვირვებებს ახდენენ. შესაბამისად, სახელმძღვანელოები ძალიან სწრაფად იწყებენ ინფორმაციულად ჩამორჩენას. ხუთი წლის წინ გამოცემული სახელმძღვანელოებიც მოძველებულად მიმაჩნია.

სასურველია, რომ სკოლები და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები თანამედროვე სასწავლო ტექნიკით აღიჭურვოს, იგივე ითქმის სამეცნიერო დაწესებულებებზეც. თანამედროვე ნეიროფიზიოლოგია უახლესი ფუნქციური ვიზუალიზაციური აპარატურის გარეშე ძნელი წარმოსადგენია, რაზეც სამწუხაროდ, საქართველოში წვდომა არ გვაქვს.

რჩევა

– ახალგაზრდა ჯერ კარგად უნდა ჩამოყალიბდეს, სანამ უმაღლესი განათლების მიღებას შეუდგება და შემდეგ ძალიან ბევრი უნდა ისწავლოს. სტუდენტების დიდ ნაწილს მუშაობაც უწევს, რომ სწავლის საფასური გადაიხადოს. შედეგად, სწავლისთვის საკმარისი დრო აღარ რჩება. იმედია, ამ საკითხს სახელმწიფო დაარეგულირებს და სამუშაო განრიგი, სასწავლო პროცესზე მორგებული იქნება.

ავტორი: ირაკლი შალამბერიძე

Foster

გაზიარება
[elfsight_social_share_buttons id='1']