მერძევეობა – კურსდამთავრებულები თანამედროვე საწარმოებში

[elfsight_social_share_buttons id='1']

მერძევეობა – რძის (ძროხის, ცხვრის თხის და ა.შ.) წარმოება მეცხოველეობის ერთ-ერთი მიმართულება გახლავთ. თავდაპირველად, მეცხოველეობის ფაკულტეტი საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ცვლილებები გატარდა, რის შედეგადაც მეცხოველეობისა და ვეტერინარიის ფაკულტეტი აგრარული უნივერსიტეტის ნაწილი გახდა. გაერთიანების (ფორმირების) პერიოდში, დარგში „წყვეტილობა“ იყო ანუ იმ დროს კადრების გამოზრდა არ ხდებოდა. დღესდღეობით, მეცხოველეობის შესწავლა აგრარულ და ტექნიკურ უნივერსიტეტებშია შესაძლებელი.

მერძევეობა

განათლება

აგრარულ უნივერსიტეტში მეცხოველეობის ფაკულტეტზე მერძევეებს ნედლი რძის წარმოებას და რძის პროდუქტებად გადამუშავებას ასწავლიან. კურიკულუმში ზოგადი და სპეციფიკური საგნებია შეტანილი. მეცხოველემ უნდა იცოდეს: ცხოველთა ფიზიოლოგია, ანატომია, კვება, გენეტიკა, მომშენებლობა და ა. შ. საბაზისო ცოდნის შეძენის მერე, სტუდენტები დარგების სელექციასა და წარმოების შესწავლას იწყებენ.

დასაქმება და შრომის ანაზღაურება

ყოველ წელს, სასწავლო პროცესის დასრულებისას, დამსაქმებლები სტუდენტებთან შეხვედრებს მართავენ, სადაც კონტიგენტს არჩევენ. ჯერჯერობით, ამ დარგში მომუშავეთათვის საშუალო ხელფასი დადგენილი არ არის. შრომის გასამრჯელოს შესახებ შეთანხმება ინდივიდუალურად, მეწარმესთან გასაუბრების შემდეგ ხდება.

ახალბედა სპეციალისტებს (კურსდამთავრებულებს) პრაქტიკული  სამუშაოები და გამოცდილების დაგროვება სჭირდებათ, რაც დროსთან არის დაკავშირებული. გამოცდილების დასაგროვებლად, „სტაჟიორის“ სტატუსით, დროებით საზღვარგარეთ ან ქართულ საწარმოებში („ყვარლის ბაგა“, „სოფლის ნობათი“, „სანტე“ და ა. შ.) სამუშაოდ მიდიან. ძროხის მოვლას და წველას საკმაოდ დიდი გამოცდილება სჭირდება. ამ სფეროში განათლების გარეშე,  სტაბილური წველადობის შენარჩუნება შეუძლებელია.

თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობა

უნივერსიტეტებში არსებულ ლაბორატორიებსა და სხვადასხვა საწარმოში სტუდენტები პრაქტიკულ ცოდნას იძენენ. კვალიფიკაციის ასამაღლებლად საზღვარგარეთაც მიემგზავრებიან. ცოდნის გამოყენებისათვის მაღალი დონის საწარმოებია საჭირო, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი. საქართველოს მასშტაბით, საწარმოებს ინტენსიური ტექნოლოგიებით თუ არ მოაწყობენ, კურსდამთავრებულების უმრავლესობას სამუშაო ადგილის პოვნა გაუჭირდება. 2020 წლიდან სახლის პირობებში დამზადებული რძის ნაწარმის სავაჭრო ცენტრში შეტანა იკრძალება. ყველა საწარმო „ბიზნესოპერატორის“ სტატუსით უნდა სარგებლობდეს. HACCP-ის სისტემაც (სურსათის უვნებლობის სისტემა, რომლის დანერგვა საქართველოს კანონმდებლობით სავალდებულოა რძის პროდუქტების მწარმოებელი ბიზნესოპერატორებისთვის, რომლებიც ნედლი რძის თერმულ (თბურ) დამუშავებას ახორციელებენ) დანერგილი ექნებათ, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო გააკონტროლებს – საფრთხის შემცველ პროდუქტს ქსელიდან ამოიღებენ.

მერძევეობის განვითარება და მოთხოვნა კვალიფიციურ კადრებზე

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ, სარძეო მეძროხეობის განვითარების კუთხით, რამდენიმე პროექტი შეიმუშავა. 2017 წელს მაღალმთიან რეგიონებში სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების პროგრამით, 29 კოოპერატივი დაფინანსდა, ხოლო 2018 წელს კიდევ 10 პროგრამა დაფინანსდება. პროგრამის ფარგლებში, 25-წლიანი იჯარით, კოოპერატივებს სახელმწიფო სათიბ-საძოვრებს გადასცემს, ტექნიკის  ხარჯების 90%-ს კი – სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაფარავს. შედეგად „10-ტონიანი“ საწარმოები (დღეში 10 ტონა რძეს გადაამუშავებენ) წალკის, დმანისის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში შეიქმნება, ხოლო უკანა ფშავში „2-ტონიან“ გადამამუშავებელ საწარმოს გახსნიან.

ასევე, არსებობს რძის მწარმოებლების სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც გრანტის სახით, კოოპერატივს რძის გადასამუშავებლად საჭირო აღჭურვილობას (ლაფეტი, ტრაქტორი, პრესი და ა. შ.) 10%-იანი თანადაფინანსებით გადასცემს, ხოლო კოოპერატივმა (ბენეფიციარმა) შენობა-ნაგებობა საკუთარი ხარჯით უნდა ააგოს, სადაც HACCP-ის სისტემა იქნება დანერგილი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ პროექტების განხორციელების შედეგად, რეგიონებში კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა გაიზარდა. უნივერსიტეტში სტუდენტები სწორედ ამ საწარმოებში სამუშაოდ ემზადებიან. შემდგარ კოოპერატივებს მეცხოველეები და რძის ტექნოლოგები სჭირდებათ. იმ საწარმოებში, სადაც HACCP-ის სისტემაა დანერგილი, მხოლოდ პროფესიონალებს ეძებენ.

გივი ბასილაძე
გივი ბასილაძე

აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორიგივი ბასილაძე დარგის შესახებ:

„საქართველოში მეცხოველეობა ინტენსიურ განვითარებაზე უნდა გადავიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საოჯახო მეურნეობაში კარჩაკეტილები ვიქნებით: მერძევეები დამატებითი ღირებულების პროდუქციის წარმოებაზე კი არა, ოჯახის გამოკვებაზე იფიქრებენ.

ის პროექტები, რომლებიც სახელმწიფოს ხელშეწყობით ტარდება, კარგად უნდა განხორციელდეს. შედეგად ბევრი დასაქმდება. კვალიფიციურ სპეციალისტში მეწარმე ორმაგს გადაიხდის, თუმცა პირველად წარმოებაში (პირუტყვის მოვლა, შენახვა, ახალი თაობის მიღება, გამოზრდა და ნედლი რძის წარმოება) კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტია.

მეცხოველეობა და ვეტერინარია – ორივე საკმაოდ მოცულობითი დარგებია, ამიტომ ერთად არ უნდა ისწავლებოდეს. მეცხოველეობა ძალიან დიდი სფეროა (რძის პირველადი წარმოება, ხორცის და თევზის წარმოება). ვეტერინარია (მკურნალობა, პროფილაკტიკა და ა.შ.) სერვისია, რომელიც მეცხოველეობას ემსახურება.“

ავტორი: ირაკლი შალამბერიძე

Foster

გაზიარება
[elfsight_social_share_buttons id='1']