მხატვარ-ანიმატორების შემოქმედებითი ხედვა და პროფესიული განვითარება

[elfsight_social_share_buttons id='1']

საქართველოში ანიმაციის ხატვა სამხატვრო აკადემიაში, მედიახელოვნების ფაკულტეტზე ისწავლება, ხოლო ანიმაციის რეჟისურა – თეატრალურ უნივერსიტეტში. ითვლება, რომ კარგი ანიმატორი მსახიობის, რეჟისორის, სცენარისტის, დიზაინერის თუ არქიტექტორის ფუნქციებსაც უნდა ითავსებდეს, ჰქონდეს დროის კარგი შეგრძნება და გამოსახულების სივრცეში ხედვის უნარი.

მხატვარ-ანიმატორი ძირითადად ანიმაციის სამუშაო ვერსიას ამზადებს, რომელსაც შემდეგ ამოხატვა და დამუშავება სჭირდება. ამომხატველი კარგი მხატვარი უნდა იყოს და ანიმატორის ჩანაფიქრს ზუსტად უნდა ასრულებდეს. მათი შრომა თანაბრად არის გადანაწილებული, თუმცა ანიმაციის მთავარ განწყობას ანიმატორი ქმნის. შესაბამისად, ამომხატველთან შედარებით, მისი ანაზღაურებაც მეტია.

სანდრო ქათამაშვილი, კომპანია „ანიმატორის“ თანადამფუძნებელი: „ანიმაციურ ფილმ „ბებოზე“ მუშაობისას ფონებს ფანქრით ვხატავდით. იმის ფუფუნება არ გვქონდა, რომ ანიმაცია შეგვექმნა – ბევრი ფურცელი, ფაილების სკანირება, ტექნიკა, დრო და რესურსი სჭირდებოდა. ხელით დახატული ფონი და კომპიუტერში აწყობილი გამოსახულება ერთმანეთთან არაბუნებრივად თავსდებოდა. ვნახეთ მხატვარი, რომელმაც შესაბამისი კომპიუტერული ფუნჯი (ბრაში) გამოიგონა, რომელიც ხელით დახატული ფონის შესაფერისი იყო. სამწლიანი მუშაობის შემდეგ შედეგი საინტერესო გამოვიდა“.

კომპანიები „ანიმატორი“, „ჯიბის სტუდია“, „კვალი XXI“, „ლირა პროდაქშენი“ და სხვ. პირად პროექტებზეც მუშაობენ და შეკვეთებზეც. პირადი პროექტებით (ანიმაციური ფილმები) ძირითადად ფესტივალებზე თავის დამკვიდრების მიზნით გამოდიან, ხოლო შეკვეთები (სარეკლამო ანიმაციები, პოლიტიკური სერიალები და სხვ.) მათთვის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.

არსებობს მაღალბიუჯეტიანი მასშტაბური პროექტები, რომლებზეც ანიმატორთა ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნიდან ერთობლივად მუშაობენ. ანიმატორები საქართველოში ასეთ პროექტებში იშვიათად ერთვებიან, რადგან ქართულ კომპანიებში საკმარისი კადრი არ ჰყავთ ან რთული სამუშაოს შესასრულებლად პროფესიონალიზმი არ ჰყოფნით. კარგი ანიმატორები და მხატვრები საქართველოშიც არიან, თუმცა სტაბილურად მაღალი სტანდარტით ორგანიზებული მუშაობა უჭირთ. ერთი პროექტის დასრულების შემდეგ, სანამ მეორე პროექტი დაიწყება, ბევრი სამუშაო ადგილს იცვლის. ამიტომ ამ სფეროში თანამშრომლების შენარჩუნებაც პრობლემას წარმოადგენს.

პრობლემების მიუხედავად, საერთაშორისო ფესტივალებზე ქართული ანიმაციების პრემიერა უკვე ბევრჯერ გაიმართა. ქართული ანიმაციური ფილმი, „მეთევზე და გოგონა“ ანსის საერთაშორისო ფესტივალზე წარმოადგინეს, „ჯიბის კაცი“ ათი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, „ომის იავნანა“ ბერლინალეს პროგრამაში მოხვდა და ა.შ. საერთაშორისო ფესტივალებზე მონაწილეობა საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ ანიმატორებმა საკუთარი შემოქმედებითი ხედვა და სტილი მსოფლიოს გააცნონ. შედეგად მათთან თანამშრომლობით საერთაშორისო კომპანიებიც ინტერესდებიან. მაგალითად: ქართველ ანიმატორთა ერთ-ერთმა ჯფუფმა („ანიმატორი“) TED-ის საგანმანათლებლო პლატფორმისთვის (TedED) ანიმაციური ფილმები შექმნა, რომლებსაც მასწავლებლები სასწავლო პროცესში იყენებენ.

ნანა სამანიშვილინანა სამანიშვილისამხატვრო აკადემიანანა სამანიშვილი

უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა მაღალკვალიფიციური სამუშაოს შესასრულებლად საკმარისი არ არის, რადგან მედიახელოვნების ფაკულტეტზე ანიმაციას ცოტა დრო ეთმობა. პროფესიულ სასწავლებლებში კი ამ მიმართულებით სწავლება საერთოდ არ ხდება. ამიტომ, სწავლების დასრულების შემდეგ ანიმატორები, ცოდნის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა კომპანიაში ენთუზიაზმით მუშაობენ ან რეზიდენციის პროგრამით საზღვარგარეთ მიდიან. თანამედროვე ეპოქაში ადამიანს კომპიუტერით თუ პლანშეტით საკუთარი თავის დასაქმება დამოუკიდებლადაც შეუძლია. ბევრი ახალბედა თუ პროფესიონალი ანიმატორი კონტაქტებს ინტერნეტით ამყარებს (მაგ: upwork.com, jobs.cartoonbrew.com) და მუშაობას ამ ფორმით იწყებს.

ანიმაციების მიმართ ინტერესი და მათი შექმნის სურვილი მცირე ასაკიდან ჩნდება. ამიტომ ანიმატორებმა რაც შეიძლება ბევრ ანიმაციურ ფილმს ბავშვობაში და შემდეგ უკვე ზრდასრულ ასაკში, საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე, უნდა უყურონ. ანიმაციური ფილმებით განსაკუთრებით შემდეგი ქვეყნები გამოირჩევიან: კანადა (მაგ: The Street –Caroline Leaf), საფრანგეთი (მაგ: The Triplets of Belleville – Sylvain Chomet), ჰოლანდია (მაგ: Father and daughter – michael dudok de wit) იაპონია (მაგ: Spirited away – Hayao Miazaki ) და რუსეთი (მაგ: Винни Пух – Фёдор Хитрук). ანიმატორებს თავიანთ პროფესიაში ყველაზე მეტად ის ხიბლავთ, რომ ფანტაზიას ნახატის საშუალებით „აცოცხლებენ“. მათ პერსონაჟებს ემოციების გამოხატვა შეუძლიათ და თავიანთ უნიკალურ სამყაროში ცხოვრობენ.

ავტორი: ირაკლი შალამბერიძე

Foster

[elfsight_social_share_buttons id='1']