მოსწავლე გოგონების სამეცნიერო გამოგონებები

[elfsight_social_share_buttons id='1']

შორენა გუჯაბიძე (17 წლის), დეა ილარიონოვა (18 წლის) და მარინა გუჯაბიძე (18 წლის) ერთმანეთს 2 წლის წინ, სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS -ში შეხვდნენ. მას შემდეგ ერთად არაერთი სამეცნიერო პროექტი განახორციელეს, რომლებიც ადგილობრივ და საერთაშორისო კონკურსებზე წარადგინეს.

სამეცნიერო საგნები სამივეს ერთნაირად აინტერესებს. გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა, სხვადასხვა პროექტებზე მუშაობისათვის, საკმარისად არ მიიჩნიეს. ამიტომ, სკოლის ბაზაზე არსებულ STEM ინჟინერიის კლუბში გაწევრიანდნენ, რომლის ხელმძღვანელი თეიმურაზ ჩიჩუა გახლავთ. კლუბში გაწევრიანების შემდეგ, გამოცდილების მიღებასთან ერთად, სხვადასხვა სამეცნიერო დარგის სიღრმისეულად შესწავლა დაიწყეს.

ბევრი სწავლისა და შრომის მიუხედავად, კონკურსებზე არაერთხელ დამარცხდნენ. გოგონები განიცდიან იმ ფაქტს, რომ საქართველოში ჟიურის წევრები მეტ ყურადღებას პროექტის ფინანსურ სარგებელზე, პრაქტიკულობასა და ვიზუალურ ეფექტზე ამახვილებენ. საერთაშორისო კონკურსებზე, მეტი ყურადღება შრომასა და იმ გზას ეთმობა, რაც იდეიდან პროექტის განხორციელებამდე გადის.

გოგონებმა ბოლო პერიოდში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსში „ლეონარდო და ვინჩი – 2017“, სადაც მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს. კონკურსზე  წარმოადგინეს პროექტი: „დიდ ფორმატიანი მოზაიკური ეკრანები შლიერენის გამოსავლენად”. სწორედ ამ მეთოდს იყენებს „ნასა“ თვითმფრინავებისა და ძრავის კომპონენტების მოდელების ქმედითუნარიანობის დასადგენად. გოგონებმა არსებული ხელსაწყო დახვეწეს – მომხმარებლისთვის მარტივად გამოყენებადი და ფინანსური თვალსაზრისით უფრო ხელმისაწვდომი გახადეს. იგივე პროექტით გაემგზავრნენ პიტსბურგში, სადაც მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული კონკურსის –  Intel ISEF (Intel International Science and Engineering Fair) მონაწილეები გახდნენ. მოგვიანებით დუბლინში, ევროპის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსზეც (European Contest for Young Scintists 2018) აღმოჩნდენ, სადაც გოგონებს კონკურენციას 39 ქვეყნიდან, 132 წარმომადგენელი (14-20 წლამდე), 87 პროექტით უწევდა. მონაწილეები საკუთარ ქვეყნებში კონკურსის გამარჯვებულები იყვნენ. ახალგაზრდები ასაკობრივ კატეგორიებად არ იყვნენ დაყოფილი, ამიტომ ყველა მონაწილე თანაბრად ფასდებოდა. კატეგორიები არც დარგებს ჰქონდა. გოგონების გუნდი საქართველოდან, მე-3 საპრიზო ადგილას გავიდა და ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც ფიზიკის მიმართულებით გამარჯვებულთა სიაში მოხვდა.

ეს წარმატება ალბათ, იმის შედეგია, რომ სწავლასა და შრომაში უდიდეს ენერგიას ხარჯავენ. ისინი როლებს ძალიან საინტერესოდ ინაწილებენ: შორენა და დეა უფრო მეტად ინჟინრულ საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას, (მაგ: ელექტრო სქემების აწყობა), ხოლო თეორიულ მხარეზე  მარინა ზრუნავს. მუშაობისას ერთმანეთს ხშირად ეხმარებიან და ყველა დავალებების შესრულებას თითქმის თანაბრად ახერხებენ.

ძირითადად გოგონები პროექტზე მუშაობას პრობლემის აღმოჩენით იწყებენ. მაგალითად, ბოლო პროექტზე მუშაობას სანამ დაიწყებდნენ, რომელიც ჰაერის დაბინძურების თემაზე მოამზადეს, ეპიდემიების გავრცელების პრევენციაზე, სოკოს სპორებთან, ვირუსებთან და ალერგენებთან ბრძოლაზე მსჯელობდნენ. დაასკვნეს, რომ საზოგადოების თავშეყრის ადგილას მიკროორგანიზმების კონცენტრაცია საგრძობლად მაღალია, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში. ერთ-ერთი ასეთი ადგილი კი აეროპორტია. გოგონები შეეცადნენ ეპიდემიისა და ვირუსების გავრცელება აეროპორტში მაქსიმალურად დაეხშოთ. აღმოაჩინეს, რომ იონიზატორი, ოზონატორი, ულტრაიისფერი ნათურა და ვინტილაციის სისტემა მხოლოდ ნაწილობრივ მუშაობს (ვინტილაციის სისტემა კანს აშრობს, ულტაიისფერი ნათურა თვალის ბადურებს „წვავს“ და ა.შ.). კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ ბაქტერიების, ვირუსების და სხვა მიკროორგანიზმების გარეთა შრე დამუხტულია. გოგონებმა შექმნეს მოწყობილობა – „წყლის ფარი“, რომელიც ვან დე გრააფის (მუხტების) გენერატორის დახმარებით მუშაობს და მის ორ მხარეს ერთმანეთის საპირისპირო ნიშნით ჭარბად დამუხტული წყალი ჩამოედინება. ის საპირისპირო ნიშნით დამუხტული მიკროორანიზმების გარე შრეს გაანადგურებს და წყლის აუზში ჩაიტანს. დანადგარი სივრცეს მტვრისგან, აეროზოლებისა და ნებისმიერი სხვა მიკროდამაბინძურებლისგან ასუფთავებს. საწყის ეტაპზე პროექტის გამოყენება თბილისის აეროპორტში მდებარე დეკორატიული წყლის ფარდის საშუალებით არის შესაძლებელი.

 

„სანამ ამ პროექტს შევქმნიდით, მიკრობიოლოგებთან კონსულტაციები გავიარეთ. აგრარულ უნივერსიტეტში გიორგი მელაშვილმა, პეტრის თეფშზე მოხვედრილი ბაქტერიების მიხედვით, ჰაერის სისუფთავის დონის განსაზვრა გვასწავლა.“ – შორენა გუჯაბიძე

გოგონები, რომლებიც ასეთი მნიშვნელობის პროექტებზე მუშაობენ, ამ ეტაპზე მე-12 კლასში არიან. ყველაზე მეტად ფიზიკა და ინჟინერია იტაცებთ. შორენა და მარინა არქიტექტურულ ინჟინერიაზე, ხოლო დეა კომპიუტერულ ინჟინერიაზე ჩაბარებას გეგმავს. სამივეს სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ სურს, სადაც დაფინანსების მოპოვების იმედი აქვთ. საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულ ბავშვებს დაფინანსების მიღების უფრო მეტი შანსი აქვთ. კონკურსი Intel ISEF, მეცნიერება და ინჟინერიის დარგში მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, სადაც მონაწილეობის მიღება ძალიან პრესტიჟულია. მსოფლიოს მასშტაბით უნივერსიტეტები კი აღნიშნულ კონკურსში  მონაწილე ახალგაზრდა მეცნიერებზე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ.


თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, კონსულტანტი სერვანტესის სახელობის გიმნაზიაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთავარი სპეციალისტი ახალი სასწავლო ტექნოლოგიების დანერგვის საკითხში, თეიმურაზ ჩიჩუა:

– პირდაპირი მნიშვნელობით ჩემს მოსწავლეებს არაფერს ვასწავლი. ჩვენ ერთად ვსჯელობთ სხვადასხვა პრობლემაზე, რომლის გადაწყვეტას ისინი მიზნად ისახავენ ხოლმე. რადგან ცოდნა მათი ამოცანის გადაჭრის საშუალებაა, ის აღარ განისაზღვრება მასწავლებლისგან მიღებული ნიშნებით. ირლანდიაში გოგონების ცოდნით გაოცებულები იყვნენ, ეს ცოდნა მათ პრობლემის გადაჭრის პროცესში მიიღეს. გაგიკვირდებათ ისეთი ტემპით სწავლობენ, დილით მოდიან და გვიან საღამომდე მუშაობენ: კითხულობენ, ინტერნეტში ინფორმაციას ეძებენ, რთული ციფრები და ტერმინები ზეპირად ახსოვთ – მუშაობის პროცესში „შემოესწავლათ“.

დეამ ერთხელ თქვა: თუ ნამუშევარს დენის წყაროსთან მივაერთებთ და არ აფეთქდება, ეს უდიდესი ბედნიერებააო. მართლაც კოლოსალური შრომაა, გოგონები მანამდე მუშაობენ, სანამ პროექტს წარმატებით არ დაასრულებენ. მსგავსი პროექტები, რაზეც ჩემი მოსწავლეები შრომობენ, საზღვარგარეთ 100-დან 250-მდე ათასი დოლარითაც ფინანსდება. სამწუხაროდ, ჩვენთან ასე არ ხდება და მშობლების იმედად ვართ დარჩენილნი. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური რესურსი ჩვენთან ძალიან დაბალია, ფაქტია, რომ საერთაშორისო კონკურსებზე მოწინავე პოზიციებს ხშირად ვიკავებთ.

ვფიქრობ, ჩემთან მოსული ბავშვები  შემოქმედები არიან, ხოლო შემოქმედება თავისუფლებისგან განუყოფელია. თუ ახალგაზრდებს თავისუფლებას შეუზღუდავ, შემოქმედებითად ნაკლებად იაზროვნებენ, ამიტომ მათ მაქსიმალურ თავისუფლებას ვაძლევ. ჩვენ მეგობრები ვართ და თანაბარი ურთიერთობა გვაქვს. ასეთი მიდგომით ისინი საკუთარი თავის აღმოჩენასა და  რეალიზებას უკეთ ახდენენ.

ავტორი: ირაკლი შალამბერიძე

Foster

გაზიარება
[elfsight_social_share_buttons id='1']