მოზარდთა მშობლობა – როგორ ზრდიან მშობლები შვილებს

[elfsight_social_share_buttons id='1']

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ 2018 წელს ჩატარებული კვლევა – “მოზარდთა მშობლობა”, მიზნად ისახავს საქართველოში მოზარდების მშობლებისა და თავად მოზარდების (10-13 და 14-17წ.) კვლევას. კვლევა მოიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ესმით მშობლებს მოზარდის მშობლობა, როგორ აღზრდის სტილს მიმართავენ ისინი და როგორ აისახება ეს ყოველივე მოზარდების განვითარებაზე.

კვლევის შედეგების გამოყენება შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს როგორც ჯანდაცვისა და განათლების სფეროში მომუშავე სახელმწიფო თუ არასამთავრობო სექტორისთვის, ასევე, იმ ორგანიზაციებისთვის და პირებისთვის, რომელთა ბენეფიციარები მოზარდები და მათი მშობლები არიან, მაგალითად: ფსიქოლოგებისთვის, სოციალური მუშაკებისთვის, მკვლევარებისთვის და ა.შ.

გთავაზობთ კვლევის მიგნებებიდან იმ მნიშვნელოვან ფაქტორებს, რომელზეც, ვფიქრობთ, ყურადღება განსაკუთრებით უნდა გამახვილდეს.

მიჯაჭვულობა

მშობლებთან მიჯაჭვულობა და ახლო კავშირი მოზარდების ემოციურ სტაბილურობასა და უსაფრთხოების შეგრძნებას აძლიერებს. მოზარდებს სურთ, რომ მშობლებს მათი ესმოდეთ და ენდობოდნენ მათ – იყვნენ დამოუკიდებლები და ავტონომიურები. მოზარდებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა მათ სიყვარული უპირობოდ გამოუცხადონ. ის მოზარდები, რომლებსაც მშობლებთან გახსნილი და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა აქვთ, გამოირჩევიან თავდაჯერებულობით და თვითრეფლექსიის გაძლიერებული უნარიც აქვთ. ისინი საკუთარ ემოციებსა და გრძნობებს უკეთ მართავენ.

როლები და პასუხისმგებლობები

მშობლები ცდილობენ მოზარდების საოჯახო საქმეებში ჩართვას, თუმცა უპირველეს მოვალეობად მოზარდისთვის სწავლა მიიჩნევა. საუკეთესო პრაქტიკა ოჯახში პასუხისმგებლობების განაწილების მხრივ არის გუნდურობის პრინციპით გადანაწილებული როლები და პასუხისმგებლობები, რაც მათ შორის უკეთეს თანამშრომლობით დამოკიდებულებას აყალიბებს. თუ ოჯახში მშობლებსა და მათ შვილებს ერთმანეთთან გახსნილი ურთიერთობა აქვთ, დაძაბულობა და უთანხმოება მცირდება. შედეგად, მოზარდიც ნაკლებად უკმაყოფილოა მასზე დაკისრებული მოვალეობებით.

მოზარდებში თვითდისციპლინის ჩამოყალიბება საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია. მშობლებმა შვილებს შრომის, მოწესრიგებულობის და წინსვლის მაგალითი უნდა უჩვენონ. სამწუხაროდ, საქართველოში კვლავ მიმართავენ ავტორიტარულ აღზრდის სტილს, რომელიც მშობელს შვილთან მიმართებაში ძალაუფლებრივ პოზიციაში აყენებს. მშობლები ხშირად მიმართავენ ფსიქოლოგიური დასჯის მეთოდს, რაც მოზარდის განვითარებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

გადაწყვეტილების მიღების პროცესი

მოზარდები ადვილად იღებენ რაციონალურ გადაწყვეტილებას, როდესაც მათი დამოუკიდებლობა წახალისებულია და თან მშობლებისგან პატივისცემას გრძნობენ. მშობლებმა სასურველია გაითავისონ ის გარემოება, რომ თავად მოზარდობის პერიოდი მოზარდის ცხოვრების სტილის შეცვლას გულისხმობს, რაც ექსპერიმენტების ჩატარებაში გამოიხატება.

პიროვნების განვითარების ამ ეტაპზე სახლის გარეთ აქტივობებსა და ახალი კონტაქტების დამყარებას დიდი ადგილი ეთმობა, ხოლო სწავლა მეორეხარისხოვანი ხდება. ცხოვრების ამ პერიოდში ახალგაზრდები შესაძლოა მეტად რისკიანებიც გახდნენ, რაც ზოგჯერ მათი ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი ხდება, ასევე, ხშირად იცვლიან გარეგნულ სტილს თუ იმიჯს.

მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ ასაკობრივი განვითარების თავისებურება, რომ მოზარდები უპირისპირდებიან ოჯახურ გარემოში არსებულ წესებს და თავიანთი ასაკის თანატოლებში არსებული წესების მიმართ დიდ კონფორმიზმს ავლენენ.

მშობლების ჩართულობა განათლების საკითხებში

მშობლის ერთ-ერთი მოვალეობა მოზარდის განათლების პროცესში ჩართულობაა. ჩართულობა, ბუნებრივია, მხოლოდ სწავლის პროცესის კონტროლს არ გულისხმობს, არამედ მოზარდის ინტერესებზე დაკვირვებას და მის განვითარებაზე ზრუნვას.

გოგონებში ნაკლებადაა წახალისებული ისეთი პროფესიები, როგორიცაა STEM საგნები: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა. მაგალითად, მშობლებს გაუხარდებათ, როცა გოგონა ფიზიკაში 10 ქულას მიიღებს, მაგრამ თუ ის მომავალ პროფესიად ფიზიკოსობას აირჩევს, ეს არ იქნება გოგონას ოჯახში მხარდაჭერილი, რადგან მაგალითად ინჟინრობა კაცის პროფესიად მიიჩნევა.

სასურველია პროფესიის არჩევის პერიოდში მშობლებმა წაახალისონ პროფესიის დამოუკიდებლად არჩევა, შეუქმნან შვილებს გარემო, სადაც ისინი მოიძიებენ ინფორმაციას პროფესიების შესახებ, გააცნობიერებენ საკუთარ ინტერესებს და გააკეთებენ არჩევანს.

ასევე, მშობლები იმ ბავშვებს, რომლებსაც სწავლა უჭირთ, ნაკლებ დავალებას აძლევენ. ეს რეალურად უარყოფით გავლენას ახდენს მოზარდზე, რადგან არ ხდება იმის დადგენა და აღმოფხვრა, თუ რატომ უჭირს მოზარდს რაიმეს სწავლა. ხოლო ამგვარი დამოკიდებულების ფონზე მოზარდი შეიძლება ბედს შეეგუოს და შედეგების გაუმჯობესებას აღარ ეცადოს. ასეთ დროს სასურველია მშობლებმა სპეციალისტსაც მიმართონ.

სქესობრივი განათლება

სქესობრივი განათლება საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება. გენდერულ ჭრილში როლები საკმაოდ სტერეოტიპულად არის გადანაწილებული, თუ ვინ უნდა ისაუბროს სქესობრივ მომწიფებაზე გოგოსთან და ბიჭთან ოჯახში. ქართულ ოჯახებში ითვლება, რომ ბიჭს ინფორმაცია სქესობრივი განათლების შესახებ მამამ უნდა მიაწოდოს, ხოლო გოგოს დედამ, რაც ოჯახში გენდერულ სტერეოტიპებს აყალიბებს.

საქართველოში არსებული ტრადიციული ღირებულებების ფონზე, თავად მშობლებიც არ არიან მზად, რომ შვილებთან სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებით გახსნილად ისაუბრონ. იმის გამო, რომ მოზარდებს რცხვენიათ სქესობრივ საკითხებზე მშობლებთან საუბრის, ამ თემაზე ინფორმაციას არაკვალიფიციური წყაროებიდან იგებენ (ინტერნეტი, თანატოლების წრე და ა.შ.). სასურველია მშობლებმა შვილებთან მათთვის აქტუალურ თემებზე ღიად საუბარი შეძლონ.

ბულინგი

მოზარდობის პერიოდში განსაკუთრებულად აქტუალური ხდება ძალადობის სხვადასხვა ფორმები, კერძოდ, ჩაგვრა (ბულინგი) თანატოლების მხრიდან.
მოზარდი ბიჭები უფრო მეტად განიცდიან ძალადობას თანატოლებისგან, ვიდრე გოგონები, რაც ძირითადად ფიზიკურ შეხებაში, ჩხუბში, ცემაში და დაცინვაში გამოიხატება. სამწუხაროდ, საქართველოში მშობელი ხშირად თავად წაახალისებს ბავშვს ძალადობისკენ, საპასუხო მოქმედებისკენ და თავდაცვის კონტექსტში ფიზიკურ თავდაცვაზე მიუთითებს.

მნიშვნელოვანია ბულინგის შესახებ მშობლებისა და მასწავლებლების ინფორმირებულობა. სასურველია მშობლებმა მოთმინება იქონიონ და მხარდაჭერით უპასუხონ მოზარდების მონაყოლს, არ დაადანაშაულონ ან გაკიცხონ ისინი, რომ მოზარდებმა ემოციურად უსაფრთხოდ იგრძნონ თავი ოჯახში და შედეგად, მშობლებთან ბულინგის გამოცდილებაზე საუბარი თავისუფლად შეძლონ. ეს კი მშობელს დაეხმარება პრობლემაზე სწორად მოახდინოს რეაგირება, კერძოდ, პრობლემის აღმოსაფხვრელად დროულად მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას ან ფსიქოლოგს.

კვლევაში კარგად ჩანს, რომ მშობლები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ თავიანთი შვილების ემოციურ და კოგნიტურ განვითარებასა თუ ქცევის ჩამოყალიბებაზე, რადგან სწორედ ოჯახში ხდება ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბება. ვთვლით, რომ კვლევების პოპულარიზება და მათ შესახებ საჯაროდ მსჯელობა მნიშვნელოვნად აამაღლებს საზოგადოების ცნობიერებას.

კვლევის სრული ვერსია 

ციტატები კვლევიდან 

სტატიის ავტორი: სოფო ვასაძე

Foster

გაზიარება
[elfsight_social_share_buttons id='1']