მეგი კავთუაშვილი – მშობლების როლი ბავშვების განათლებაში

[elfsight_social_share_buttons id='1']

ასოციაცია – „მშობლები განათლებისთვის“ საგანმანათლებლო სისტემაში მშობელთა ჩართულობის გაზრდის ინიციატორია. ის 2018 წელს 8 ადამიანმა დააფუძნა. ამჟამად, მისი წევრების რაოდენობა უკვე 1000-ს აჭარბებს. ორგანიზაციის დაარსების იდეაზე, საქმიანობასა და მიზნებზე მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი – ქალბატონი მეგი კავთუაშვილი გვესაუბრება…

მეგი კავთუაშვილი
მეგი კავთუაშვილი

ხიდჩატეხილობა სასკოლო საზოგადოებასა და მოსწავლეების მშობლებს შორის

– ასოციაციის – „მშობლები განათლებისთვის“ შექმნის იდეა იმ ხიდჩატეხილობის გამო გაჩნდა, რაც სასკოლო საზოგადოებასა და მოსწავლეთა მშობლებს შორის არსებობს. ჩვენ შევქმენით ორგანიზაცია და გვინდა, ეს ხიდი აღვადგინოთ. რატომღაც, დღეს მშობელს არავინ ეკითხება, თუ როგორი განათლება სურს შვილისთვის. გამყარდა სტერეოტიპი, რომ მშობელი დაკავებულია, შვილისთვის არ სცალია და ა. შ. რიგ შემთხვევებში, მშობელი სასწავლო პროცესს ვერც აკონტროლებს, რასაც მიზეზები აქვს და არ შეიძლება, ყველაფერი იმას დავაბრალოთ, რომ მშობელს შვილის განათლება არ აინტერესებს. იმის გამო, რომ გვჯერა, უამრავი მშობელია, ვისაც აღელვებს, თუ რას, როგორ და ვინ ასწავლის ჩვენს შვილებს სკოლაში, წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციის ფორმა ავირჩიეთ. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ცალკეულ მშობლებს პრობლემებთან გამკლავება უჭირთ. მარტო დარჩენილი მშობელი, რომელსაც, არათუ სასკოლო საზოგადოება, სხვა მშობლებიც კი აღარ უმაგრებენ ხოლმე ზურგს, ისეთი დიდი სტრესის ქვეშაა, რომ ან ჩუმდება, ან  – ბავშვი სხვა სკოლაში გადაჰყავს და ა. შ. ძალიან ბევრი ადამიანი შემოგვიერთდა. ვფიქრობთ, ერთად მოვახერხებეთ, რომ ჩვენი (როგორც სისტემის დამკვეთის) ხმა გავაგებინოთ განათლების პოლიტიკის შემქმნელებს და პრიორიტეტებად განვსაზღვროთ, რომ უსაფრთხო, პოზიტური სკოლა გვინდა, სადაც პრიორიტეტულია ბავშვების თავისუფალ, ლაღ, კეთილშობილ, პროგრესულად მოაზროვნე ინდივიდებად აღზრდა; სადაც ბავშვს უხარია მისვლა, რადგან ზოგადი გარემო და დამოკიდებულებები (თანატოლებთან, მასწავლებლებთან, პერსონალთან…) არის მეგობრული, ღიმილიანი, თბილი, გულისხმიერი და პატივისცემით გაჯერებული.

საქმიანობის მიზანი და ამოცანები

– ორგანიზაციას აქვს ერთადერთი მიზანი – მშობელთა შესაძლებლობების განვითარებით და მათი ჩართულობის ხელშეწყობით, სკოლებში დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერება.

ორგანიზაციის ამოცანებს რაც შეეხება, ეს გახლავთ:

  • მშობელთა და ბავშვთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა;
  • მშობელთა განათლება და დემოკრატიული ცნობიერების ამაღლება;
  • განათლების პოლიტიკაში ბავშვების საუკეთესო ინტერესების ადვოკატირება;
  • განათლების მართვაში მშობელთა მონაწილეობის ხელშეწყობა.

მშობლის როლი ბავშვის განათლების პროცესში

– საერთაშორისო და ეროვნული კვლევებით დადგენილია, რომ სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და მართვაში მშობლების ჩართულობა მოსწავლეების მოტივაციასა და აკადემიურ მოსწრებაზე დადებითად მოქმედებს, სასიკეთო გავლენას ახდენს განათლების პოლიტიკაზე. მოსწავლე, რომლის მშობელიც ჩართულია შვილის განათლების პროცესში, წარმატებით ამთავრებს სკოლას და სწავლის გაგრძელების უკეთესი შესაძლებლობები აქვს. ასევე, დადებითად არის სკოლის მიმართ განწყობილი, უკეთესი ურთერთობები აქვს, როგორც სკოლის თანამშრომლებთან, ასევე ოჯახის წევრებთან. ბავშვის განათლების პროცესში მონაწილეობის შედეგად, მშობელი თავდაჯერებული ხდება, საკუთარი შვილის მიმართ  კი – უფრო გამგები, მზრუნველი და ნაკლებად მკაცრი.

კითხვები, რომლებსაც მშობელი სკოლაში უნდა სვამდეს

– მშობლის მოვალეობაა, რომ უპირველეს ყოვლისა, დაინტერესდეს სამი ფაქტორით:

  • დარწმუნდეს, რომ სადაც შვილი სასწავლებლად მიჰყავს, ის ადგილი უსაფრთხოა;
  • ჩაღრმავებით უნდა დაინტერესდეს, თუ რას და როგორ ასწავლიან ბავშვს სკოლაში;
  • ისინი, ვინც ბავშვთან კონტაქტში იქნებიან (მასწავლებლები, აღმზრდელები), არიან თუ არა კაცთმოყვარე, ბავშვების მოყვარული ადამიანები?

აღნიშნულ 3  საკითხზე მშობელს დასაბუთებული პასუხები უნდა ჰქონდეს.  სკოლა უნდა იყოს ამ ცნობების პროაქტიულად მაუწყებელი, მშობელი კი – მომთხოვნი. თანამშრომლობა ამ ნიადაგზე უნდა შედგეს.

კომუნიკაციის მნიშვნელობა

– როგორც მშობლის პასიური როლი შეიძლება, რომ ნეგატიური შედეგის მომტანი იყოს, ისე ჰიპერაქტიურობაც არ არის შედეგზე ორიენტირებული ქმედება: მშობელი მხოლოდ მოსწრებით არ უნდა ინტერესდებოდეს – ისე, რომ არ იცოდეს, ბავშვს რას, როგორ ასწავლიან და როგორ აფასებენ. უპირობო ნდობამ იქამდე მიგვიყვანა, რომ ფაქტობრივად, დღეს სკოლასა და ოჯახს შორის ხიდი აღარ არსებობს. ნებისმიერი განსხვავებული აზრი თავდასხმად და შეურაცხყოფად აღიქმება.  როცა მშობელი დავინტერესდები, ჩემს შვილს მასწავლებელი რას და როგორ ასწავლის, შეფასების რა კრიტერიუმები აქვს სკოლას თუ მასწავლებელს, ღიმილით უნდა მიმიღონ, კარი ფართოდ გამიღონ, მიპასუხონ, ჩემი ჩართულობით დაგეგმონ აქტივობები, მითხრან – რა უჭირთ, რა ულხინთ? ჩემი რესურსი გამოიყენონ, მომისმინონ – ისევე, როგორც მე მივდივარ და ვისმენ… სინამდვილეში, ახლა ნდობა არ არსებობს.  ახლა არის იძულებითი ურთიერთობის ფორმა: დაგიბარეს? უნდა მიხვიდე, მაგრამ დამეთანხმებით, ისეთი სიტუაცია არ არის, რომ სკოლაში მიგიხაროდეს, იქ მისვლა გეხალისებოდეს… ჩვენ გვინდა, რომ სასიამოვნო ურთიერთობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა ავაწყოთ.

ორგანიზაციის მიღწევები, შედეგები და სამომავლო გეგმები

– მიმდინარე წლის დასაწყისში, 8 ადამიანმა დავაფუძნეთ ორგანიზაცია – „მშობლები განათლებისთვის“. ამჟამად, ჩვენი წევრების რაოდენობა 1000-ს აჭარბებს. ეს რიცხვი უტყუარი დასტურია იმისა, თუ რამდენი თანამოაზრე ჰყავს მშობელთა როლის გააქტიურებას სკოლებში. კოალიციის – „განათლება ყველასათვის – საქართველო“ დახმარებით, ქვეყნის მასშტაბით, რეგიონულ ტურს ვახორციელებთ. ვსწავლობთ, როგორც მშობელთა საჭიროებებს, ისე სკოლების მზაობას. პარალელურად, კონკრეტული შემთხვევების დროს, დაინტერესებულ მშობლებს კონსულტაციას ვუწევთ. სამომავლოდ აქტიურ კომუნიკაციას კვლავ გავაგრძელებთ. ისევე, როგორც დღეს, გვექნება ორი მთავარი მიმართულება – მშობელთა განათლება და ადვოკატირება. ორივე მიმართულებით სამუშაო ძალიან ბევრია…

ავტორი: ეთო ყორღანაშვილი

Foster

გაზიარება
[elfsight_social_share_buttons id='1']