ნახატიანი წიგნები და ილუსტრატორის პროფესია – როგორ ჩნდება ინტერესი კითხვის მიმართ

[elfsight_social_share_buttons id='1']

როგორც წესი, პირველი შეხება ლიტერატურასთან და ზოგადად ბეჭდურ სამყაროსთან, ნახატიანი წიგნით იწყება. ილუსტრირებული წიგნები პატარა ასაკში კითხვის მიმართ ინტერესსა და შემოქმედებით აზროვნებას ავითარებს. პატარებს წიგნები ხშირად იმიტომ აღარ უყვართ, რომ მათი ასაკი იმ წიგნის შესაფერისი არ არის, რომლის კითხვაც დაწყებული აქვთ. ილუსტრატორის პროფესია წიგნებთან მუშაობით და ხატვით იწყება, შესაბამისად, ის სასწავლო პროგრამა, რასაც დამწყებ ილუსტრატორებს სთავაზობენ, მრავალფეროვანი და პროფესიული საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია.

სტუდია – „ილუსტრატორში“ უკვე 2 წელია, 5-დან 15 წლამდე მოსწავლეებს, წიგნებთან მუშაობას და მათ ილუსტრირებას ასწავლიან. ამ ასაკობრივ კატეგორიაში კომპიუტერთან მუშაობა აუცილებელი არ არის, შესაბამისად გაკვეთილზე მხოლოდ ხელით მუშაობენ. ჯერ რომელიმე წიგნს ერთად კითხულობენ, ხოლო მოგვიანებით წაკითხულ ნაწარმოებში აღმოჩენილი გმირების ხატვას იწყებენ. მართალია, წინასწარ განსაზღვრული აქვთ რას დახატავენ, თუმცა შემოქმედებითი თვალსაზრისით ყველა მონაწილე თავისუფალია – ერთმანეთისგან განსხვავებულ შედეგს იღებენ.

ნახატიანი წიგნის შედგენა რთულია და საკმაოდ დიდ გამოცდილებას საჭიროებს. ანა ჯანელიძის (ილუსტრატორი) და ალექს ჩიღვინაძის (პოეტი და დრამატურგი) – „ჰიპა ირჩევს პროფესიას“ სანამ დაიბეჭდებოდა, მის შედგენაზე სტუდია „ილუსტრატორში“ საკმაოდ ბევრი იშრომეს. ილუსტრაციები ტექსტს მშვენივრად მოარგეს და შედეგიც საინტერესო გამოვიდა. მათი წარმატება ახალგაზრდა ილუსტრატორებისთვის კარგი მაგალითია.

ქართველი ილუსტრატორების წიგნებს გამომცემლობები უმეტესად სხვა ქვეყნებში ყიდიან, რადგან საქართველოში ნახატიან წიგნებზე დაბალი მოთხოვნაა. ფრანკფურტში 2018 წელს,  საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგა. Struwwelpeter-ის მუზეუმში, წიქარას შესახებ ძალიან საინტერესო გამოფენა გაიმართა. ილუსტრატორებმა ილუსტრაციებით (და არა მარტო), „ზღაპარში მოგზაურობა“ მაქსიმალურად შესაძლებელი გახადეს – შექმნეს მაკეტები (ტყის, კლდის), დიდი და პატარა ობიექტები (მაგ: სავარცხელი), ზღაპარი უფრო განავრცეს და სხვადასხვა დეტალების მეშვეობით საქართველო შემოქმედებითად წარმოაჩინეს.  გერმანიაში წარმოდგენილი გამოფენის შემდეგ, ქართველი ილუსტრატორების მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა.

ჩვენს ქვეყანაში ილუსტრირების შესწავლის მსურველთა რიცხვიც დროთა განმავლობაში იზრდება. ნახატიანი წიგნები მარტივად ხელმისაწვდომი არ არის – სამწუხაროდ ყველა სასწავლებელში მათ შეძენას ვერ ახერხებენ. ძირითადად საზღვარგარეთიდან ჩამოაქვთ, ხოლო პედაგოგი მათ ქართულ ენაზე კითხულობს. სასწავლო პროგრამას არტ თერაპევტებთან ერთად ადგენენ და წიგნები ასაკთან ერთად ეტაპობრივად რთულდება.

მსოფლიოში საოცარი ილუსტრატორები, ლეგენდარულ წიგნებს ქმნიდნენ და ქმნიან, მათ შორის: I Want My Hat Back – Jon Klassen, Maurice Sendak – Where The Wild Things Are, The Storm Whale – Benji Davies, The Incredible Book Eating Boy – Oliver Jeffers და ა.შ. წიგნების კითხვისას პატარებს, მშობლების მხრიდან ყურადღება და ხელშეწყობა სჭირდებათ. წიგნების მიმართ სიყვარული მათი სწორად შერჩევით იწყება.

ავტორი: ირაკლი შალამბერიძე

Foster

გაზიარება
[elfsight_social_share_buttons id='1']