ნანო სარალიშვილი: „კარგი იქნება, სტუდენტური თავშეყრის ადგილების რაოდენობა საქართველოშიც თუ მოიმატებს“

[elfsight_social_share_buttons id='1']

ნანო სარალიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტია. ის ერთი სემესტრი შვედეთში, ქალაქ უფსალას უნივერსიტეტში სწავლობდა (Erasmus+-ის პროგრამის ფარგლებში). შვედეთიდან საქართველოში ნანო განსაკუთრებული შთაბეჭდილებებით დაბრუნდა.

„შვედეთში განათლება სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც იქ ყოფნის პერიოდში საკუთარ თავზე გამოვცადე: განათლების მიღება ადგილობრივებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის უფასოა – სტუდენტებს ფინანსურად სახელმწიფო ეხმარება, რომ მათ ცოდნის მიღებაზე მაქსიმალურად კონცენტრირება შეძლონ. განსაკუთრებით მომეწონა ის, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აკადემიური ნაწილის გარდა სტუდენტების სხვა საჭიროებებზეც ზრუნავს, მაგალითად, ფსიქიკურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, უცხოელი სტუდენტების სწავლების პროცესთან ადაპტირებაზე და ა.შ.

უფსალას უნივერსიტეტში ზოგიერთ ლექციას 100-ზე მეტი სტუდენტი ესწრება და აზრის თავისუფლად გამოხატვა რთულია. სამაგიეროდ, ასეთ ლექციებს სემინარებიც ახლავს თან, სადაც ყურადღება ძირითადად ჯგუფურ მუშაობასა და პრეზენტაციებს ეთმობა. სემესტრის განმავლობაში ზოგიერთი სტუდენტი მხოლოდ ორ ან სამ საგანს სწავლობს, რაც მნიშვნელოვან საკითხებზე კონცენტრაციას აიოლებს. კურსის ბოლოს კი სამი შესაძლო შეფასებიდან ერთ-ერთს იღებენ, ესენია: “ვერ გადალახა”, “კარგი” ან “ძალიან კარგი”.

შვედეთში სწავლების კიდევ ერთი თავისებურება სტუდენტების მიერ საუკუნეების წინ დაარსებული „ნეიშენებია“ (Student Nations), რომელიც სტუდენტური კლუბისა და ორგანიზაციის ერთობლიობას წარმოადგენს. „ნეიშენი“ ოჯახივით არის, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი სტუდენტი იყრის თავს. ისინი სხვადასხვა დავალებებზე ერთად მუშაობენ და საინტერესო ღონისძიებებსაც გეგმავენ. უფსალაში ასეთი ცამეტი „ნეიშენი“ იყო. კარგი იქნება, სტუდენტური თავშეყრის ადგილების რაოდენობა საქართველოშიც თუ მოიმატებს“.

ავტორი: ირაკლი შალამბერიძე

Foster

გაზიარება
[elfsight_social_share_buttons id='1']