ოლივერ ჰინკელბაინი: „ინტერნეტით სწავლება განათლების მიღების განუყოფელი ნაწილია“

[elfsight_social_share_buttons id='1']

ოლივერ ჰინკელბაინი ბრემენის უნივერსიტეტის კულტურის მეცნიერების ფაკულტეტის ლექტორი და მკვლევარია. 16 წლიანი პრაქტიკისა და ლექტორობის პერიოდში, სწავლების თანამედროვე მეთოდები და სტუდენტებთან ინდივიდუალური მიდგომა შეიმუშავა. უნივერსიტეტის ბაზაზე ახალი ციფრული სასწავლო პროგრამების (კონფლიქტის მენეჯმენტი, ტრანსკულტურული და ინტერკულტურული კომუნიკაცია, ასევე განათლების მდგრადი განვითარება) ჩამოყალიბებაში აქტიურად მონაწილეობს.

ოლივერ ჰინკელბაინი

„პედაგოგად მუშაობის ევოლუციის გზაზე მივხვდი, რომ  სტანდარტული ლექციის დროს სტუდენტები იწყენენ.“

ციფრული სასწავლო პროგრამები

– ჩვენი მთავარი მოტივაციაა, რომ სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის (რუსეთი, უკრაინა, საქართველო, გერმანია) კავშირი ჩამოყალიბდეს. შეიქმნას უფასო კურსები, რომლებიც სტუდენტებს სამომავლოდ გეოპოლიტიკური კონფლიქტების მოგვარებაში დაეხმარება. კურსის მონაწილეებისთვის თეორიულ მასალას ჩვენ უზრუნველვყოფთ. ისინი კონფლიქტის მონაწილე მხარეებს გაეცნობიან, პრობლემური საკითხების მიმართ სენსიტიური დამოკიდებულება გაუჩნდებათ და ამის შემდეგ საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას კარგად შეძლებენ. სამომავლოდ, კონფლიქტების საკითხებში განათლების ელჩებად წარდგებიან და ქვეყნებს შორის შუამავლის როლსაც შეასრულებენ.

პროექტის წარმატება

– საქართველოში ახალგაზრდებთან შეხვედრა არ მქონია, თუმცა, ბრემენში ქართველმა სტუდენტებმა ამ წამოწყების მიმართ დიდი ინტერესი გამოხატეს. უკვე მეორე წელია, რაც ამ თემაზე ვმუშაობთ და რეალურად საქმეს ახლა ვიწყებთ. მსოფლიოში უნივერსიტეტებს შორის მსგავსი კავშირი ჯერ არ შემდგარა, ამიტომ წარმატებაზე წინასწარ საუბარი რთულია. მონაწილე უნივერსიტეტების (11) მხრიდან ინტერესი და ძალისხმევა ძალიან დიდია. წარმატება იმაზეა დამოკიდებული, სამომავლოდ, რამდენად კარგად მოაგვარებენ კურსის მონაწილეები კონფლიქტებს.

ონლაინ სწავლება

– როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ, უნდა გავაანალიზოთ, თუ რას ნიშნავს ჩვენს დროში ინტერნეტით სწავლება. მსგავსი პრაქტიკა 2000-იან წლებში შემოვიდა, მაშინ გაჩნდა ინტერნეტის საშუალებით ლექციებზე დასწრებისა და გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა. დღეს უკვე ინტერნეტით სწავლება განათლების მიღების განუყოფელი ნაწილია. ზოგიერთი საჭირო ინფორმაცია (მაგალითად: საინფორმაციო ვიდეომასალა, საშინაო დავალებები და სხვ.) ინტერნეტით ვრცელდება. ვირტუალური სამყარო რეალურს მჭიდროდ დაუკავშირდა. გერმანიაში სასწავლო პროგრამა შევადგინე. თავიდან ინტერნეტის საშუალებით კლასიკური ონლაინ სწავლება მიმდინარეობს, თუმცა კურსის მე-5 კვირიდან, სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტები ერთმანეთს უნივერსიტეტში ხვდებიან და პროექტზე ჯგუფებად მუშაობენ. ჯგუფში მუშაობის დროს, ისინი ისეთ უნიკალურ უნარებს ივითარებენ, რასაც ინტერნეტით ვერასოდეს ისწავლიან. სტუდენტები ერთმანეთთან კომუნიკაციასა და სხვადასხვა თემის ერთობლივად დამუშავებას კარგად უნდა ახერხებდნენ. მსგავსი გამოცდილება კი მათ მოგვიანებით, უფრო მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობაში გამოადგებათ.

სწავლების მეთოდები

– პედაგოგად მუშაობის ევოლუციის გზაზე მივხვდი, რომ  სტანდარტული ლექციის დროს სტუდენტები იწყენენ. სწავლების პერიოდში მათ მეტი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ. ამიტომ, სემესტრის დაწყებისას ყოველთვის ვეკითხები, თუ რისი სწავლა სურთ. ზოგჯერ ლექციას ჩემს ნაცვლად ისინი ატარებენ. ამ დროს იმასაც კარგად ხვდებიან, თუ რას ნიშნავს, როცა მსმენელი ტელეფონით ერთობა ან მისი ყურადღება სხვა რამეზეა გადართული.  ხშირად სტუდენტებთან საუბარს და დისკუსიას ვმართავ. ვცდილობ, კარგად ავხსნა, ქვეყნის ეკონომიკა ციფრებს მიღმა რაზეა დამყარებული. ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს დავალებას ვაძლევ, რომლის შესრულების დროსაც, ისინი საკუთარი ფანტაზიით ქმნიან წარმოსახვით საზოგადოებას. სტრუქტურას სოციალური, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემების მიხედვით აგებენ, მაგრამ ამ ყველაფრის წარმართვა მათზეა დამოკიდებული. იმის მიუხედავად, რომ საბოლოო შედეგი ხშირად უტოპიური გამოდის, ლექციის განმავლობაში მუშაობის ტემპი ძალიან მაღალია. ბოლოს ვცდილობთ, წარმოსახვითი საზოგადოებები ერთმანეთთან კონტაქტზე გავიყვანოთ. ასევე მიმოვიხილავთ ადამიანების ისტორიულ და თანამედროვე ცხოვრებას. ამ ლექციის ფარგლებში ახალგაზრდები თემის გარშემო ქმნიან და ავითარებენ ახალ-ახალ კონცეფციას, საზოგადოებრივ ყოფა-ცხოვრებაზე კრიტიკულად ფიქრს იწყებენ და ამგვარად  აზროვნებას ეჩვევიან. უნივერსიტეტში ბლოგების შედგენასა და მულტიმედიურ შესაძლებლობებსაც ვასწავლი. სტუდენტებმა ტექსტი ისე უნდა შეადგინონ, რომ მარტივად წასაკითხი და ამავდროულად საინტერესო იყოს. სამუშაოდ ინდივიდუალურად ირჩევენ იმ თემებს, რომლებიც მათთვის საინტერესოა. ექსკურსიებზეც დავდივართ, მათ შორის ქვეყნის გარეთაც. ბოლოს უკრაინაში ვიყავით, სადაც სამოქალაქო საზოგადოების შესახებ კვლევა ჩავატარეთ.

ბოლონიის პროცესი

– ჩემი სტუდენტობის პერიოდში სწავლა უფრო დიდხანს გრძელდებოდა. ბოლონიის რეფორმის შედეგად, ყველაფერი შეიცვალა, რაც, სიმართლე გითხრათ, არ მომწონს. პროცესი ევროპულ სტანდარტებს ითვალისწინებს, ამიტომ საქართველოს გადმოსახედიდან საინტერესოა. თუ საკითხს უფრო ჩავუღრმავდებით, ამ პროცესის შედეგად ბიუროკრატია უფრო გაძლიერდა, რასაც ჩემთან, როგორც ლექტორთან და მკვლევართან, არაფერი უნდა აკავშირებდეს. ჩემ დროს მაგისტრატურა სწავლების ერთიანი ნაწილი იყო და 5 წელი გრძელდებოდა. დღეს კი ბაკალავრიატი მაგისტრატურისგან გამიჯნულია. ის სტუდენტები, რომლებსაც სასწავლებლად საკმარისი სახსრები არ აქვთ, გერმანიაში სახელმწიფოსგან დახმარების სახით თანხას (BAföG) იღებენ, რომელიც წინა სისტემისგან განსხვავებით, ახლა უკვე მხოლოდ სწავლების პირველ ეტაპს – ბაკალავრიატს ითვალისწინებს. ბოლონიის პროცესის კარგი მხარე ის არის, რომ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა გამარტივდა და სასწავლო პროგრამებიც შედარებით დახვეწილია.

ავტორი: ირაკლი შალამბერიძე

Foster

გაზიარება
[elfsight_social_share_buttons id='1']