„პარალელური კლასის“ ახალი სასწავლო მეთოდი

[elfsight_social_share_buttons id='1']

„პარალელური კლასი“ თანამედროვე ხელოვანების მიერ მოსწავლეთათვის შემუშავებული სასწავლო მეთოდია, რომელიც თბილისის ისანი-სამგორის რაიონის 99-ე საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა. კლუბის მთავარი იდეა ისეთი არაფორმალური საგანმანათლებლო მეთოდის შემუშავებაში მდგომარეობს, რომელიც სკოლის ასაკის მოსწავლეებს შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და თვითრეალიზებაში დაეხმარება; ასევე სივრცის ორგანიზებასა და მის პროდუქტიულად გამოყენებას ასწავლის.

„პარალელური კლასი“- ს მიერ მოსწავლეებისთვის შექმნილი სასწავლო კურსისა და შემუშავებული აქტივობების ფარგლებში, ახალგაზრდები კარგად იაზრებენ იმას, თუ რატომ და რისთვის იმყოფებიან სხვადასხვა სივრცეში (საგამოფენო დარბაზი, საკლასო ოთახი, ეზო, ბაღი და სხვა). სივრცის ახლებურად აღქმას, მის ორგანიზებას და მასში ადაპტირებას სწავლობენ, განიხილავენ იმ რელიგიურ თუ კულტურულ მახასიათებლებს, რომლებიც გავლენას ახდენს მათ არსებობაზე. „პარალელური კლასი“- ს საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს ხელოვნების, ბუნების, რელიგიის, ფიზკულტურისა და კომუნიკაციის სფეროებს.

 „პარალელური კლასი“- ს მოსწავლეები ნამუშევრების გამოფენებსაც მართავენ. მაგალითად, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, რომელიც ფოტოგრაფიას ეხებოდა, ქალაქის ზოგად კონტექსტზე ისაუბრეს, გარემოზე დაკვირება სხვადასხვა მეთოდით სცადეს და თბილისში გამწვანებული სივრცეები ფოტოკამერით გადაიღეს. ნამუშევრები არქივს წარმოადგენს, რომელიც ქალაქის ისტორიას დარჩება. ასეთი და სხვა საინტერესო პროექტების პრეზენტაციისთვის კლუბის წევრები, საჯარო სკოლის ფუნქციადაკარგულ ოთახს იყენებენ.

სამომავლოდ „პარალელური კლასი“- ს წარმომადგენლები წიგნის შექმნას გეგმავენ, რომლითაც იმ მასწავლებელთა გადამზადებას შეძლებენ, რომლებიც ორგანიზაციის ფარგლებში მოსწავლეებთან იმუშავებენ.

ავტორი: ირაკლი შალამბერიძე

Foster

გაზიარება
[elfsight_social_share_buttons id='1']