პროფესიული განათლების პოპულარიზება

[elfsight_social_share_buttons id='1']

საქართველოში მოქმედ სასწავლო დაწესებულებებში, ბაკალავრის ხარისხთან შედარებით, პროფესიული განათლება მეტ შესაძლებლობას იძლევა, რომ სტუდენტებმა სპეციალობისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარები განივითარონ. შესაბამისად, ისინი პროფესიული განათლების მიღების შემდეგ, ბიზნესთან უფრო ადაპტირებულები არიან.

პროფესიული განათლება

კერძო სექტორის ჩართულობა

პროფესიული განათლების პროცესში კერძო სექტორის ჩართულობა გადამწყვეტ როლს ასრულებს. კომპანიები ზოგიერთ სასწავლებელთან უკვე საკმაოდ მჭიდროდ თანამშრომლობენ. თანამშრომლობის ფარგლებში, კურიკულუმებს სასწავლებლის წარმომადგენლებთან ერთად ადგენენ და ბრენდირებულ აუდიტორიებსაც ქმნიან. მათი დახმარებით, სახელმძღვანელოებიც უფრო ხელმისაწვდომი ხდება. რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (მეფილე-მომპირკეთებელი, ზეინკალ-სანტექნიკოსი, შემდუღებელი და სხვ.) ფარგლებში, გერმანიაში პოპულარული დუალური სისტემის დანერგვაზეც მუშაობენ, რომელიც სტუდენტებისთვის სწავლების ნაწილობრივ, საწარმოში გადანაცვლებას გულისხმობს და სამომავლოდ მათი დასაქმების შანსებსაც აორმაგებს.

„ამერიკის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია“

ბოლო დროს, „ამერიკის ათასწლეულის გამოწვევების კორპორაციის“ დაფინანსებით, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“ შეიქმნა. ფონდის და კერძო სექტორის დახმარებით, 10 სასწავლებელში ისეთი პროფესიული პროგრამების მე-4 და მე-5 საფეხურები დაფინანსდა (STEM მიმართულებით: მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა), რომლებიც შრომის ბაზარზე მოთხოვნადია და საერთაშორისო სტანდარტებს შეესამამება. სასწავლებლებში ლაბორატორიები უახლესი ტექნიკით აღჭურვეს. შედეგად სტუდენტები პროფესიას ბევრად უფრო თანამედროვე გარემოში ეუფლებიან. დაფინანსების ფარგლებში, პროფესიული განათლების გაუმჯობესების და გაძლიერების მიზნით, მცირე საგრანტო კონკურსიც ტარდება, სადაც სხვადასხვა პროფესიული განათლების მქონე საგანმანათლებლო დაწესებულებები პრობლემების იდენტიფიკაციასა და სიახლეების დანერგვას ცდილობენ. შეიქმნა „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“. გამარჯვებული 4 მიმართულებით ვლინდება: „წლის პროფესიული განათლების სტუდენტი“, „წლის პროფესიული სასწავლებელი“, „წლის პროფესიული სასწავლებლის მასწავლებელი“ და „წლის ბიზნესი“.

„საგანმანათლებლო ჩიხი“

ამჟამად, პროფესიული განათლება 5 საფეხურით განისაზღვრება. პირველი საფეხურის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს ერთგვაროვანი სამუშაოს მეთვალყურეობის ქვეშ  შესრულების შესაძლებლობა აქვთ. მეხუთე საფეხურის დასრულებისას კი სხვების მუშაობის დაგეგმვას, ხელმძღვანელობას, სამუშაოს შეფასებასა და სრულყოფასაც ახერხებენ. ამ ეტაპზე, მე-3 საფეხურზე ჩარიცხვა მხოლოდ 9 კლასის დასრულების შემდეგ ხდება, ხოლო მე-4 და მე-5 საფეხურზე ჩარიცხვისთვის 12 კლასის დამთავრებას ითხოვენ. 2018 წლის ბოლოს პარლამენტში ახალი კანონის მიღებას გეგმავენ, რაც მესამედან უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლას შესაძლებელს გახდის. შედეგად სტუდენტები დარჩენილი 3 კლასის დასამთავრებლად, სკოლაში აღარ დაბრუნდებიან და ე.წ. „საგანმანათლებლო ჩიხი“ წარსულს დარჩება.

პოპულარული პროგრამები

პროფესიული განათლების პროგრამებს შორის სხვადასხვა სასწავლებელში, სტატისტიკურად, ყველაზე დიდი მოთხოვნა ტურიზმში, აგრარულ სფეროში, სოფლის მეურნეობის გარკვეულ მიმართულებებში, სერვისში, მშენებლობასა და ტექნიკურ ინჟინერიაშია. ამ მიმართულებების კადრებზე საწარმოებში მოთხოვნას და კურსდამთავრებულების რაოდენობას შორის გარკვეული დისბალანსია.

პროფესიული განათლება

მიზანი

საკმარისი პროფესიონალი კადრების გამოზრდის და ქვეყნის ეკონომიკური სისტემის გაუმჯობესების მიზნით, პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებას ცდილობენ და პერიოდულად, მათთან შეხვედრებსაც მართავენ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ პროფესიული განათლების განვითარება ქვეყანაში დიდი რაოდენობით პროფესიონალების ჩამოყალიბებას გამოიწვევს. მიზნის მიღწევა კი კერძო სექტორის ჩართულობის გარეშე, წარმოუდგენელია.

ავტორი: ირაკლი შალამბერიძე

Foster

 

გაზიარება
[elfsight_social_share_buttons id='1']