Skills4Goergia – პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები

[elfsight_social_share_buttons id='1']

15-16 ივნისს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები გაიმართა. ღონისძიების პირველ დღეს ქართველი და უცხოელი ექსპერტები სხვადასხვა ჯგუფებში გადანაწილდნენ, არაერთ საგანმანათლებლო თემაზე იმსჯელეს და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

Skills4GoergiaSkills4GoergiaSkills4GoergiaSkills4GoergiaSkills4GoergiaSkills4GoergiaSkills4GoergiaSkills4Goergia

სადისკუსიო თემა საკმაოდ ბევრი იყო, მათგან რამდენიმე შევარჩიეთ:

სამეწარმეო კომპეტენციები

ექსპერტთა აზრით, სამეწარმეო აზროვნება გამჭოლი კომპეტენცია, ანუ პრობლემების ეფექტიანი გადაჭრის უნარია, რომელიც თანაბრად სჭირდება საჯარო მოხელეს, ბიზნესმენს თუ სხვა სფეროში მომუშავე ადამიანს. პროფესიულ სასწავლებელში სამეწარმეო აზროვნება რომ განვითარდეს, მისი ხელმძღვანელი არა მხოლოდ ადმინისტრაციული მოხელე, არამედ მეწარმეც უნდა იყოს. ასეთ სასწავლებელში მოგების გაზრდაზე ორიენტირებული აზროვნება უნდა ჩამოყალიბდეს და შესაბამისი სერვისებიც შეიქმნას. სამეწარმეო კომპეტენცია სამი ელემენტისგან შედგება: შესაძლებლობების შეფასება, რესურსების სწორად მართვა და იდეების განხორციელება. დღესდღეობით სასწავლებლების უმრავლესობა მხოლოდ რესურსების მართვაზეა ორიენტირებული.

კრისტიან კოდრეანუ, მიუნხენის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (IHK) თანამშრომელი: „გერმანიაში სკოლა, უნივერსიტეტი თუ კომპანიები, სადაც მოსწავლეები გადამზადებას გადიან, ახალგაზრდების განათლება-განვითარებისთვის შეთანხმებულად მუშაობენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ კომპანიებმა უნივერსიტეტების მიმართ უკმაყოფილება არ გამოხატონ, როდესაც მათთან არაკვალიფიციური კურსდამთავრებულები დასაქმდებიან. სასწავლებლებში კომერციულად აფასებენ კვალიფიციური კადრების ჩამოყალიბებას და კომპანიებიც აქტიურად ერთვებიან განათლების პროცესში, შესაბამისად, პოტენციური კადრების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას ფლობენ“.

ზრდასრულთა გადამზადება

ექსპერტებმა ასევე განიხილეს – როგორ შეიძლება ზრდასრულთა გადამზადების კურსების ხარისხის უზრუნველყოფა. შეთანხმდნენ, რომ ხარისხის ამაღლება კერძო სექტორთან თანამშრომლობით უნდა მოხერხდეს, რაც ერთობლივი პროგრამების შემუშავებაში, მათ თანმიმდევრულად განხორციელებასა და კვალიფიკაციის მინიჭებაში ჩართულობით გამოიხატება. ასევე ისაუბრეს იმაზეც, რომ დაფინანსების მექანიზმები ზრდასრულთა განათლებაში დივერსიფიცირებული უნდა იყოს. მოქმედებს ისეთი პროგრამები, რომლებსაც სახელმწიფო სრულად აფინანსებს და ისეთებიც, რომლებშიც ადამიანები საკუთარი ინიციატივით მონაწილეობენ და ამიტომ ფულს თვითონ იხდიან.

ოლივერ დისი, დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის (GGF) ექსპერტი: „მნიშვნელოვანია ის, რომ სანამ საქმეზე გადავალთ, კარგად გავიაზროთ: ადამიანური კაპიტალის როლი ქართულ ეკონომიკაში, ზრდასრულთა გადამზადების მიზანი და რამდენად შეუწყობს ეს ხელს ქვეყნის განვითარებას“.

მოკლევადიანი კურსები

მოკლევადიანი კურსების მთავარი აზრი ის არის, რომ ადამიანებს, რომლებსაც კონკრეტული პროფესიული კომპეტენციის პრობლემა აქვთ, გრძელვადიანი პროფესიული განათლების პროგრამის გავლა არ დასჭირდეთ (მაგალითად, ფერმერს, რომელსაც მხოლოდ მცენარეთა გასხვლა-ფორმირების შესწავლა სურს, ამ უნარ-ჩვევების დაუფლება მოკლევადიან კურსებზე უნდა შეეძლოს). სტანდარტული პროფესიული სწავლებისგან განსხვავებით, რომელიც ორი ან მეტი წელი გრძელდება, მოკლევადიანი კურსების გავლა გაცილებით მცირე დროშია შესაძლებელი. მოკლევადიანი კურსების ჩამოსაყალიბებლად ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა დამსაქმებელსა და კერძო კოლეჯს შორის. ასევე ზუსტად უნდა განისაზღვროს, რამდენად საჭიროა კონკრეტული პროფესიული უნარ-ჩვევების ასათვისებლად მოკლევადიანი სასწავლო პროგრამების შექმნა.

დიგიტალიზაცია

ჯგუფში ისაუბრეს იმაზეც, რომ დიგიტალიზაცია მოიცავს ტექნოლოგიებს, პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ ყოველდღიურ გამოყენებას თუ ტრანსფორმაციას როგორც საგანმანათლებლო სისტემაში, ისე ბიზნესში. დიგიტალიზაცია ასევე გულისხმობს მონაცემთა შეგროვებას, დამუშავებას და ანალიზს, ხოლო ამ ანალიზის მიხედვით სხვადასხვა სფეროში ხელოვნური ინტელექტის დანერგვას. საქართველოში ციფრული განათლების დაბალი დონე შესამჩნევია, ამიტომ საჭიროა მასშტაბური, ხელმისაწვდომი და უფასო ტრენინგები.

დანიელ პიტიხი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი: „თუ ადრე შრომის ბაზარს ვაკვირდებოდით და შესაბამისად ვერგებოდით მას, ახლა პირიქით: ჩვენ უნდა მოვამზადოთ ადამიანები და ცოდნის დონეც ავამაღლოთ. ადამიანებს უნდა მივცეთ არა მარტო კონკრეტული, არამედ ზოგადი პროფესიული უნარებიც, რაც სამომავლოდ სამყაროში თავის დასამკვიდრებლად გამოადგებათ. დიგიტალიზაცია შრომის ბაზრისთვის შესაძლებლობასთან ერთად დიდი გამოწვევაცაა!“.

Skills4GoergiaSkills4GoergiaSkills4GoergiaSkills4GoergiaSkills4GoergiaSkills4GoergiaSkills4GoergiaSkills4GoergiaSkills4GoergiaSkills4Goergia

ზემოთ აღნიშნული თემების გარდა ექსპერტებმა სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც იმსჯელეს, მაგალითად, ახალ პროფესიულ უნარებზე, არაფორმალურ პროფესიულ განათლებაზე, შრომით მიგრაციაზე და სხვ. ღონისძიების ფარგლებში რესპუბლიკის მოედანზე ინფორმაციული სივრცეები და სიმულაციები შეიქმნა. სტუმრებმა პროფესიული განათლებისა თუ დასაქმების შესაძლებლობების შესახებ მათთვის საჭირო ინფორმაცია მიიღეს და საკუთარი თავი სხვადასხვა პროფესიაშიც გამოცადეს.

ავტორი: ირაკლი შალამბერიძე

Foster

გაზიარება
[elfsight_social_share_buttons id='1']