რუსუდან კვაჭანტირაძე: „ქოუჩი მხოლოდ აწმყოსა და მომავალზეა ორიენტირებული“

[elfsight_social_share_buttons id='1']

ხშირად საგანმანათლებლო დაწესებულების მენეჯმენტში კარგი იდეები იმიტომ იკარგება, რომ მასწავლებლებს აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალება არ აქვთ. ასევე, ხშირია მშობელს, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის შეუთანხმებლობის ფაქტები თუ სხვა პრობლემები, სადაც დახმარების მიზნით ქოუჩიც ერთვება. ქოუჩინგის დროს ხდება მიზნების სწორად დასახვა, მათი განხორციელებისთვის საუკეთესო მეთოდების მოძიება, გეგმის შემუშავება და მოტივაციის ამაღლება.

რუსუდან კვაჭანტირაძე ქოუჩი და ბიზნესტრენერია, რომელიც  სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლებს ისეთი მიმართულებებით უწევს ქოუჩინგს, როგორიც არის, მაგალითად: კომუნიკაცია, კონფლიქტების მოგვარება, სტრესის და დროის მართვა და ა.შ. ის განათლების სფეროშიც აქტიურად არის დასაქმებული.

„ფსიქოლოგისგან განსხვავებით, რომელიც აქცენტს წარსულზე აკეთებს, ქოუჩი მხოლოდ აწმყოსა და მომავალზეა ორიენტირებული. ქოუჩინგი აძლევს ადამიანს შესაძლებლობას, გამოიყენოს სესიის პროცესში მიღებული ინფორმაცია საკუთარი სურვილის მიხედვით. ქოუჩინგი არ იძლევა რაიმე სახის მზა რეცეპტს, ის აზროვნების უნარებსა და თვითრეფლექსიას ავითარებს. მაგალითად: მასწავლებლებს ქოუჩინგის საშუალებით შეუძლიათ განსხვავებული აზრის მიმართ დიდი მიმღებლობა გამოიმუშაონ. ვცდილობ, შეკითხვებით გამოვიცნო ხოლმე, რა იქნება ჩემთან მოსაუბრისთვის საუკეთესო გზა იმისათვის, რომ პრობლემურ სიტუაციაში გამოსავალი უკეთესად იპოვოს. შეკითხვები შეიძლება შემდეგნაირად დავსვა: როგორ შეაფასებდით თქვენს შვილს/მოსწავლეს? როგორია თქვენი შვილის/მოსწავლის დამოკიდებულება სწავლის, თამაშისა და თანატოლების მიმართ?

ქოუჩის დახმარებით, მასწავლებელს შეუძლია ადვილად მიხვდეს, რა საჭიროებები აქვთ მის მოსწავლეებს, რომ უკეთესად გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობები. მაგალითად: გაკვეთილზე მოსწავლეები თუ არ უსმენენ, შეცვალოს სწავლების სტრატეგია და მოერგოს მათ ინტერესებს.

მეორე მხრივ, არის შემთხვევები, როცა ბავშვმა არ იცის, რაში სჭირდება, მაგალითად, გეოგრაფიის ცოდნა, ხოლო თუ ის მხოლოდ გაკვეთილის ჩაბარებისთვის ისწავლის, ნასწავლი მალე დაავიწყდება. ქოუჩი შეეცდება, გაარკვიოს ასეთი ბავშვი სწორედ იმაში, თუ როგორ დაეხმარება მას სწავლა პროფესიულ განვითარებაში. თუ ბავშვი ამას კარგად აანალიზებს, ის სწავლის მიმართ უფრო მონდომებულია. ქოუჩინგის ფარგლებში ბავშვები საკუთარ უნარებსაც ივითარებენ (მაგ: წერის, კითხვის, დეკლამაციის თუ საკუთარი აზრის ნათლად გადმოცემის უნარს).

მშობლებზე თუ ვისაუბრებთ, მათი ყველაზე დიდი პრობლემა 24 საათის გადანაწილებაა ისე, რომ ბავშვისთვის საკმარისი დრო დარჩეთ. მათი უმრავლესობა გადარჩენის რეჟიმშია – არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ შვილების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ჩაუღრმავდნენ და, შესაბამისად გაიგონ, როგორ დაეხმარონ მათ თუ სკოლას სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში.

იმისათვის, რომ ადამიანებმა ცხოვრება გაიუმჯობესონ, საკუთარ თავს შემდეგი შეკითხვა უნდა დაუსვან: საბოლოო ჯამში რისი მიღწევა მინდა? როდესაც საბოლოო მიზანი ჩამოყალიბებული მაქვს, ისეთი საქმიანობით დიდხანს არ დავკავდები, რაც ჩემს მიზანს არ უკავშირდება. ვიფიქრებ, როგორ შემიძლია გავაუმჯობესო ყოველდღიურობა ისე, რომ გაცილებით მარტივად მივაღწიო იმ შედეგს, რაც მინდა“.

Foster

გაზიარება
[elfsight_social_share_buttons id='1']