რა უნდა გავითვალისწინოთ რეზიუმეს შედგენისას

[elfsight_social_share_buttons id='1']

ჩვენთვის უცნობ ორგანიზაციაში სამსახურის დაწყება ახალ გამოწვევებს უკავშირდება. სამსახურის დაწყებამდე დამსაქმებელი ჩვენი შესაძლებლობებისა და ცოდნის განსაზღვრას ეცდება. შესაბამისად, იმაზე დაფიქრება გვმართებს, რომ რეზიუმეს დახმარებით რაც შეიძლება კარგი შთაბეჭდილება მოვახდინოთ.

ეს ბლოგი სხვადასხვა სტატიებიდან მიღებული ინფორმაციისა და ჩემი პირადი გამოცდილების საფუძველზე შევადგინე. რეზიუმეს ეფექტურად შესადგენად რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გაითვალისწინოთ:

1. ნათლად გაიაზრეთ თქვენი პროფესიული ინტერესები და უნარები. ეცადეთ გააზრებულს თავი ფურცელზე მოუყაროთ (ჩამოწერეთ თქვენი პროფესიული ინტერესები და ყველაზე უკეთ რისი კეთება გამოგდით). ეს დაგეხმარებათ, რომ რეზიუმეს შედგენამდე თქვენს შესაძლებლობებში დარწმუნდეთ.

2. კარგად გაიაზრეთ როგორი კულტურისა და ღირებულებების ორგანიზაციაში აგზავნით თქვენს რეზიუმეს, რადგან  მაქსიმალურად ეფექტურად წარმოაჩინოთ სამუშაოს სპეციფიკა და სწორად მოახდინოთ თქვენი თავის პრეზენტაცია. რეზიუმეს შედგენამდე გაეცანით ორგანიზაციის ვებგვერდს და ეწვიეთ კომპანიის სოციალურ ქსელებს. წაიკითხეთ ორგანიზაციის მისია და სტრატეგიული მიზნები; ნახეთ გუნდი, გაეცანით მათ მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებს. შემდეგ კი, დეტალურად წაიკითხეთ სამუშაო აღწერილობა და რეზიუმეს შედგენისას შეუსაბამეთ თქვენი გამოცდილება დამსაქმებლის მოთხოვნებს.

3. გადმოეცით თქვენი სამუშაო გამოცდილება მაქსიმალურად ზუსტად, რომ დამსაქმებელი რეზიუმეს კითხვისას მიხვდეს, წარსულში რა ტიპის სამუშაოს ასრულებდით. რეზიუმეში სამუშაო გამოცდილების მითითებისას დეტალურად ჩამოწერეთ რას აკეთებდით: მაგალითად, თუ თქვენ პროექტის მენეჯერად მუშაობდით, სამუშაო ფუნქციები შეგიძლიათ შემდეგნაირად აღწეროთ:

  • პროექტის კონცეფციის შემუშავება;
  • ბიუჯეტისა და დროის განრიგის შედგენა თუ კონტროლი;
  • წერითი და ვერბალური კომუნიკაცია პროექტში ჩართულ მხარეებთან;
  • კომუნიკაცია პროექტის დაინტერესებულ მხარეებთან;
  • რეპორტის მომზადება ქართულ/ინგლისურ ენებზე;
  • პროექტის შესახებ ცნობადობის ამაღლება;
  • სოციალური ქსელების მართვა.

გაითვალისწინეთ იმ სფეროს სპეციფიკა, სადაც აგზავნით რეზიუმეს. საბანკო ან საჯარო სექტორში სამუშაო გარემო და ბიზნეს პროცესები ფორმალიზებული და სტანდარტიზირებულია, შესაბამისად თქვენი რეზიუმეს ფორმატი ოფიციალური/ფორმალური უნდა იყოს. ხოლო, თუკი, თქვენ აგზავნით რეზიუმეს კრეატიულ სააგენტოში ან თუნდაც, გამომცემლობაში წიგნის ილუსტრატორის პოზიციაზე, შეგიძლიათ მხატვრულად და თავისუფლად წეროთ საკუთარ გამოცდილებაზე.

თანამედროვე მიდგომების შესაბამისად, რეზიუმეში მთავარი კომპონენტი – პიროვნების წარმოჩენაა. თქვენ უნდა შეძლოთ რეზიუმეში თქვენი სამუშაო გამოცდილების იმდენად საინტერესოდ წარმოჩენა, რომ დამსაქმებელმა თქვენი ინდივიდუალურობა  დაინახოს. რეზიუმეს ბოლოს მიუთითეთ თქვენი ცხოვრებისეული ინტერესები, ჰობი, მიზნები და სხვ.

იმ შემთხვევაში თუ სამუშაო გამოცდილება  სხვადასხვა სფეროში გაქვთ მიღებული, რეზიუმეში არ არის რეკომენდებული მიუთითოთ ყველა სფეროში მიღებული გამოცდილება სრულად. ყურადღება გაამახვილეთ იმ გამოცდილებაზე, რომელიც თქვენს პოტენციურ დამსაქმებელს აინტერესებს.

მნიშვნელოვანია შეგვეძლოს რეზიუმეს ვიზუალურად საინტერესოდ გაფორმება. ვიზუალური გაფორმება დამოკიდებულია იმაზეც, თუ რა პოზიციაზე აგზავნით რეზიუმეს. თუ სერიოზული კარიერული მიღწევები გაქვთ საჯარო ან ბიზნეს სექტორში, სასურველია თქვენი რეზიუმე ვიზუალურად სოლიდურად გამოიყურებოდეს. თუ შემოქმედებით სფეროში მოღვაწეობთ, ასეთ დროს შეგიძლიათ კრეატიულად მიუდგეთ რეზიუმეს შედგენას. სასურველია, რომ თქვენი პორტფოლიო მოამზადოთ, რომელიც დამსაქმებლისთვის მარტივად ხელმისაწვდომი იქნება.

ვფიქრობ, რომ შემდეგი დავალება დაგეხმარებათ რეზიუმეს შედგენაში: ფურცლის ერთ მხარეს ჩამოწერეთ თქვენი მომავალი დამსაქმებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მეორე მხარეს თქვენი პირადი სამუშაო გამოცდილება. შემდეგ შეეცადეთ დააკვირდეთ, სად იკვეთება ეს ორი ველი ერთმანეთთან.  ეს დაგეხმარებათ კარგად გაიაზროთ თქვენი მოლოდინები და დამსაქმებლის მოთხოვნები.

ბოლოს კი, გთავაზობთ ბმულს (https://bit.ly/2zB6QUj), სადაც რეზიუმეს შევსებას სრულიად უფასოდ შეძლებთ.

ავტორი: სოფო ვასაძე

Foster

გაზიარება
[elfsight_social_share_buttons id='1']