როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი

[elfsight_social_share_buttons id='1']

სამოტივაციო წერილის დაწერას პირველ რიგში კარგად დაფიქრება, ყურადღების მოკრება და მობილიზება სჭირდება. იმისათვის, რომ სამოტივაციო წერილი ეფექტური გამოვიდეს, ძალიან კარგად უნდა გააცნობიეროთ, თუ რატომ დაინტერესდით კონკრეტული ვაკანსიით.

მოტივაცია ორი ტიპის არსებობს:  შინაგანი (Intrinsic) და გარეგანი (Ectrinsic). შინაგანი მოტივაცია შიგნიდან გვამოძრავებს და იმ საქმის მიმართ მიმართული ენერგიაა, რომელიც ძალიან მოგვწონს. გარეგანი მოტივაცია კი შეიძლება იყოს: უფროსის მხრიდან შექება, ანაზღაურება, კომპანიის გუნდი ან სხვა ფაქტორი.

სამოტივაციო წერილის დასაწერად:

  1. კარგად დაფიქრდით, რომელი ფაქტორები გაძლევთ კონკრეტული ვაკანსიისთვის მუშაობის მოტივაციას.
  2. კარგად შეისწავლეთ ის ორგანიზაცია, სადაც სამოტივაციო წერილს აგზავნით. გაიგეთ კომპანიის მისია, მიზნები, შესრულებული პროექტები და ღონისძიებები. თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას, კომპანიის ვებვერდზე ან სოციალური ქსელით შეიტყობთ.

სამოტივაციო წერილში არ უნდა იყოს თქვენს შესახებ განმეორებული ის ინფორმაცია, რომელიც რეზიუმეში უკვე ახსენეთ. სამოტივაციო წერილში კონკრეტულ ორგანიზაციასა და ვაკანსიის მიმართ თქვენს ინტერესს გამოხატავთ, ანუ პახუხობთ კითხვაზე: რატომ გამოვარჩიე კონკრეტულად ეს ვაკანსია და არა სხვა.

წერილზე მუშაობისას თქვენი მოტივაცია ჯერ თქვენს ღირებულებებს და შემდეგ ვაკანტურ პოზიციას დაუკავშირეთ. ისაუბრეთ იმაზეც თუ რა მოგწონთ, რისიც გჯერათ და რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია.

მაგალითად, შესაბამის ვაკანტურ პოზიციაზე სამოტივაციო წერილის გაგზავნისას:

  • არასამთავრობო სექტორში იურისტის პოზიციაზე, ხაზი გაუსვით თქვენთვის საზოგადოებრივი თანასწორობის, სამართლიანობისა და ობიექტურობის  მნიშვნელოვნებას.
  • დეველოპერულ კომპანიაში პროექტის მენეჯერის პოზიციაზე, ისაუბრეთ ინოვაციების მნიშვნელოვნებაზე, თქვენს ინტერესზე თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ და პროგრესზე, რაც შეიძლება ტექნოლოგიებმა საზოგადოებას მოუტანოს.
  • სარეკლამო ინდუსტრიაში დიზაინერის პოზიციაზე, გამოხატეთ თქვენი ინტერესი ახალი კონცეფციებისა და კრეატიული იდეების განხორციელების მიმართ.

სამოტივაციო წერილში აუცილებლად აღნიშნეთ, რომ თქვენი პრიორიტეტები, ინტერესები და ღირებულებები დამსაქმებლისას ემთხვევა. ისაუბრეთ იმაზე, რას მიიღებს ორგანიზაცია თქვენი სამსახურში აყვანის შემდეგ. თუ საჭიროა, თქვენი წარსული საქმიანობიდან ჩამოწერეთ ისეთი მაგალითები, რომლებიც თქვენს ეფექტურობაზე მიუთითებს. გაიხსენეთ შემთხვევები, როდესაც თქვენმა საქმეში კონტრიბუციამ ორგანიზაციის ეფექტიანობა გაზარდა.

გთავაზობთ ბმულს (https://bit.ly/2Q4JAZv) ინგლისურ ენაზე, სადაც სამოტივაციო წერილის დაწერას პროგრამის დახმარებით შეძლებთ.

ავტორი: სოფო ვასაძე

 

გაზიარება
[elfsight_social_share_buttons id='1']