როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის

[elfsight_social_share_buttons id='1']

სასურველ პოზიციაზე მუშაობის დაწყებამდე, გასაუბრება ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. ამიტომ, სანამ გასაუბრებაზე გახვალთ, რამდენიმე საკითხის გათვალისწინებას გირჩევთ:

შეისწავლეთ იმ ორგანიზაციის საქმიანობა, სადაც დასაქმება გსურთ. დაიმახსოვრეთ ამ ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტები, რომლებსაც გასაუბრებაზე არგუმენტად, თქვენს სასარგებლოდ გამოიყენებთ. მაგალითად: თუ ისეთ ორგანიზაციაში იწყებთ მუშაობას, სადაც სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები აქტუალურია, ხაზს გაუსვამთ საუბრისას, რომ ასეთ აქტოვობებში სიამოვნებით ჩაერთვებით. აღწერთ, რომელ პროექტში მიგიღიათ მონაწილეობა წარსულში და რა იყო ამ აქტივობაში თქვენთვის მნიშვნელოვანი. შედეგად, დამსაქმებელი ადვილად შეძლებს, თქვენი ღირებულებების ორგანიზაციის ინტერესებთან დაკავშირებას.

კიდევ ერთხელ გადახედეთ თქვენს რეზიუმეს და სამოტივაციო წერილს, დეტალურად აღიდგინეთ თქვენი საქმიანობის ისტორია. ჩამოწერეთ თქვენი ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეები, შედეგად თქვენს შესაძლებლობებში უფრო მეტად დარწმუნდებით. უკეთესად გეცოდინებათ რისი კეთება გსიამოვნებთ, რას ისწავლიდით ახალს, ან რა მიზნით გსურთ კვალიფიკაციის ამაღლება.

გაიხსენეთ თქვენი საქმიანობიდან ისეთი მომენტები, როდესაც დამოუკიდებლად ან გუნდთან ერთად წარმატებას მიაღწიეთ – პოზიტიური გავლენა მოახდინეთ კომპანიის განვითარებაზე. გაიაზრეთ ისეთი დავალებები, რომელთა შესრულებაც გაგიჭირდათ, გაიხსენეთ როგორ გადაჭერით კონკრეტული პრობლემები.

გაეცანით იმ სფეროს, რომელშიც დასაქმება გსურთ. მაგალითად: თუ გასაუბრება რესტორნის ბრენდ მენეჯერის პოზიციას ეხება, ნახეთ როგორია საქართველოში (და არა მარტო) სარესტორნო ბიზნესის განვითარების ტენდენციები. გაიგეთ მეტი თქვენთვის საინტერესო კვების ობიექტებისა და მათი კონცეფციის შესახებ. ჩამოწერეთ არჩეულ რესტორნებს შორის კონკრეტულად რა მოგწონთ, რა არა და რას შეცვლიდით თქვენ რომ იქ მუშაობდეთ. შედეგად, თქვენს თავს უფრო თვითკომპეტენტურად იგრძნობთ და დამსაქმებელთანაც დამაჯერებელად ისაუბრებთ.

თანამედროვე დამსაქმებლები ისეთ თანამშრომლებს ეძებენ, რომლებსაც პასუხისმგებლობის ძლიერი გრძნობა აქვთ, კრიტიკულ სიტუაციაში გამოსავალს მარტივად პოულობენ და გადაწყვეტილებების მიღება დამოუკიდებლადაც შეუძლიათ. სწორედ ამ თვისებების წარმოჩენა უნდა შეძლოთ გასაუბრებაზე, ეს დამსაქმებლის კეთილგანწყობის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

ავტორი: სოფო ვასაძე

გაზიარება
[elfsight_social_share_buttons id='1']