საბავშვო ბაღის აღმზრდელი მარიკა ჩხიკვაძე: „ის, ვინც ადრეულ ასაკში ჭარბ ინტელექტს ფლობს, ფიზიკურად სუსტია“.

[elfsight_social_share_buttons id='1']

ბავშვები სკოლის ასაკამდე სოციალური ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს ნაწილობრივ საბავშვო ბაღების აღმზრდელების დახმარებით იძენენ. ვალდორფის ბაღის ერთ-ერთი აღმზრდელია მარიკა ჩხიკვაძე, რომელიც 17 წელია ამ საქმეს ემსახურება. აღზრდის მეთოდი, რომელსაც ის ბაღში იყენებს, ბავშვის ფსიქოლოგიაზე, გრძნობის ორგანოების განვითარებასა და სხეულის ფლობაზეა დამყარებული.

საბავშვო ბაღი

სახლი და ბაღი

-ცხოვრების პირველი შვიდი წელი პატარები ოჯახურ გარემოში ბევრ დროს ატარებენ, შესაბამისად, ბაღიც სახლის მსგავსად გვაქვს მოწყობილი – სათამაშო ოთახი და სამზარეულო ერთ სივრცეშია. ამიტომ საუზმის მომზადებაში ყველა ერთად მონაწილეობს. კვირაში ერთხელ ორცხობილებს აცხობენ, ვაშლსაც დამოუკიდებლად ჭრიან და მაგიდის დალაგებაშიც გვეხმარებიან. რასაც სახლში არ ჭამენ, იმას აქ, საკუთარი ხელით მომზადებულს გემრიელად მიირთმევენ.

საბავშვო ბაღისაბავშვო ბაღისაბავშვო ბაღისაბავშვო ბაღისაბავშვო ბაღისაბავშვო ბაღისაბავშვო ბაღი

აქტივობები

-კვირისა და წელიწადის რიტმს ვინარჩუნებთ და აქტივობებს ერთსა და იმავე დროს ვიმეორებთ. ეზოში 15-20 წუთით ნებისმიერ ამინდში გავდივართ, რადგან ბავშვები შიდა სივრცეში საკმარის ენერგიას ვერ დახარჯავენ. კვირაში ერთხელ კუს ტბაზე ავდივართ, შედეგად, პატარებს დიდი სივრცის აღქმის უნარიც უყალიბდებათ. ბევრნი როცა არიან, ხელიხელჩაკიდებულები დადიან და ერთმანეთზე ზრუნავენ.

განსაკუთრებულ დღეს, ე.წ. „ზეიმს“ ყოველწლიურად ვაწყობთ, სადაც მშობლებიც აქტიურად ერთვებიან. ნახატებს აკვარელით ვხატავთ, ვზეთავთ, ვკეცავთ და ლამპრებს ვაკეთებთ. ლამპრებში სანთლებს ვანთებთ და შემოდგომის ერთ სუსხიან დღეს გარეთ სასიმღეროდ გავდივართ, კოცონთან ვიკრიბებით და პატარა პურებსაც ვაცხობთ. ბავშვები პურებს ერთმანეთს ურიგებენ და ამ გზით ერთმანეთისთვის თავიანთი საკუთრების გაზიარებას სწავლობენ.

დაბადების დღეებზე „გამოვაცხოთ ხაჭაპური“ ვთამაშობთ და სხვადასხვა ამბავს ვყვებით. უცხოური თამაშებიც გვაქვს ქართულად ნათარგმნი. ძირითადად ისეთ თამაშებს ვთამაშობთ, სადაც ყველას აქვს მონაწილეობის შესაძლებლობა. გული მწყდება, რომ ისეთ თამაშებს, როგორიც „სახლობანაა“, ივიწყებენ, ახლა „ვარსკვლავთა ომებს“ ანიჭებენ უპირატესობას.

ქართული ზღაპრებიდან „ნახევარქათამას“, „რწყილი და ჭიანჭველას“ თუ „ნაცარქექიას“ ხშირად ვყვებით. ახალ ზღაპრებს სამი კვირის განმავლობაში ვიმეორებთ, რომ გარკვეული ეფექტი მოახდინოს. სამი კვირის შემდეგ ბავშვები ამ ზღაპრის ხატვას იწყებენ. ყოველი ნახატი ინდივიდუალურია და ერთმანეთისგან განსხვავდება. ილუსტრირებულ წიგნებსაც ვიყენებთ, რომლებიც ისეთი დაბეჭდილი და გაფორმებულია, რომ მათი დახევა ან დაზიანება არავის აზრად არ მოსდის.

ვალდორფის ბაღივალდორფის ბაღივალდორფის ბაღი

სათამაშოები

-გრძნობის ორგანოების განვითარებას დიდ ყურადღებას ვაქცევთ ((სმენა, შეხება, ყნოსვა და ა.შ.) , რადგან პატარები გარე სამყაროსთან ურთიერთობაში სწორედ გრძნობის ორგანოების დახმარებით შედიან. ბევრს ვმუშაობთ თითებით, მაგალითად, საძერწი ცვილით ფიგურებს ვქმნით და ხისგან სხვადასხვა ნივთს ვამზადებთ. სათამაშოები ჯობია, ბუნებრივი მასალისგან იყოს დამზადებული ისე, რომ მათი გაფუჭება არავინ არ ისურვოს. ხისა და ნაჭრის თოჯინები გვაქვს, რომლებსაც სახის მკვეთრად გამოყოფილი ნაკვთები არ აქვთ. მათი გაცოცხლება ფანტაზიის დახმარებით უნდა ხდებოდეს. თოჯინებს გააცინებენ, აატირებენ ან სხვა ემოციით წარმოიდგენენ – ეს შემოქმედებითობას ავითარებს.

კონფლიქტური სიტუაციები

-ბავშვებს მოკლე მეხსიერება აქვთ – დღეს რა გააკეთეს, ხვალ შეიძლება აღარ ახსოვდეთ, ამიტომ თუ რამეს დააშავებენ, ეს აუცილებლად უნდა ვაგრძნობინოთ. ბაღში თუ რამე გატეხეს, სახლში მიაქვთ და შეკეთებულს აბრუნებენ. რაიმე შემთხვევის დროს სიტყვა „არა უშავს“ ჯობია, არ გამოვიყენოთ, რადგან შემდგომში ალბათ სიფრთხილეს აღარ გამოიჩენენ. მაგიდიდან ჭიქა თუ გადმოუვარდებათ, ვთხოვ, რომ ნაჭერი მოიტანონ და თვითონ აწმინდონ. წესების დადგენა და შემდგომ მათი დაცვა აუცილებელია. ბაღში დამოუკიდებლად ალაგებენ, თუმცა სახლში – ნაკლებად. ეს იმიტომ ხდება, რომ სახლში წესები არ აქვთ. სანამ სკოლაში წავლენ, მათთან მორალზე საუბარი ძნელია, ამიტომ იუმორით ვცდილობ ურთიერთობას.

პატარები დასჯას არასოდეს იმსახურებენ. თუ ისინი რამეს აშავებენ, ეს მათი ბრალი არ არის – უფროსებმა უნდა იფიქრონ, რაში შეცდნენ და დამოკიდებულებაც შესაბამისად შეცვალონ. ბავშვები ზოგჯერ ჩხუბობენ, მაგრამ ვცდილობ, არ ჩავერიო. ზოგიერთი მათგანი ხედავს, რომ უფროსი ეხმარება და მის იმედად თავს აღარ იცავს. როცა დამოუკიდებლად შეთანხმებას ვერ ახერხებენ, ცალკე გამყავს და სკამზე ერთად ვსვამ. სკამზე როგორც კი აღმოჩნდებიან, მაშინვე შერიგებას იწყებენ. შეიძლება ერთმანეთისთვის რაიმეს დახატვა დავავალო – ესეც გამოსავალია.

ადამიანი სკოლამდელ ასაკში თუ არასწორად ჩამოყალიბდა, ზრდასრულ ასაკში ძალიან გაუჭირდება რამის გამოსწორება. ზოგიერთი მშობელი სხვადასხვა მეთოდით ცდილობს, რომ მისმა შვილმა რაც შეიძლება მეტი განათლება მიიღოს, მაგრამ გადაჭარბებული ცოდნა ფიზიკური განვითარებისთვის საზიანოა. ძირითადად ის, ვინც ადრეულ ასაკში ჭარბ ინტელექტს ფლობს, ფიზიკურად სუსტია. ეს იმის ბრალია, რომ ის ძალები, რომლებმაც ორგანიზმი უნდა ჩამოაყალიბოს, ინტელექტის განვითარებას ხმარდება. ექვს წლამდე სპორტზე სიარულიც არ არის მიზანშეწონილი, რადგან ორგანიზმი შეიძლება არაბუნებრივად განვითარდეს. პატარებმა ბევრი უნდა იმოძრაონ და ენერგია თამაშით დახარჯონ.

მე არ შემიძლია მშობლებს დამრიგებლური ტონით ვესაუბრო, საკუთარ შვილებთან როგორი ურთიერთობა აქვთ, ამაში მე ვერ ჩავერევი. თუ შევნიშნავ, რომ რომელიმე სევდიანია ან რაღაც აწუხებს, მშობელს ვეუბნები. მშობლებმა იციან, რომ რაზეც ვსაუბრობთ, ჩვენ შორის რჩება, ამიტომ თავისუფლად არიან და ღიად მესაუბრებიან. ბაღი არ არის ის ადგილი, სადაც შვილებს დატოვებენ და დანარჩენი მხოლოდ პედაგოგებს გვეხება. ვცდილობთ, მშობლებთან აქტიურად ვითანამშრომლოთ – ხშირად ვხვდებით ერთმანეთს და პრობლემურ თემებზე ვმსჯელობთ.

ტექნიკა

-ბევრს ვსაუბრობ იმაზე, რომ კომპიუტერს, ტელეფონს თუ ტელევიზორს მოარიდონ შვილები, რადგან ფანტაზიის უნარის განვითარებას ხელს უშლის. კეთილი მულტფილმებიც კი ზოგჯერ ცუდ კვალს ტოვებენ. თუ მულტფილმში, მაგალითად, ვინმესთვის ჩაქუჩის ჩარტყმა უმტკივნეულოდ ხდება, ცხოვრებაში ეს, რა თქმა უნდა, უკვალოდ არ ჩაივლის. შედეგად, ზოგიერთი ბავშვი რეალური სამყაროს აღქმის უნარს კარგავს. მეორე მხრივ, ტექნიკის წართმევა არ შეიძლება – მათ სხვა ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ, რომ ხელები და საკუთარი ფანტაზია აამოქმედონ. ძერწვა, ქარგვა, ხატვა ან ზღაპრის მოყოლა კარგი ალტერნატივაა.

სასკოლო ასაკი

-სასკოლო ასაკისთვის სხეული დახვეწილ ფორმებს იღებს. ამ ასაკში წონასწორობისა და შეხების გრძნობა განსაკუთრებით ვითარდება – ბურთის აგდება, დაჭერა, ასკინკილით გავლა-გამოვლა, თასმის შეკვრა და წინადადებების ერთმანეთზე თავისუფლად გადაბმა მარტივად შესაძლებელი ხდება. ამ ყველაფერს თამაშის დროს სწავლობენ. ბავშვები თამაშს სხვა ყველაფერზე უფრო მეტ დროს უნდა უთმობდნენ და ამაში ჩვენ მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ.

საბავშვო ბაღში შერეული ასაკობრივი ჯგუფების დადებითი მხარე ის არის, რომ დამოუკიდებლობას ეჩვევიან და სკოლაში პირველივე დღიდან ადაპტირება არ უჭირთ. 5-6 წლის ვინც არის, იმათ დიდებად მიიჩნევენ – ისინი სხვადასხვა პრივილეგიითაც სარგებლობენ. მათზე უმცროსები დიდების მაგალითზე სწავლობენ და სასკოლო ასაკის დადგომას მოუთმენლად ელოდებიან.

ავტორი: ირაკლი შალამბერიძე

Foster

გაზიარება
[elfsight_social_share_buttons id='1']