საბავშვო სპექტაკლები, რომლის ნახვაც საახალწლო დღესასწაულზეა შესაძლებელი

[elfsight_social_share_buttons id='1']

ახალი წლის დღესაწაულზე, თბილისის თეატრები მაყურებლებისათვის ყოველთვის განსაკუთრებით ემზადებიან. შემეცნებ-გასართობი სპექტაკლები თეატრების რეპერტუარში უკვე ტრადიციად იქცა:

„თოვლის დედოფალი“ – ილიაუნის თეატრში 25 დეკემბერი – 19 იანვარის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი. რეჟისორ კახაბერ შარტავას ვერსიაში, მეგობარი გერდას გადასარჩენად, რომელიც თოვლის დედოფალმა ყინულის სასახლეში გამოკეტა, ხიფათით აღსავსე გზას კაი დაადგება და არა პირიქით, როგორც ეს ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპარშია. ამ გზაზე კაი ბევრ ახალ მეგობრებს გაიჩენს და საბოლოოდ ისევე როგორც ყველა ზღაპარს, მასაც კეთილი ბოლო აქვს – მეგობრობა და სიყვარული გაალღობს გაყინულ გულს და გერდა სახლში დაბრუნდება.

„შობა ტიფლისში“ – რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე 3 იანვრიდან 15 იანვარის ჩათვლით გათამაშდება. რობერტ სტურუასა და ნიკოლოზ ჰაინე – შველიძეს სპექტაკლში, მაყურებელი ძველსა და თანამედროვე თბილისში იმოგზაურებს. ძველი თბილისის სურათებთან ერთად, სცენაზე გათამაშდება ნოველები, ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები იმ ვოდევილებიდან და სპექტაკლებიდან, რომლებიც სხვადასხვა დროს სრულდებოდა რუსთაველის თეატრის სცენაზე.

მიუზიკლზე „ურჩხული და ლამაზმანი“  მოზარდ მაყურებელთა თეატრში დასწრება 27 დეკემბერიდან – 7 იანვარის ჩათვლით არის შესაძლებელი. პროექტის ავტორი ლევან გვაზავაა, ხოლო სპექტაკლის რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი. მომხიბვლელი ახალგაზრდა პრინცი, ყველას მიმართ მკაცრი და უხეში იყო. ამიტომ, ის დაწყევლეს და სიცოცხლის ბოლომდე ურჩხულად აქციეს. პრინცი საკუთარი იერსახის დაიბრუნებას, მხოლოდ ორმხრივი სიყვარულის შემთხვევაში შეძლებს. ზღაპარი მოგვითხრობს, რომ ადამიანის სილამაზე მხოლოდ გარეგნობით არ გამოიხატება – შინაგანი სამყარო და პიროვნული მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია. საბედნიეროდ, პრინცსა და მის სასახლეს გამოუჩნდება „მხსნელი“ და  ყველაფერს პირვანდელი სახე დაუბრუნდება.

გრიბოედოვის თეატრის საახალწლო პროგრამა 28 დეკემბრიდან – 12 იანვრის ჩათვლით გრძელდება, სპექტაკლებს დღეში ორჯერ 12:00 და 15:00 საათზე წარმოადგენენ. მათ შორისაა: „კარლსონის თავგადასავალი“, „ფრთები ნამცეცასთვის“, „მაუგლი“, „მოროზკო“, „ზღაპარი სალთან მეფეზე“ და „საშობაო ზღაპარი“. ხოლო 30 დეკემბერს რეჟისორ გია კიტიას სპექტაკლის „ბურატინო“ პრემიერა შედგება.

ახმეტელის თეატრში საახალწლო წარმოდგენები 2 იანვრიდან-13 იანვრის ჩათვლით გაიმართება. სპექტაკლებზე კონკია“ და „თოვლის დედოფალი“ რეჟისორმა ლაშა გოგნიაშვილმა იმუშავა. „კონკია“ – წარმოდგენა  ზღაპრული დეკორაციითა და კოსტიუმებით , პატარების საყვარელი გმირებით კიდევ ერთხელ ამოგზაურებს მაყურებელს სიკეთისა და ბოროტების ჯადოსნურ სამყაროში.

გამბედავი გერდა, დაბნეული კაი, გულცივი თოვლის დედოფალი, ენერგიული ყაჩაღები, კეთილი ირემი, ნაზი პრინცესა, რომანტიკოსი მეფე, შეყვარებული ყვავები – ამ პერსონაჟებს ახმეტელის თეატრის სცენაზე სპექტაკლიდან „თოვლის დედოფალი“ გაიცნობთ. ცნობილი დანიელი მეზღაპრის ჰანს ქრისტიან ანდერსენის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ზღაპარს, ახმეტელის თეატრი განსხვავებულ და საინტერესო ინტერპრეტაციას გვპირდება.

დაბოლოს, 28 დეკემბრიდან პატარებისთვის საყვარელი ქართული ანიმაციური პერსონაჟი – ჟირაფი ჟოზე პირველად შეხვდება მის პატარა მეგობრებს თუმანიშვილის თეატრში. 28 დეკემბრიდან – იანვრის ბოლომდე, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში, დღეში სამჯერ ჩატარდება სპექტაკლი „ახალი წლის ჯადოსნური – ღამე ჟირაფ ჟოზესთან ერთად“, (პიესის ავტორი – ირაკლი სამსონაძე, რეჟისორი – გიორგი მარშანია). სპექტაკლში, ჟირაფი ჟოზე მაყურებელთან ერთად იმოგზაურებს ზღაპრულ სამყაროში. ჟირაფსა და მის მეგობრებს ერთად მოუწევთ გააერთიანონ საკუთარი სიყვარული, რათა ხელი შეუშალონ დროის გაჩერებას და გადაარჩინონ ახალი წელი.

თქვენ და პატარებს მხიარულ განწყობას, საინტერესო და შემეცნებითად დატვირთულ დღეებს გისურვებთ!

ავტორი: ანა კალანდაძე

გაზიარება
[elfsight_social_share_buttons id='1']