საგანმანათლებლო სივრცის მოწყობა საბავშვო ბაღში

[elfsight_social_share_buttons id='1']

იმ საბავშვო ბაღებში, სადაც საგანმანათლებლო სივრცის მოწყობისას საერთაშორისო სტანდარტები გაითვალისწინეს, ბავშვები პოზიტიურ განწყობას მთელი დღის განმავლობაში ინარჩუნებენ. ასეთ საბავშვო ბაღებში პირველ რიგში ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ფიზიკური გარემოა შექმნილი, რაც ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური განვითარებისთვის აუცილებელია. პედაგოგი ხშირად საკუთარ პროგრამას ფიზიკურ გარემოსაც არგებს, თუმცა აუცილებლად სტანდარტების გათვალისწინებით, მაგალითად, ზოგიერთ ბაღში ჯგუფებს კლასებს ეძახიან, ზოგჯერ ჯგუფში სხვადასხვა ასაკის აღსაზრდელები არიან, ანდა საერთო სივრცე ნაწილებად არის დაყოფილი და ა.შ.

ბაღის ასაკში ბავშვებს განსაკუთრებით უვითარდებათ მოტორული უნარები, თუმცა მათი განვითარების პროცესი კომპლექსურია და სხვა მიმართულებებსაც მოიცავს (მაგ., ფსიქოემოციურს, ფსიქოსოციალურს, კოგნიტურს და სხვ.). შესაბამისად, საბავშვო ბაღებში საერთო სივრცე ისეა მოწყობილი, რომ აღსაზრდელებმა დინამიკურად გადაადგილება შეძლონ. ბაღის საერთო სივრცეში ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც კედელზე თუ სხვაგან არის განთავსებული, ფუნქციური შინაარსისაა და ადვილად აღსაქმელია, ამიტომ ბავშვები იოლად იყენებენ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ოთახში განთავსებული მითითებებისა და მინიშნებების საშუალებით პატარები დღის განმავლობაში ორიენტირებას პედაგოგის დახმარების გარეშეც ახერხებენ.

ბაღში საგანმანათლებლო გარემო უმჯობესია, რომ  მობილური იყოს, შედეგად, ბავშვებს ადაპტური უნარები განუვითარდებათ და სხვადასხვა გარემოში ინტეგრაციას უკეთ შეძლებენ. ასევე სასურველია საგანმანათლებლო სივრცის  ორი მხრიდან დღის შუქით განათება და კედლების „თბილი“ და „მშვიდი“ ფერებით შეღებვა. ინტერიერისთვის საჭირო ნივთები ბუნებრივი მასალებისგან მზადდება, რადგან ბავშვები სხვადასხვა ნივთს ხელით ხშირად ეხებიან, პირში იდებენ ან ძირს აგდებენ ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით.

ნინუ კიკნაველიძე, ნიუტონის თავისუფალი სკოლის სკოლამდელი განათლების პროგრამების ხელმძღვანელი: „ისეთი შენიშვნები, როგორიც არის: „არ დაიჭირო“, „არ შეეხო“, „არ ჩაიდო“… ბავშვების შემეცნების პროცესს აფერხებს. ბევრი აკრძალვა ახსნა-განმარტებისა და ალტერნატივის შეთავაზების გარეშე არ შეიძლება. თუ ბავშვს რაღაცას გამოვართმევთ, სხვა ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ“.

სათამაშოების დახმარებით ბავშვებში კონკრეტული უნარები ვითარდება. ეს შეიძლება იყოს ნატიფი მოტორული ან წინარე აკადემიური უნარები (მაგ., ციფრებით გამოთვლა). სათამაშოები ოთახში ხელმისაწვდომ და თვალსაჩინო ადგილას თავსდება, რომ ბავშვმა მისი დანახვა და საჭიროებისამებრ აღებაც შეძლოს. თუმცა არის ისეთი ნივთებიც (მაგ., სახატავი საშუალებები), რომლებიც კარადაში ან უჯრაში ინახება, რადგან პროგრამის მიხედვით ამ კონკრეტული მასალის გამოყენებისთვის განსაზღვრული დრო არის შერჩეული. ინტერიერში სხვადასხვა საგნის გადანაწილებით ბავშვები დამოუკიდებლად ხვდებიან და არეგულირებენ, რა დროს რა სჭირდებათ. 5-6 წლის ასაკში კი ისინი იატაკიდან მაგიდებთან გადაინაცვლებენ და ინტელექტუალურ სამაგიდო თამაშებსაც იწყებენ.

სივრცის მოწყობა სახლის პირობებში

უკეთესია, თუ ბავშვს სახლში საკუთარი ოთახი ექნება, რომელიც სხვადასხვა სივრცედ დაიყოფა (მაგ., სათამაშო, საძინებელი, სასწავლო, ფუნქციური  (კარადა, სარკე და ტანსაცმელი), ჰიგიენური (ადგილი გასარეცხი ტანსაცმლის კალათისთვის) და ა.შ.). ბავშვები საკუთარ ოთახში წესრიგს მაშინ არ იცავენ, როცა დიდები არ ვართ თანმიმდევრულები და დალაგებას სათანადო მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. როდესაც ჩვენ, უფროსები, სისტემატურად შევთავაზებთ მათ მოწესრიგებულ გარემოს, დავეხმარებით, მივუთითებთ, ჩავერევით დალაგების პროცესში, ვაჩვენებთ პატარებს, რომ მოწესრიგებული გარემო არა მხოლოდ მათთვის, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, ისინი დამოუკიდებლადაც შეეცდებიან საკუთარი სივრცის მოწესრიგებას.

ავტორი: ირაკლი შალამბერიძე

Foster

[elfsight_social_share_buttons id='1']