სანდრო ასათიანი: „პედაგოგებმა განათლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირება უნდა შეძლონ“

[elfsight_social_share_buttons id='1']

სანდრო ასათიანმა თბილისის სამხატვრო აკადემიში სწავლების შემდეგ, მაგისტრის ხარისხი ფლორენციაში მიიღო. ის პროფესიით პროგრამისტი, დეველოპერი, საბავშვო მწერალი და ილუსტრატორია, ამჟამად ჯეოლაბს ხელმძღვანელობს.

„ინტერნეტი განათლების მიღების უდიდესი რესურსია, ამიტომ სახელმძღვანელოს წიგნად გამოცემის საჭიროება დროთა განმავლობაში მცირდება. ადრე ბიბლიოთეკებში დადიოდნენ და წიგნებთან ბევრ დროს ატარებდნენ, ახლა კი მულტიმედია შესაძლებლობები გაჩნდა, რაც ხელს გვიწყობს, ცოდნას სახლიდან გაუსვლელად, კომპიუტერის დახმარებით დავეუფლოთ. ადრე მშობლები შვილებისთვის წიგნებს და სათამაშოებს ყიდულობდნენ, ახლა კი დადგა დრო, როცა სასწავლო აპლიკაციებს არჩევენ. ისეთი აპლიკაციები, როგორიც არის: „ქართული ანბანი“, „მათემატიკური ბუშტები“, „დაახარისხე და გადაამუშავე“, „ჯიუტი თხები“ და სხვა, ბავშვებისთვის შეიქმნა, რათა მათ განათლების მიღება კომპიუტერის დახმარებით შეძლონ.

უმბერტო ეკოს სტატიაში – „გუტენბერგიდან აინშტაინამდე“ – წერია, რომ ეგვიპტის ფარაონთან მისულა ეგვიპტური ღვთაება ტოტი, რათა თავისი ახალი მიგნების – დამწერლობის შესახებ ემცნო. ფარაონს უთქვამს, ეს რა გიქნია, ახლა ხალხი ყველაფერს ჩაიწერს და არაფერს დაიმახსოვრებსო. ფაქტია, რომ ადამიანების განვითარებას დამწერლობამ ხელი ვერ შეუშალა. ჩემი რწმენით, განვითარებას ვერც თანამედროვე ტექნოლოგიებმა შეუშალა ხელი, პირიქით, ახალი პერსპექტივები გაჩნდა.

საუბრობენ იმაზეც, რომ შეიძლება პედაგოგის აუცილებლობა გაქრეს, თუმცა ამის საშიშროება ჯერ არ გვემუქრება. არსებობს ტერმინი – ფარული კურიკულუმი, რაც ადამიანური ღირებულებების ერთი ადამიანიდან მეორეზე გადაცემას ნიშნავს. ყველას გვამახსოვრდება კარგი მასწავლებელი, რომელიც ჩვენთვის სამაგალითოც გამხდარა. ამ გრძნობას რობოტი ან კომპიუტერი ვერასოდეს შეცვლის. გარდა ამისა, მოსწავლეებს სჭირდებათ ავტორიტეტი, ვისი დახმარების გარეშეც განათლების მიღება უჭირთ. პედაგოგებმა უნდა შეძლონ განათლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირება, ეს მათი მუშაობის პროცესს საგრძნობლად გაამარტივებს და უფრო საინტერესოსაც გახდის“.

Foster

გაზიარება
[elfsight_social_share_buttons id='1']