ქიმია – შემოქმედებითი საქმიანობა ლაბორატორიაში

[elfsight_social_share_buttons id='1']

ქიმია საბუნებისმეტყველო საგნებს შორის ერთ-ერთია, რომელიც გარდა თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნისა, შემოქმედებით უნარებსა და ინტუიციას საჭიროებს. ნიჭიერი მოსწავლეები საქართველოდან ასეთი უნარების ამაღლების მიზნით კვლევებს ატარებენ, საგრანტო პროექტებში მონაწილეობენ და ოლიმპიადებშიც იმარჯვებენ.

საერთაშორისო ოლიმპიადები, სადაც მოხვედრა ეროვნულ ოლიმპიადაში გამარჯვების შემთხვევაშია შესაძლებელი, მხოლოდ სკოლის მოსწავლეებისთვის ტარდება. ოლიმპიადაზე გამარჯვება საკმაოდ პრესტიჟულია, ის თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება. თეორიულ ნაწილში მოსწავლეებს ამოცანათა კრებულის გაანალიზება ევალებათ, ხოლო პრაქტიკულ ნაწილში ცდებს ატარებენ (მაგ: ორგანული ნივთიერების მიღებას ცდილობენ). გამარჯვება, ცოდნის გარდა, დროის სწორად გამოყენებაზეც არის დამოკიდებული. საერთაშორისო ოლიმპიადის ორჯერ გამარჯვებულია დავით რიჟინაშვილი, რომელიც ამ ეტაპზე აგრარულ უნივერსიტეტში სწავლობს.

მოსწავლეები სკოლაში, ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაზე პრაქტიკულ სამუშაოებში ხშირად ერთვებიან. სკოლაში მარტივ ცდებს ატარებენ, ხოლო უნივერსიტეტში უმეტესად მოლეკულების სინთეზზე მუშაობენ. რეგიონის სკოლებში ცდების ჩატარებას ვერ ახერხებენ, რადგან იქ ლაბორატორიები საერთოდ არ აქვთ და, შესაბამისად, პედაგოგები საკმარის კომპეტენციასაც ვერ ფლობენ. ზოგიერთ რეგიონში სკოლის მასწავლებლების გადამზადება პორტატული ლაბორატორიების დახმარებით ხდება, რომელიც პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის დახმარებით სხვადასხვა სასწავლებელში ჩააქვთ.   

სამწუხაროდ, საქართველოს ლაბორატორიებში კვლევებისთვის ყველა საჭირო დანადგარი არ აქვთ (მაგ: ულტრაიისფერი სპექტროსკოპი, ფლურესცენტული მიკროსკოპი, რენტგენოკრისტალური სტრუქტურის დამდგენი და სხვ.), რადგან მათი შეძენა სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული. ამიტომ ჩვენთან მსოფლიო მნიშვნელობის კვლევები ნაკლებად ტარდება. საბედნიეროდ, არიან მცირე რაოდენობით წარმატებული ქართველი ქიმიკოსები, რომლებიც კვლევებისთვის გრანტებს იღებენ, მეცნიერულ მიგნებებს საზღვარგარეთ აპატენტებენ და დიდი ჰონორარის სანაცვლოდაც ყიდიან. მაგალითად, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი რამაზ ქაცარავა ე.წ. ხელოვნური კანის (CAREDERM) შემქმნელია, ის ჭრილობის შეხორცებისთვის გამოიყენება.

საქართველოში სწავლების დამთავრების შემდეგ ქიმიკოსების უმეტესობა მუშაობას ფარმაცევტულ საწარმოებში იწყებს, თუმცა ბევრი მათგანი ბიზნესის სხვა სფეროებშიც აგრძელებს საქმიანობას. ლაბორანტებს ყველაზე დაბალი ანაზღაურება – თვეში საშუალოდ 500 ლარი აქვთ, ხოლო მთავარი ტექნოლოგების ხელფასი რამდენიმე ათასზეც ადის. ჩვენი ქვეყნის მასშტაბით 200-მდე საწარმოა, სადაც ქიმიკოსებს დასაქმება შეუძლიათ, მაგრამ იქ სტაჟიორ სტუდენტებს იშვიათად შეხვდებით – ძირითადად მაღალკვალიფიციურ კადრებს ეძებენ.

ავტორი: ირაკლი შალამბერიძე

Foster

[elfsight_social_share_buttons id='1']