თათა ჭანტურია: „მასწავლებელს ნებისმიერი რამ შეუძლია ეფექტურ სასწავლო რესურსად აქციოს“

[elfsight_social_share_buttons id='1']

თანამედროვე განათლების სისტემაში, მოსწავლეებში გამჭოლი კომპეტენციების დროულად ჩამოყალიბება და განვითარება მნიშვნელოვანია. კარგად სწავლისთვის აუცილებელია ისეთი უნარები, როგორიც არის ჯგუფში მუშაობის უნარი, კომუნიკაბელურობა, აქტიურად სმენის შესაძლებლობა და ა.შ. სწავლისთვის საჭირო უნარების ჩამოყალიბება სკოლამდელი ასაკიდან იწყება.

კომპეტენციების ჩამოყალიბება

სასკოლო განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური არსებობს, თუმცა როგორც წესი მასწავლებლები, მოსწავლეების პრობლემებზე რეაგირებას, საბაზო და საშუალო საფეხურზე იწყებენ. პრობლემები კი (ცოდნის მიღების პრობლემა, ქცევის მართვის პრობლემა და ა.შ.) ძირითადად დაწყებით კლასებში ჩნდება, როდესაც მათ სათანადო ყურადღებას არ უთმობენ. გამჭოლი კომპეტენციების განვითარება პატარა ასაკიდან, ელემენტარული დავალებებითა და თამაშებით იწყება. ნაბიჯ-ნაბიჯ შეგვიძლია განუვითაროთ ბავშვებს ისეთი უნარები, როგორიც არის: ინსტრუქციაზე რეაგირება, კოლაბორაცია, აქტიური მოსმენა, აზრის ფორმულირება, დროის მართვა, შემოქმედებითობა, საკითხზე კონცენტრაცია და ა.შ. ზოგჯერ ბავშვი არასწორად/სხვაგვარად ასრულებს ჩვენ მიერ მიცემულ დავალებას, რასაც მის უყურადღებობას ვაბრალებთ, თუმცა ხშირად ეს უფროსის მიერ მიცემული არასწორი ინსტრუქციის ბრალია. თუ ინსტრუქცია მკაფიო, კონკრეტული და ყველა საჭირო ნიუანსით (არა ზედმეტი დეტალიზაციით) ჩამოყალიბებული იქნება, პრობლემაც თავს ნაკლებად გამოიჩენს.

მასწავლებლის ოსტატობა, იმაშიც მდგომარეობს, რომ პატარებში სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით, აქტივობები ხშირად ცვალოს. მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები და აქტივობებიც მათთვის აქტუალურ საკითხებს მოარგოს. თუ მასწავლებლები ბავშვში მოსმენის უნარის განვითარებას ვცდილობთ, თავადაც უნდა ვიყოთ კარგი მსმენელები. ვაგრძნობინოთ მათ, რომ თითოეული მათგანის აზრი (მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არა), ჩვენთვის საინტერესოა.

სწავლების მეთოდოლოგია

მასწავლებელს ნებისმიერი რამ შეუძლია ეფექტურ სასწავლო რესურსად აქციოს. ეს შეიძლება იყოს წარწერა ბილბორდზე, იუთუბის ვიდეო, პოსტი სოციალურ ქსელში, აფიშა, მენიუ, დღიურის ჩანაწერი თუ სხვა. რაც უფრო მრავალფეროვანი და „მოულოდნელია“ სასწავლო რესურსი, მით უფრო შემოქმედებითი და თანამედროვეა გაკვეთილი, შესაბამისად მოსწავლეებიც მეტად ჩართულნი არიან. თუ გვინდა, რომ მოსწავლეებს ესა თუ ის უნარი განვუვითაროთ, მათ პრაქტიკულად უნდა შევასრულებინოთ დავალება. იქნება ეს ინფორმაციის მოძიება, ფოტოს გადაღება, ინტერვიუს აღება, რაიმეზე დაკვირვება, მაკეტის დამზადება და სხვა. „სწავლა კეთებით“ არის მიდგომა, რომელიც ყოველთვის ნაყოფიერად „მუშაობს“. ბავშვების წინარე ცოდნაც არ უნდა დაგვავიწყდეს და ახალი ცოდნა სწორედ ამას დავაშენოთ.

შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი დანაშაულიცაა,  თუ სკოლაში პირველად მოსულ, მოლოდინებით აღსავსე პატარა ადამიანებს მხოლოდ სახელმძღვანელოებით და თეორიული ლექციებით სავსე გარემოს დავახვედრებთ.  ინტერნეტსა და გაჯეტებს, შეუძლებელია და არც არის საჭირო თავი ავარიდოთ. მედიაწიგნიერებისა თუ წიფრული წიგნიერების უნარები ის გამჭოლი კომპეტენციებია, რომლებიც ბავშვებს სკოლამდელი ასაკიდანვე ძალიან განვითარებული აქვთ. მასწავლებლის მიერ სასწავლო მიზნისკენ მათი სწორად მიმართვის შემთხვევაში, სწავლის პროცესი გაცილებით პროდუქტიული, ინტერაქციული და სახალისო ხდება.

პროექტული სწავლება

ბავშვებს ხშირად უჩნდებათ ხოლმე კითხვა: „ამას რატომ ვსწავლობ?“, „რაში მჭირდება?“. პროექტული სწავლება კარგი საშუალებაა ამ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად. მაგალითად, თუ ბავშვებს კლასის ექსკურსიის დაგეგმვას დავავალებთ და ამას ვაქცევთ პროექტად, ისინი პრაქტიკულ მაგალითზე დაინახავენ, რომ გეოგრაფიის ცოდნა მარშრუტის გასაწერად დასჭირდებათ, მათემატიკური წიგნიერება ექსკურსიის ბიუჯეტის შესადგენად და სხვ. ამ ტიპის აქტივობისას მოსწავლეები სწავლობენ გადაწყვეტილების მიღებას, გუნდურ მუშაობას, სხვისი აზრის მოსმენას და საკუთარი მოსაზრების ფორმულირებას, დისკუსიას, დროის მენეჯმენტს და თვითმონიტორინგს, ლიდერობას, კრეატიულობას და ა.შ. მიმაჩნია, რომ სკოლები რომელიმე ინსტიტუციისგან (მაგ: სამინისტროსგან) კი არ დაელოდონ მითითებას პროექტის განხორციელების თაობაზე, არამედ ჰქონდეთ თავისუფლება, რომ თავად შეარჩიონ პროექტის თემატიკა და დამოუკიდებლად აიღონ პასუხისმგებლობა პროექტების განხორციელებაზე.

მაგალითად, ერთერთი პროექტის ფარგლებში, რომელსაც ამ ეტაპზე ვახორციელებთ, საბაზო საფეხურის მოსწავლეები TED-ის ტიპის ღონისძიების ჩატარებას გეგმავენ. მოხსენებების თემატიკა თავად ბავშვებმა მოიფიქრეს და მიმაჩნია, რომ უაღრესად აქტუალური და საჭიროა – ურთიერთობა თანატოლებს შორის. ქვეთემები კი იქნება: ჩემი და სხვისი თავისუფლება, ბულინგი, ინდიფერენტულობა, თანასწორობა და ა.შ. მოსწავლეები ამ თემებზე მოხსენებებს მოამზადებენ და აუდიტორიის წინაშე  წარსდგებიან. ცხადია, ეს ყველაფერი პროექტის ინიციატორ მასწავლებელთა ფასილიტაციითა და მხარდაჭერით მოხდება. ვფიქრობ, ეს პროექტი საინტერესოა, ერთი მხრივ, იმით, რომ მოსწავლეები ბარიერს გადალახავენ და ისაუბრებენ მათ თაობაში ე.წ. ტაბუდადებულად მიჩნეულ თემებზე, მეორე მხრივ კი, გამოიმუშავებენ ისეთ ფუნდამენტურ უნარებს, როგორებიცაა აზრის ზეპირად და წერილობით ფორმულირების უნარი, მოსმენის უნარი, აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის უნარი და სხვა.

გაკვეთილი

სასურველია, საკლასო ოთახი იმგვარად გვქონდეს მოწყობილი, რომ საგაკვეთილო პროცესის მრავალგვარად ორგანიზების საშუალებას იძლეოდეს. 45 წუთის განმავლობაში ბავშვები ერთი და იმავე საქმით არ უნდა იყვნენ დაკავებულნი. გაკვეთილის პროცესში ბავშვებს შეიძლება ზოგჯერ ადგომა, იატაკზე დაჯდომა ან ჯგუფში მუშაობა მოუწიოთ. დიფერენცირებული სწავლება თანამედროვე სკოლის განუყოფელი ნაწილია. ეს გულისხმობს, რომ სხვადასხვა დავალების შესრულებისას მასწავლებლები, სასწავლო მიზნის მიხედვით, სხვადასხვაგვარად დავაჯგუფებთ ხოლმე მოსწავლეებს. ზოგჯერ ჰომოგენურ ჯგუფებს ვქმნით და მსგავსი უნარების მქონე ბავშვებს ერთად მოვაქცევთ, ზოგჯერ კი ჯგუფები ჰეტეროგენულია და დავალებას ერთად სხვადასხვა დონის მოსწავლეები ასრულებენ. რასაკვირველია, დაჯგუფებისას არ უნდა მოხდეს არავითარი მინიშნება, რის მიხედვით არიან ბავშვები დაჯგუფებულნი. ჯგუფური მუშაობა შესანიშნავი საშუალებაა, ბავშვებს დავეხმაროთ იმის გაცნობიერებაში, რომ გუნდში ყველას როლი თანაბრად მნიშვნელოვანია და მისი წევრობა პასუხისმგებლობას ნიშნავს.

ბევრჯერ შემიმჩნევია და დავრწმუნებულვარ, რომ მოსწავლეები ერთმანეთს გაცილებით უკეთ ასწავლიან, განუმარტავენ და ეხმარებიან, ვიდრე ამას მასწავლებლები ვაკეთებთ. ძალიან ხშირად ბავშვებს სრულიად უნიკალური ცოდნის მიღების თუ ახსნის მარტივი ხერხები აქვთ მიგნებული და იოლად უზიარებენ მას მეწყვილეს. ამიტომ მივცეთ მათ ამ გაზიარების, დახმარების, კოლაბორაციის, ცოდნის, უნარებისა თუ დამოკიდებულებების ერთმანეთისათვის გადაცემის საშუალება.

ძალზე სახიფათოა ბავშვებისთვის „იარლიყების“ მიკერება. ეს ადვილად ხდება და როგორც წესი, მათი მოშორება ძალზე რთული ან სულაც შეუძლებელია. როგორც წესი, მოსწავლეთა საქციელის ნეგატიურ შეფასებებს მასწავლებლები ვერიდებით ხოლმე, განსაკუთრებით საჯაროდ. თუმცა არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ნეგატიურთან ერთად პოზიტიური დისკრიმინაციაც არსებობს. მაგალითად, თუ რომელიმე მოსწავლეს გამოვარჩევთ რაიმე ნიშნით (კარგი სწავლა, კარგი ხასიათი და სხვა) და დანარჩენებს ხშირად მივუთითებთ, რომ მას მიჰბაძონ, ადვილი შესაძლებელია, რომ ეს მოსწავლე პოზიტიური დისკრიმინაციის მსხვერპლად იქცეს.

მშობლების ჩართულობა

ოჯახის ჩართულობა და სკოლასთან თანამშრომლობა, ბავშვის სწორად განვითარებისათვის არსებითად მნიშვნელოვანია. რასაკვირველია, ჩართულობა მხოლოდ კრებასა და ზეიმზე სიარულს არ გულისხმობს. გარდა კლასგარეშე აქტივობებისა, როგორიცაა, მაგალითად, კინოში, თეატრში, ექსკურსიაზე ან პიკნიკზე ერთად წასვლა, მშობელთა ჩართულობის კომპონენტი ძალიან იოლად შეგვიძლია სასკოლო გარემოშიც გავააქტიუროთ. მაგალითად, მოვიწვიოთ მშობლები და შევთავაზოთ, წიგნებიდან თავიანთი საყვარელი საბავშვო ტექსტები წაუკითხონ ბავშვებს ან მარტივ ენაზე უამბონ თავიანთი პროფესიის შესახებ. ასეთი შეხვედრები ინტერაქციულია და ორივე მხარე აქტიურად არის ჩართული.

სკოლასა და ოჯახს შორის მედიატორი მასწავლებელია. ამიტომ, ბავშვის ჰარმონიული თუ სწორი განვითარებისათვის სკოლისა და ოჯახის თანამშრომლობა აუცილებელია. თითოეული მშობელის მიმართ განსაკუთრებული სიფაქიზე და ინდივიდუალური მიდგომა გვმართებს.

შემოქმედებითობა

სასწავლო პროცესი ხდება ასმაგად საინტერესო და მრავალფეროვანი, როდესაც მასწავლებელი მას შემოქმედებითად უდგება. ამისათვის დიდი მატერიალური რესურსი თუ ტექნიკური აღჭურვილობა სულაც არაა საჭირო – ფანტაზია, ენთუზიაზმი და გამბედაობა საკმარისია. არის ასეთი ძალიან საინტერესო და ჭკვიანი ადამიანი, ალან კროუფორდი, რომელიც  წიგნიერების ექსპერტია და დღეს სხვადასხვა ქვეყანაში მასწავლებლებს საინტერესო გაკვეთილების დაგეგმვასა და ჩატარებაში ეხმარება. თავის დროზე ისიც მასწავლებელი იყო. წლების წინ, როცა ასწავლიდა, უნდოდა კლასში განსაკუთრებული კუთხე შეექმნა, სადაც ბავშვებს მყუდროდ მოთავსება და წიგნების წაკითხვა მოუნდებოდათ. ამისთვის მატერიალური რესურსი არც მას და არც სკოლას გააჩნდა. ამიტომ, სახლიდან სკოლაში ძველი თუჯის აბაზანა მიიტანა, კლასის კუთხეში დადგა, ბალიშებით გაავსო და თქვა, აქ ჩაწოლის უფლება მხოლოდ მას ექნება, ვისაც გულისყურით წაკითხვა მოუნდებაო. ცხადია, იმ დღის შემდეგ ის აბაზანა ყოველთვის სავსე იყო მკითხველი ბავშვებით. ეს ამბავი ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, როგორ შეიძლება შემოქმედებითმა ადამიანმა მინიმალური რესურსის დახარჯვით, სასწავლო პროცესი საინტერესოდ და სახალისოდ გადააქციოს.

ავტორი: თათა ჭანტურია

Foster

[elfsight_social_share_buttons id='1']